ახალი ამბები

გაგლოევის შეხვედრა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან

2022 / 06 / 15

15 ივნისს მოსკოვში ვიზიტად მყოფი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო თემები და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის საკითხები განიხილეს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა.

ლავროვმა გაგლოევს მადლობა გადაუხადა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ჰუმანიტარული დახმარების გამო. შეხვედრის დროს ლავროვმა პოზიტიურად შეაფასა გაგლოევის გადაწყვეტილება ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების დროებითი გახსნის თაობაზე.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, ლომისობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 13-17 ივნისის პერიოდში დროებით გაიხსნა გამშვები პუნქტები - „რაზდახანი“ (ოძისი/მოსაბრუნი), „სინაგური“ (სინაგური) და „პერეუ“ (პერევი) - და ოკუპირებულ რეგიონში მცხოვრებ მოსახლეობას საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე გადასვლის უფლება მიეცა. გამშვები პუნქტების გახსნა გაგლოევის „წინასაარჩევნო“" დაპირებაც იყო.

14 ივნისს გაგლოევი ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვს შეხვდა.

Go BackGo Back