ავტორი: სალომე აბრამიშვილი
რიწის ტბა და მიმდებარე ტერიტორია აფხაზეთის ტურისტულ მექად ჩამოყალიბდა. საბჭოთა ლიდერების ერთ-ერთი საყვარელი დასასვენებელი ადგილი დღესაც გამორჩეულად მოსწონთ რუს ტურისტებს. „რიწის რელიქტური ეროვნული პარკი“ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლებისთვის აფხაზური ტურიზმის სიმბოლო და შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა, ამიტომაც მას აფხაზეთის ტურისტულ ინდუსტრიაში განსაკუთრებული ადგილია უკავია.
ყველაზე ღრმა ტბა საქართველოში
რიწის ტბა ზღვის დონიდან 884 მეტრ სიმაღლეზე, აფხაზეთში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. ტბის ქვაბული გაგრის ქედის სამხრეთ-აღმოსავლეთ კალთიდან ჩამოქცეული კლდეზვავით, მდინარე ლაშიფსის დაგუბების შედეგად წარმოიშვა. რიწის ტბა საქართველოში ყველაზე ღრმა ტბაა. მისი აუზის ფართობი 154 კმ²-ია, ხოლო მაქსიმალური სიღრმე 101 მ. ტბა გაზაფხულზე მომწვანო ფერისაა, ზამთარში - მოცისფრო-მოლურჯო. იგი მდიდარია ფიტოპლანქტონით. თევზებიდან კი აქ მხოლოდ კალმახი ბინადრობს.
რიწის ტბა საბჭოთა პერიოდში
რიწის ტბა თავისი უნიკალურობიდან გამომდინარე ყოველთვის იზიდავდა მნახველებს. ტბის დასათვალიერებლად ექსკურსიების მოწყობა 1936 წელს გახდა შესაძლებელი, როდესაც შავი ზღვის სანაპიროდან ტბამდე მისასვლელი კეთილმოწყობილი გზატკეცილი დაიგო. საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ტბის დასათვალიერებლად დღეში ათასამდე ტურისტი ჩამოდიოდა საბჭოთა რესპუბლიკებიდან. ტურები რამდენიმედღიანი იყო გამომდინარე იქიდან, რომ ტბის მიმდებარედ დამსვენებლებს სასტუმროები და სანატორიუმები ემსახურებოდა.
1946 წელს ტბისა და მის გარშემო არსებული რელიქტური და ენდემურ მცენარეთა სახეობების დასაცავად 16.289 ჰა ფართობის რიწის სახელმწიფო ნაკრძალი შეიქმნა, რომელიც მნიშვნელოვან ტურისტულ ღირსშესანიშნაობას წარმოადგენდა საბჭოთა პერიოდში.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ რიწის ტბა საბჭოთა კავშირის ლიდერების - სტალინის, ბრეჟნევისა და ხრუშჩოვის საყვარელი დასასვენებელი ადგილი იყო და ტბასთან ახლოს მათ აგარაკები ჰქონდათ.
რიწის ტბა. ka.wikipedia.org
რიწის ტბის სტატუსი დღეს
1992-1993 წლების აფხაზეთის ომის შემდგომ რიწის ტბასა და მის მიმდებარე ტერიტორიას აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობა აკონტროლებს.
დე ფაქტო მთავრობის 1996 წლის გადაწყვეტილებით, რიწის ნაკრძალის გაფართოების შედეგად „რიწის რელიქტური ეროვნული პარკი“ დაარსდა, თუმცა საქართველოს კანონმდებლობით, ტერიტორიას რიწის სახელმწიფო ნაკრძალის სტატუსი აქვს მინიჭებული. პარკის ფართობი დღეს 39 000 ჰექტარს შეადგენს. იგი რიწის ტბის გარდა კიდევ რამდენიმე ღირსშესანიშნაობასაც აერთიანებს, რომელთაგან აღსანიშნავია ცისფერი ტბა, მდინარე იუფშარას ხეობა და 70 მეტრი სიმაღლის გეგას ჩანჩქერი, რომელიც ყველაზე მაღალია აფხაზეთის ტერიტორიაზე. გარდა ამისა, პარკის მიმდებარედ შემონახულია ანტიკური ხანისა და შუა საუკუნეების ციხე-სიმაგრეების – ანაკოფიისა და ბაგრატის ციხის ნანგრევები, ბედიის სასახლისა და აფხაზეთის დიდი კედლის ნაშთები, ხოლო საბჭოთა კავშირის ლიდერების აგარაკები დღეს მუზეუმებადაა ქცეული.
რუსეთის არშემდგარი გეგმები
2013 წელს მოსკოვმა რუსეთისა და აფხაზეთის ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის - „კავკასიის რელიქტური“ შექმნა განიზრახა. შესაბამისი განკარგულება რუსეთის პრემიერ-მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა 2013 წლის 13 აგვისტოს გამოსცა. განკარგულების მიხედვით ნაკრძალი გააერთიანებდა რუსეთში მდებარე კავკასიის ბუნებრივ-ბიოსფერულ სახელმწიფო ნაკრძალსა და აფხაზეთის „რიწის რელიქტურ ეროვნულ პარკს“.
განკარგულებაზე ხელის მოწერა მას შემდეგ მოხდა, რაც 2014 წელს სოჭის ზამთრის ოლიმპიადისთვის ინფრასტრუქტურის მშენებლობის შედეგად მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა აფხაზეთის რეგიონისა და შავი ზღვის სანაპირო ზოლის უნიკალურ ეკოსისტემას, რის გამოც რუსეთის ხელისუფლებამ მწვავე კრიტიკა დაიმსახურა ადგილობრივი თუ საერთაშორისო გარემოსდაცვითი ორგანიზაციებისგან, ამიტომ ტრანსსასაზღვრო ნაკრძალის შექმნა რუსეთის შელახული რეპუტაციის ჩამორეცხვის მიზნით დაისახა. თუმცა ეს გეგმა რეალურად არ განხორციელებულა.
ვინ სტუმრობს პარკს?
პარკის სანახავად ძირითადად 30-40 წლის ასაკობრივი კატეგორიის ტურისტები ჩადიან, მეტწილად, რუსეთიდან, განსაკუთრებით კი კრასნოდარისა და სტავროპოლის მხარეებიდან და როსტოვის ოლქიდან.
ბოლო პერიოდში პარკში ცნობილი რუსი ტელევარსკვლავი ანგელინა ვოვკიც იმყოფებოდა, რომელმაც „სპუტნიკ აფხაზეთთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ საბჭოთა პერიოდში აფხაზეთის „იღბლიანი ბილეთის“ შოვნა იშვიათობა იყო, თუმცა საქართველოსთან ომის შემდეგ „სიტუაცია შეიცვალა“ და სტუმართმოყვარე აფხაზების წყალობით დღეს თავისუფლად ჩამოდიან აქ რუსი დამთვალიერებლები.
როგორ მოვხვდეთ პარკში?
პარკთან მისასვლელად საზოგადოებრივი ტრანსპორტით სარგებლობა შეუძლებელია, ამიტომ დამსვენებლებს სპეციალური საექსკურსიო ავტობუსები ემსახურება. პარკის მონახულება აგრეთვე შესაძლებელია კერძო ავტომობილითა და ტაქსებით - KiWi Taxi ან GT Абхазия.
საექსკურსიო ტურები მეტწილად ერთდღიანია, გამომდინარე იქიდან, რომ ტბის მიმდებარედ საბჭოთა პერიოდში აშენებული სასტუმროები დღეს უფუნქციოდაა და მიტოვებულია. ავტობუსები გაგრიდან, ახალი ათონიდან, ბიჭვინთიდან და რუსეთის საკურორტო ქალაქებიდან - სოჭიდან და ადლერიდან გადიან. გაგრიდან მგზავრობის ხანგრძლივობა 1 საათია, ხოლო საფასური მოზრდილთათვის 800 რუსულ რუბლს, ბავშვებისთვის კი - 500 რუბლს შეადგენს. პარკის ტერიტორიაზე შესვლაც ასევე ფასიანია. შესვლის ღირებულება მოზრდილთათვის 350 რუბლს, ხოლო 12 წლამდე ბავშვებისთვის - 150 რუბლს შეადგენს.
„რიწის რელიქტური ეროვნული პარკის“ შესასვლელი. წყარო: tourister.ru
როგორ ერთობიან?
პარკი სხვადასხვა აქტივობებს სთავაზობს დამთვალიერებლებს. ტბის გარშემო სპეციალური საფეხმავლო ბილიკებია გაკეთებული, ასევე მოწყობილია გადასახედი მოედნები ტბის სანაპიროსა და მთის ფერდობების დასათვალიერებლად. დამსვენებლებს ტბაზე წყლის ველოსიპედითაც შეუძლიათ გასეირნება, რომლის საფასურიც 20 წუთის განმავლობაში 500 რუბლს შეადგენს.
პარკის ტერიტორიას ემსახურება სუვენირების მაღაზიები და მცირე ზომის კვების ობიექტებიც. პარკის მახლობლად მუშაობს მინიმარკეტებიც.
რიწის ტბა - არა მხოლოდ ტურისტული ღირსშესანიშნაობა
გარდა ტურისტული საქმიანობისა, პარკის ტერიტორიაზე ფლორისა და ფაუნის შესწავლის მიზნით კვლევითი საქმიანობა მიმდინარეობს და სამეცნიერო კონფერენციები ეწყობა. ზაფხულობით აქ ასევე ეწყობა ბავშვთა ბანაკები, რომელიც მიზნად ისახავს ახალგაზრდების გარემოსდაცვითი საკითხებით დაინტერესებას.
პარკის ტერიტორიაზე აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტრო წელიწადში ორჯერ სამთო-სამაშველო წვრთნებსაც ატარებს. მასში მონაწილეობას მყვინთავები, მოთხილამურეები და მთის სამაშველო სამსახურები იღებენ. წვრთნების დროს ვერტმფრენებსა და კატარღებსაც იყენებენ.
ვიზიტორთა რაოდენობა და ბიუჯეტის შემოსულობები
პარკის ვიზიტორთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ბოლო ათწლეულის სტატისტიკური მონაცემები რომ შევაჯამოთ, 2011-2014 წლებში ტურისტთა რაოდენობა თითქმის თანაბარი იყო და 135-195 ათას ტურისტს შორის მერყეობდა.
2015 წელს 2014 წელთან შედარებით ტურისტთა რაოდენობა თითქმის 3-ჯერ გაიზარდა. ეს ტენდენცია 2016 წელსაც შენარჩუნდა, თუმცა 2017-2019 წლები ტურისტთა დიდი ნაკადით არ გამოირჩეოდა. ამ პერიოდში ტურისტების რაოდენობის შემცირება 2017 წლის 11 ივლისს აფხაზეთში შეიარაღებული ნიღბიანი თავდამსხმელების მიერ მოსკოველი ტურისტის მკვლელობის ფაქტს უკავშირდება. მას შემდეგ, რაც 12 ივლისს აფხაზეთში „რუსეთის საელჩომ“ შექმნილი კრიმინოგენური ვითარებიდან გამომდინარე საკუთარ მოქალაქეებს სიფრთხილის დაცვისკენ მოუწოდა, ვიზიტორების უმრავლესობამ ჯავშნები გააუქმა და რამდენიმე წლით ტურისტული სეზონი ჩავარდა. ტურისტების რაოდენობა 2017-2019 წლებში 2016 წელთან შედარებით თითქმის განახევრდა.
2020 წლიდან კვლავ იწყება პარკის სანახავად ტურისტთა დიდი ნაკადის მიღება. 2020 წელს, 1-6 იანვრის საახალწლო არდადეგებზე რიწის ტბას 6 000-ზე მეტი ტურისტი ეწვია, რაც ზამთრის სეზონისათვის მაღალი მაჩვენებელია და 56%-ით აღემატება ამ პერიოდისათვის 2019 წელს შემოსული ტურისტების რაოდენობას.
2021 წლის 1 იანვრიდან 20 მაისამდე შუალედში პარკს უკვე რეკორდული რაოდენობის, 100 000 ადამიანი ეწვია. პარკის ისტორიაში ასეთი პრეცედენტი აქამდე არ დაფიქსირებულა, რაც რამდენიმე მიზეზით აიხსნება. პირველ რიგში, რუს ტურისტებს აფხაზეთში ვაქცინისა და PCR ტესტის პასუხის გარეშე შეუძლიათ მოგზაურობა, გარდა ამისა, აფხაზეთი ერთადერთი ადგილია, საიდანაც დაბრუნების შემთხვევაში რუსეთის მოქალაქეებს PCR ტესტის კვლევის შედეგის წარდგენა არ სჭირდებათ. მეორე მხრივ, პარკამდე მგზავრობა წინა წლებთან შედარებით უფრო უსაფრთხოა, გამომდინარე იქიდან, რომ გზის პრობლემური მონაკვეთებისა და ასფალტის საფარის შეკეთება მიმდინარეობს. ტექნიკური სამუშაოები 2021 წლის მაისში დაიწყო, რისთვისაც თავად პარკმა 30 მლნ რუბლი გაიღო.
რაც შეეხება პარკიდან აფხაზეთის „ბიუჯეტში“ შესულ თანხებს, 2011-2014 წლებში მაჩვენებელი დიდი არ იყო და 28 მლნ-61 მლნ რუბლს შორის მერყეობდა.
2015-2017 წლებში ეს მონაცემი ტურისტების რაოდენობის მატების პირდაპირპროპორციულად, დაახლოებით 3-ჯერ გაიზარდა, თუმცა 2017-2019 წლებში კრიმინალური ფაქტების დაფიქსირების გამო, ტურისტული სეზონის რამდენიმე წლით ჩაგდების შედეგად, მაჩვენებელი დაახლოებით 36%-ით შემცირდა.
2020 წლიდან ტურისტების ნაკადის მომატების შესაბამისად გაიზარდა „ბიუჯეტში“ შემავალი თანხებიც და 2020 წლის მაჩვენებელი 2019 წელთან შედარებით თითქმის გაორმაგდა.
2021 წელს, გამომდინარე იქიდან, რომ ტბის სანახავად ჩასულ ტურისტთა უპრეცედენტო რაოდენობა ფიქსირდება, სავარაუდოდ, „ბიუჯეტში“ შენატანებიც გაიზრდება.
ტურისტული სეზონის გახსნასთან დაკავშირებული რისკები
აფხაზეთში ტურისტული სეზონის გახსნას თან ახლავს რისკები, რაც სტიქიურ უბედურებებსა და გაუმართავ საავტომობილო გზებს უკავშირდება.
2021 წლის მაისში ძლიერი ნალექის გამო, პარკის ტერიტორიაზე მეწყერი ჩამოწვა. ტალახის მასა 300-400 მეტრზე გავრცელდა და ალპური მდელოებისკენ მიმავალი გზა ჩახერგა. გარდა ამისა, წყალმა, რომელიც მეწყერულ ზონაში მიედინებოდა, ტბამდე მიაღწია და წყლის დაბინძურება გამოიწვია. ექსპერტთა შეფასებით, შესაძლოა, ტბის წყალი მთელი ზაფხულის განმავლობაში ამღვრეული დარჩეს, რაც უარყოფითად აისახება ტბაში მობინადრე ცოცხალ ორგანიზმებზე.
გარდა ამისა, ტბისკენ მიმავალ გზაზე ხშირია თოვლზვავისა და მთის ფერდობიდან ჩამოცვენილი ქვების შემთხვევები. გზის გასაწმენდად აფხაზეთის „მთავრობას" აქამდე სპეციალური აღჭურვილობა არ გააჩნდა, თუმცა 2021 წლის მარტში მათ 10 მლნ რუბლის ღირებულების ტექნიკა ლენინგრადის რეგიონში მდებარე ქარხნიდან „Спецстроймаш"-ისგან შეიძინეს.
გზის გასაწმენდად შეძენილი ტექნიკა. წყარო: sputnik-abkhazia.ru
ხშირია უბედური შემთხვევებიც. კერძოდ, 2021 წლის 8 იანვარს სტალინის აგარაკისკენ მიმავალ მონაკვეთზე „ჰონდას“ მარკის ავტომობილის მძღოლმა კონტროლი დაკარგა და მანქანა ტბაში ჩავარდა. სამმა მგზავრმა წყლიდან თავის დაღწევა მოახერხა, ერთი მათგანი კი - გარდაიცვალა. აღნიშნული ინციდენტის შემდეგ, ამ გზაზე ზამთრის საბურავების გარეშე მოძრაობა აიკრძალა.
2020 წლის 12 აგვისტოს რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე კლდეში გადავარდა მოტოციკლეტი. 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, პეტერბურგის მკვიდრი გოგონა მდინარე ბზიფის აუზში გარდაცვლილი იპოვეს.
ძირითადი დასკვნები