ახალი ამბები

„Юг-Телеком“: ინტერნეტის ერთადერთი მიმწოდებელი ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

2023 / 03 / 22

ავტორი: ბექა ირომაშვილი

„Юг-Телеком“ ინტერნეტის ერთადერთი მიმწოდებელია ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, რის გამოც მისი საქმიანობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, როგორც ადგილობრივი მოსახლეობისთვის, ასევე დე ფაქტო ხელისუფლების ფუნქციონირებისთვის.   

კომპანიის შესახებ

კომპანიის ოფიციალური საიტის მიხედვით, „Юг-Телеком“ 2017 წელს დაარსდა. კომპანიის სპეციალისტებს ინტერნეტით უზრუნველყოფის პროექტების რეალიზაციის გამოცდილება ჩრდილოეთ ოსეთსა (და რუსეთის სხვა რეგიონებში) და ანექსირებულ ყირიმში აქვთ. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, „კომპანია დიდი ხანია ვლადიკავკაზში ოპერირებდა. მას შემდეგ კი რაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი მათ ესაუბრა და შესთავაზა ცხინვალის რეგიონის ინტერნეტით უზრუნველყოფა, ყველაფერი სწრაფად მოხდა“.

„Юг-Телеком“-მდე რეგიონში კავშირგაბმულობის მთავარი კომპანია „Мегафон-Южная Осетия“ იყო, რომელსაც 2016-2017 წლებში  დე ფაქტო მთავრობასთან პრობლემები შეექმნა დივიდენდების გადახდასთან დაკავშირებით. „მეგაფონის“ გარდა რეგიონში საქმიანობის დაწყების მცდელობა სხვებსაც ჰქონდათ. „Скай Линк“ და „Tele2“, დაკავშირებული იყვნენ კავშირგაბმულობის ყოფილ დე ფაქტო მინისტრ გიორგი კაბისოვთან, რომელიც შემდეგ დააპატიმრეს და პროექტიც ჩაიშალა.

2017 წლის ინტერვიუში „Юг-Телеком-ის“ პროექტის ღირებულება არ სახელდებოდა, თუმცა გათვლების მიხედვით პროექტი მოგებაზე 4 წლის თავზე უნდა გასულიყო. კომპანია 2017 წელს მომხმარებელს სთავაზობდა ოპტიკურ ბოჭკოვან ინტერნეტს. კომპანია იყენებს კავშირის ოპტიკურ-ბოჭკოვან სადენს (ამავე სადენს იყენებს „Остелеком“, რომელიც მობილური კავშირის მიმწოდებელია), რომელიც „Газпром-телеком-მა" გაიყვანა, „ძუარიყავ-ცხინვალის“ გაზსადენის მშენებლობისას.

დაფარვის არეალი და ტარიფები

კომპანია ცხინვალის რეგიონში ოპერირებს ცხინვალში, ჯავაში (ნაწილობრივ), ნოგყაუში, ტბეთსა და ხეთაგუროვიში. კომპანია მომხმარებელს სთავაზობს სხვადასხვა სატარიფო გეგმას. 30 მბ/წმ - 800 რუბლი; 40 მბ/წმ - 900 რუბლი; 50 მბ/წმ - 1000 რუბლი; 80 მბ/წმ - 1200 რუბლი; 100 მბ/წმ - 1500 რუბლი. ინტერნეტ ხაზში ჩართვა ფიქსირებულია - კერძო სახლისთვის 5500 რუბლი, ბინისთვის 7700 რუბლი.

კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, კომპანიის მუშაობა, მხოლოდ ეკონომიკური მოგებით არ არის განსაზღვრული, კომპანიას სურს უკეთესი გახადოს დე ფაქტო რესპუბლიკაში ცხოვრება, ამის მაგალითად მან მოიყვანა, რომ 2017 წელს კომპანიამ 17 ადამიანი დაასაქმა ინფორმაციული ტექნოლოგიების სფეროში.  კომპანია ქ. ცხინვალს რამდენიმე უფასო Wi-Fi ცენტრებით უზრუნველყოფს - დე ფაქტო სახელწმიფო დრამატული თეატრის და ფოსტის შენობის წინ, ისევე როგორც „პიონერთა“ პარკში.

მფლობელი და კავშირი რუსეთთან

ცხინვალის რეგიონში მოღვაწე კომპანიის გენერალური დირექტორი და მფლობელი ბიზნესმენი გრიგორი კოჩიევია.

„Юг-Телеком“ ცხინვალის რეგიონის გარდა ოკუპირებულ ყირიმშიც ოპერირებს. ყირიმში მოქმედი იგივე დასახელების კომპანიამ მუშაობა 2014 წელს დაიწყო. კომპანიას სარეგისტრაციო მისამართი კრასნოდარში აქვს, რეესტრში კომპანიის მფლობელად გოჩა მაკიევია მითითებული. მაკიევი უმეტესად ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში მოღვაწეობს, ის საავტომობილო გზების სამშენებლო კომპანია „КАВКАЗ-АВТОДОР-ის“ ყოფილი დირექტორია. გოჩა მაკიევი ასევე იყო 2018 წელს ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკის საინფორმაციო საზოგადოებისა და ციფრული ეკონომიკის განვითარების საბჭოს შემადგენლობაში, როგორც „Мегафон"-ის დირექტორი ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკაში (ამ თანამდებობას ის 2016 წლიდან იკავებს).

„Юг-Телеком“ რუსეთის მრავალ რეგიონში ოპერირებს იმავე სახელით.

კომპანიის სხვა პროექტები ცხინვალის რეგიონში

კომპანია ცხინვალის რეგიონში ასევე წარმოადგენს პროექტ „უსაფრთხო ქალაქის“ კონტრაქტორს. „პროექტი უსაფრთხო“ ქალაქი გულისხმობს ქალაქში ე.წ. ჭკვიანი კამერების დამონტაჟებას და საგზაო წესების დარღვევის დაფიქსირებას. აღნიშნული პროექტი რუსეთის ფედერაციის სამოქალაქო თავდაცვის, საგანგებო სიტუაციების და სტიქიური უბედურებების შედეგების აღმოფხვრის სამინისტროს მიერ შექმნილი პროექტია. 2021 წლის ბოლოსთვის ცხინვალის რეგიონში 86 კამერის დამონტაჟება იგეგმებოდა.

პრობლემები და უკმაყოფილება

კომპანიას არც თუ ისე იშვიათად მიმართავენ პრობლემებით, რაც ინტერნეტის სიჩქარესა და ინტერნეტის გამორთვას უკავშირდება. კომპანიის გენერალური დირექტორის განცხადებით, ინტერნეტის გამორთვა ელექტროენერგიის ძაბვის არასტაბილურობას უკავშირდებოდა, ხოლო სიჩქარის ნაკლებობას, ერთი „როუტერის“ გამოყენებას ბევრი მოწყობილობის მიერ.

კომპანიას მუშაობის დასაწყისში უჭირდა კადრების მოძიება, თუმცა ამ პრობლემას გაუმკლავდა საკუთარი ძალებით. 2022 წლის დასაწყისში სირთულე წარმოიშვა ინტერნეტით უზრუნველყოფისთვის საჭირო მასალების ფასებთან დაკავშირებითაც.  

Go BackGo Back