ახალი ამბები

ტურიზმი აფხაზეთში და უსაფრთხოების გამოწვევები

2021 / 07 / 21

ავტორი: სალომე აბრამიშვილი

აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ტურისტული ინდუსტრია ეკონომიკის წამყვანი მიმართულებაა. ტურიზმი ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლებისთვის შემოსავლის მნიშვნელოვანი წყაროა. ამიტომაც, ამ მხრივ პრიორიტეტულია ტურისტებისათვის უსაფრთხო გარემოს შექმნა, რომელიც არაერთი გამოწვევის წინაშე დგას: ტურისტულ ადგილებში არასათანადო ნორმებისა და ინფრასტრუქტურის არსებობა, გაუმართავი სამაშველო სამსახურები, ადგილობრივი მოსახლეობის მიერ იარაღის უკანონო ტარება, რუსი ტურისტების მიმართ ხულიგნობა და თაღლითობა, ავტოსაგზაო მაგისტრალების მოუწესრიგებლობა, და სხვ..

სტატიაში, შევეცდებით ძირითადად 2021 წლის ზაფხულში მომხდარი მნიშვნელოვანი ფაქტები განვიხილოთ და ამით ზოგადი წარმოდგენა შეგიქმნათ აფხაზეთის ტურისტულ სექტორში არსებულ გამოწვევებზე.

სტიქიური უბედურებები

2021 წლის 4-5 ივლისს აფხაზეთს ქარიშხალი დაატყდა თავს. სტიქიის შედეგად, მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და წყლის გარეშე დარჩა, ძლიერმა ქარმა წააქცია ხეები და შენობებს სახურავებიც გადახადა. მიუხედავად უამინდობისა, რუსეთიდან ჩასულმა ტურისტთა ნაწილმა უსაფრთხოების ნორმები დაარღვია, რაც ზოგიერთ შემთხვევაში გარდაცვალებით დასრულდა.

ყველაზე ტრაგიკული პეტერბურგის მკვიდრი თამარა მოლჩანოვასა და მისი სამი მცირეწლოვანი შვილის ისტორია აღმოჩნდა. ისინი გაგრაში ერთ-ერთ სასტუმროში ისვენებდნენ. ცუდი ამინდის მიუხედავად, მოლჩანოვამ შვილებთან ერთად მდინარე ბზიფში საბანაოდ წასვლა გადაწყვიტა. ადიდებულმა მდინარემ ოთხივე მათგანი გაიტაცა და დინებამ ზღვამდე ჩაიყვანა. სამაშველო სამსახურის მისვლამდე თვითმხილველებმა ერთ-ერთი ბავშვის წყლიდან ამოყვანა მოახერხეს, ყველაზე პატარა, სამი წლის ბავშვი კი უკვე გარდაცვლილი იყო. მაშველებმა წყლიდან მოგვიანებით ამოიყვანეს შვიდი წლის გოგონაც, რომელიც სოჭის ბავშვთა საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების ინფორმაციით, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა საჭიროა, გოგონამ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია გაიაროს. დედის, თამარა მოლჩანოვას პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება.

ბავშვის გადარჩენა გაგრაში. წყარო: საგანგებო სიტუაციათა „სამინისტროს“ ფოტო

აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა „სამინისტროს“ პრესსამსახურის განცხადებით, 4 ივლისს, საღამოს, გაგრაში 1979 წელს დაბადებული სარატოვის მკვიდრი პაველ დანკოვიც დაიხრჩო. მისი ცხედრის ძებნა ამჟამადაც მიმდინარეობს.

5 ივლისს გაგრაში ძლიერი შტორმის დროს წყალში დაიხრჩვნენ 2000 წელს დაბადებული პიატიგორსკის მკვიდრი რასტისლავ პეტროვი, 1981 წელს დაბადებული იაროსლავის მკვიდრი ევგენია ტრეწიაკოვა და 1996 წელს დაბადებული ფარიდა ახმეტოვაც.

დაუცველი სანაპიროები

მცირე ზომის გემების  „სახელმწიფო“ ინსპექციის უფროსის, თენგიზ საბუას თქმით, 2020 წელს ზღვაში დახრჩობის 12 უბედური შემთხვევა დაფიქსირდა, ხოლო 2021 წლის მხოლოდ ივნის-ივლისში - 10.

უბედური შემთხვევები პლაჟებზე რამდენიმე მიზეზითაა განპირობებული. პირველ რიგში, სანაპიროებზე არ არის დაცული უსაფრთხოების ზომები, ზღვაში არ არის განთავსებული საცურაო არეალის მანიშნებელი ტივტივები და არ არის დამონტაჟებული საინფორმაციო აბრები, რომლებიც დამსვენებლებს ცურვისათვის სარისკო ადგილების შესახებ გააფრთხილებს.

საბუას აზრით, აუცილებელია, შეიქმნას სპეციალური სამაშველო სამსახური და პლაჟებზე ყოველ 50 მეტრში მოხდეს სამაშველო კოშკურებში მაშველების მობილიზება. ამასთანავე, მნიშვნელოვანია, მყვინთავებს კვალიფიკაციის ასამაღლებელი სპეციალური ტრენინგები ჩაუტარდეთ, თუმცა, როგორც საბუა აღნიშნავს, აფხაზეთის „მთავრობა“ მის „უწყებას“ მუდმივად უმეორებს, რომ ამისათვის „ბიუჯეტიდან“ თანხის გამოყოფა ვერ მოხერხდება.

მეორე ფაქტორი, რომელიც გავლენას ახდენს ზღვის სანაპირო არეალში უბედური შემთხვევების მაღალ მაჩვენებელზე, არის ტურისტების ზერელე დამოკიდებულება გაფრთხილებების მიმართ.

უბედური შემთხვევები

2021 წლის 6 ივნისს, აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა „სამინისტრომ“ მიიღო შეტყობინება მდინარე გეგაში ხიდიდან ჩავარდნილი რუსი დამსვენებლის შესახებ. ტურისტის სამძებრო სამუშაოებში 30 ადამიანი იყო ჩართული, გამოიყენეს ვერტმფრენიც, თუმცა გოგონას კვალის დადგენა ამ დრომდე ვერ მოხერხდა.

რამდენიმე წლით ადრე, 2017 წლის აგვისტოში, გუდაუთის მუნიციპალიტეტის სოფელ პრიმორსკოეში საბრძოლო მასალების საწყობი აფეთქდა. ინციდენტის შედეგად ორი პეტერბურგელი ტურისტი, 1970 წელს დაბადებული ელენა პანაკოვა და 1962 წელს დაბადებული ელენა ტიმოფეევა დაიღუპნენ. 1954 წელს დაბადებული ლუდმილა პადოლსკა კი მძიმედ დაშავდა.

აფეთქება სოფელ პრიმორსკოეში. წყარო: sputnik-abkhazia.ru

უგზო-უკვლოდ დაკარგულები

2021 წლის მაისში ეკატერინბურგიდან აფხაზეთში რუსი ტურისტების ჯგუფი ჩავიდა. ისინი 3 მაისს ტურისტული მარშრუტით კავკასიონის მთებისკენ გაეშურნენ და 10 მაისს უკან უნდა დაბრუნებულიყვნენ. თუმცა, აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა „სამინისტრომ“ 12 მაისს შეტყობინება მიიღო ერთ-ერთი ტურისტის, 64 წლის ვლადიმირ ულიანოვის გაუჩინარებასთან დაკავშირებით. ტურისტის კვალის დადგენა დღემდე ვერ ხერხდება.

2021 წლის იანვარში, რუსი ტურისტი ელენა ფედოტოვაც უკვალოდ გაქრა გაგრაში.

აფხაზეთის საგანგებო სიტუაციათა „მინისტრის“ ლევ კვიცინიას შეფასებით, ექსტრემალურ ტურიზმს განსაკუთრებული ყურადღება უნდა დაეთმოს, რათა რისკების სათანადო შეფასება მოხდეს და თავიდან იქნეს არიდებული უბედური შემთხვევები. კვიცინიას თქმით, ტურისტების ძებნა დიდ დროსთან და ფინანსურ სახსრებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათი გადაადგილების ტრაექტორია უცნობია. „მინისტრის“ განცხადებით, როდესაც ტურისტები მღვიმეების ან მთების მონახულებას დააპირებენ, მათ თავიანთი მარშრუტის შესახებ წინასწარ უნდა აცნობონ „სამინისტროს“, რათა დაკარგვის შემთხვევაში, მათი კვალის მიგნება გაადვილდეს.

სისხლის სამართლის გახმაურებული საქმეები

ბოლო პერიოდში ყველაზე გახმაურებული ფაქტი 2021 წლის 15 ივნისს დაფიქსირდა, როდესაც ბიჭვინთაში ადგილობრივმა დმიტრი ფილიამ სასტუმრო „Самшитовая роща"-ს ტერიტორიაზე მდებარე კაფეში ორი რუსი ტურისტი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრა. დაჭრილები სამკურნალოდ რუსეთში გადაიყვანეს, თავად ფილია კი ინციდენტიდან ორ დღეში დააკავეს. ერთ-ერთ დაზარალებულ ტურისტს სამი ჭრილობა აღენიშნება, მეორეს კი - ექვსი. 16 ივნისს აფხაზეთის ჯანდაცვის „მინისტრი“ ედუარდ ბუთბა დაშავებულებს სოჭის საავადმყოფოში ესტუმრა. ამ ვიზიტის შემდეგ, ერთ-ერთმა დაზარალებულმა რუსულ მედიასთან ინტერვიუში განაცხადა, რომ აფხაზურ მხარეს მისთვის არანაირი დახმარება არ აღმოუჩენია.

ერთ-ერთი დაზარალებული სოჭის საავადმყოფოში მკურნალობს. წყარო. mk.ru

აფხაზეთის „უშიშროების საბჭოს მდივნის“ სერგეი შამბას შეფასებით, 2021 წლის ივნისში ბიჭვინთაში მომხდარი კრიმინალური ფაქტი ცხადყოფს, რომ აფხაზეთში კრიმინალური სიტუაციის კონტროლის მიზნით, დაუყოვნებლივ უნდა გატარდეს სერიოზული ღონისძიებები. შამბას განცხადებით, აფხაზეთის „მთავრობას“ სურს, ვითარების გაუმჯობესება, რასაც იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებასთან დაკავშირებით კანონის გამკაცრებით აპირებს.

აფხაზეთის დე ფაქტო შს მინისტრის, დმიტრი დბარის ინიციატივით, უსაფრთხოების ზომები ტურისტულ საცხოვრებელ ადგილებში უკვე გამკაცრდა. გარდა ამისა, საგანგებო მდგომარეობის დროს გამოსაყენებლად ტურისტებს ცხელი ხაზის ნომრებიც დაურიგდათ.

აფხაზეთში რუსეთის „საელჩომ“ აფხაზეთის „მთავრობას“ მოუწოდა, რაც შეიძლება მოკლე ვადაში გამოიძიონ რუსი ტურისტების დაჭრის საქმე და პასუხისგებაში მისცენ დამნაშავე. რუსეთის „საელჩოს“ განცხადებით, ეს არ არის აფხაზეთში რუს დამსვენებლებზე თავდასხმის პირველი შემთხვევა და გამომდინარე აქედან, აუცილებელია, „მთავრობამ“ შეიმუშაოს სტრატეგია, რათა ტურისტული სეზონის დროს მაქსიმალურად იყოს დაცული რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოება.

მილიციის ძალადობა

2021 წლის მაისში პეტერბურგის მკვიდრი არტემ რუსკიხი ოჯახთან ერთად დასასვენებლად აფხაზეთში ჩავიდა. მთაში სეირნობისას მათ გზა დაკარგეს, რა დროსაც მანქანა სამოქალაქო ფორმაში ჩაცმულმა მილიციელებმა გააჩერეს. ნარკოტიკებით ვაჭრობის ბრალდებით იგი დააპატიმრეს, მიტოვებულ ადგილას წაიყვანეს და ბრალის აღიარებას აიძულებდნენ. მას შემდეგ, რაც რუსკიხმა ბრალი არ აღიარა, მოკვლით დაემუქრნენ, სასტიკად სცემეს და მდინარეში ახრჩობდნენ. სამართალდამცავებმა ჩხრეკა მისი სასტუმროს ნომერშიც ჩაატარეს. რადგანაც სამხილების პოვნა ვერ მოხერხდა, რუსკიხი მილიციის განყოფილებაში დილამდე დატოვეს, შემდეგ კი გაათავისუფლეს.

რუსეთის მოქალაქემ აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, „გენპროკურატურას“ საჩივარი წარუდგინა და შს „სამინისტროს“ გაგრის განყოფილება თავისუფლების უკანონო შეზღუდვაში, ძალადობასა და წამებაში დაადანაშაულა. „სამინისტრომ“ ცემის ფაქტი უარყო, თუმცა ადლერის საავადმყოფოს მკურნალი ექიმის ჩანაწერების მიხედვით, პაციენტს თირკმლის დაზიანება, ნეკნების მოტეხილობა, სისხლჩაქცევები და დაბეჟილობები აღენიშნებოდა.

ავტოსაგზაო შემთხვევები

2021 წლის 15 ივნისის საღამოს, „კია რიო“-ს მარკის ავტომობილი, რომელსაც რუსი ტურისტი მართავდა, გაგრის საავტომობილო გვირაბის ჩრდილოეთი ნაწილიდან გამოსვლისთანავე ხევში გადავარდა. მანქანაში სულ ექვსი პირი იმყოფებოდა. მძღოლი და კიდევ ერთი მგზავრი სამედიცინო დახმარების აღმოსაჩენად გაგრის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

2020 წლის 12 აგვისტოს, კვადროციკლი, რომელსაც 2 რუსი ტურისტი მართავდა, რიწის ტბისკენ მიმავალ გზაზე კლდეში გადავარდა. გოგონა მდინარე ბზიფის დინებამ გაიტაცა, რომელიც 4-დღიანი სამძებრო სამუშაოების შემდეგ, გარდაცვლილი იპოვეს.

თაღლითობა

აფხაზეთში ტურისტული სეზონის მოახლოებასთან ერთად, თაღლითები სპეციალურ ვებგვერდებს ქმნიან და ყალბ ტურისტულ პაკეტებს ყიდიან. აღნიშნული ვებგვერდები იმდენად პროფესიონალურად გამოიყურება, რომ რთულია, განასხვაო იგი ოფიციალურისგან. ასეთი ტიპის ვებგვერდები რამდენიმე თვით არსებობს და შემდეგ იხურება. თაღლითები ტურისტებს დასვენების თანხის სრულად გადახდას წინასწარ სთხოვენ. 2019 წელს დაახლოებით თხუთმეტმა დაზარალებულმა ადამიანმა მიმართა აფხაზეთის ტურიზმის „სამინისტროს“ იმ მიზეზით, რომ ისინი თაღლითობის მსხვერპლნი გახდნენ და მათ ყალბი ტურისტული პაკეტები შეიძინეს. თუმცა ეს რიცხვი საგრძნობლად დაბალია გასულ წლებთან შედარებით. 2018 წელს რამდენიმე ასეული ადამიანი მოატყუეს.

Go BackGo Back