ახალი ამბები

ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო აფხაზეთში: „მოსკვა რეზორტ“

2023 / 08 / 29

ავტორი: ბექა ირომაშვილი

2021 წლის 27 დეკემბერს ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის საკონფერენციო დარბაზში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „მოსკვა რეზორტის“ (Москва резорт) პროექტი წარადგინეს. ადგილობრივების შეფასებით, ეს  უპრეცედენტო პროექტია ოკუპირებული რეგიონისთვის. 2023 წლის 9 ივნისს მშენებარე ობიექტი რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმაც დაათვალიერა. ნოვაკი რუსეთის მთავრობაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია.

აფხაზეთში ფორმალურად არ არსებობს ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ამ სტატუსთან მიახლოებულია მხოლოდ „სამშიტოვაია როშჩა“ და „გრანდ აფონ“, თუმცა ორივე თითქმის მუდმივად დაკავებულია. მაღალი კლასის ობიექტების მშენებლობა აფხაზეთში რთულია, რადგან კომუნიკაციების (კანალიზაცია, წყლის მიწოდება და ელექტროენერგია) გაუმართაობა ჯერ კიდევ დიდ გამოწვევად რჩება.

ინვესტორი

დე ფაქტო მთავრობასა და „ტკაჩოვის სახელობის აგროკომპლექსს“ (Агрокомплекс имени Н.И. Ткачева) შორის ხელშეკრულება სასტუმროს მშენებლობის შესახებ 2021 წელს  დაიდო. კომპანიის დირექტორი ალექსანდრ ტკაჩოვია, რომელიც 2000-2015 წლებში კრასნოდარის მხარის გუბერნატორი იყო. რუსეთის პრეზიდენტის 2012 წლის 16 მარტის ბრძანებით, იგი რუსეთის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენლად დაინიშნა ოკუპირებულ აფხაზეთში. 2012 წელს მას „აფხაზეთის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიანიჭეს. მოგვიანებით, 2015-2018 წლებში, ტკაჩოვი რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრის თანამდებობასაც იკავებდა.

ალექსანდრ ტკაჩოვი

პროექტის დეტალები

სასტუმროს მდებარეობა

ახალი სასტუმრო ბიჭვინთაში აშენდება და მოიცავს გველების ტბასა და ბიჭვინთის რელიქტური ფიჭვის კორომის ტერიტორიას. სასტუმროს ტერიტორია სოხუმის აეროპორტიდან 1,5 საათის სავალზეა. სასტუმრო კომპლექსი ასევე დაიკავებს 2 კილომეტრიან სანაპირო ზოლს.  

ინვესტიციების მოცულობა და პროექტის მასშტაბები

პროექტის პრეზენტაციის დროს ინვესტიცია 20 მლრდ რუბლით იყო შეფასებული. კომპანია „ტკაჩოვის სახელობის აგროკომპლექსი“ აფხაზეთში აპირებდა 700 ადგილიანი სასტუმროს ტიპის კომპლექსისა და ჯამში 1000 სტუმარზე გათვლილი აპარტამენტების აშენებას. კომპანიის დირექტორის თქმით, მშენებლობა 3 წელს გასტანდა და ჯამში დაახლოებით 1000 ადამიანი დასაქმდებოდა. მისივე თქმით, ათი წლის განმავლობაში კომპლექსის მუშაობის შედეგად ბიუჯეტში საშუალოდ 5 მლრდ რუბლი შევიდოდა. კომპლექსის მშენებლობის დაწყება თავდაპირველად 2022 წლის ბოლოს იგეგმებოდა. პროექტის თანახმად, კომპლექსი 45 ჰექტარს მოიცავს და წლიურად 150 000 ტურისტს მიიღებს.

მომდევნო წლებში პროექტის დეტალები დაზუსტდა. პროექტის ბოლო ვერსიის თანახმად, პროექტი 46,5 ჰექტარზე განხორციელდება. პროექტის დასრულებას 2026 წელს ვარაუდობენ, ჯამური ინვესტიცია კი 31 მლრდ რუბლი (860 მლნ ლარი) იქნება. ჯამში იგეგმება 2500 ადამიანის დასაქმება.  

სასტუმრო კომპლექსი

სასტუმრო საავტომობილო გზის ორ მხარეს იქნება განთავსებული. ზედა მხარეს განთავსდება ელიტური აპარტამენტები.  ცალკე იქნება განთავსებული აპარტამენტები და ვილები ზღვისა და ტბის სანაპიროზე. 

სასტუმრო კომპლექსში 2 ერთეული 30 სართულიანი შენობა იქნება, ერთში განთავსდება ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო, მეორეში - ოთხვარსკვლავიანი. სასტუმროს ფორმა ამფითეატრის ფორმას დაემსგავსება, შიდა ტერიტორიაზე განთავსდება კოტეჯები და საცურაო აუზი ზღვის წყლით.

ვილები „მოსკვა რეზორტში“

ადგილობრივების პროტესტი

2021 წელს ტკაჩოვის განცხადებას ადგილობრივების გულისწყრომა მოჰყვა. „უნიკალური ადგილი, 45 ჰექტარი, რომელიც შევიძინეთ, გამოვისყიდეთ, ვფიქრობ, რომ ეს ადგილი იმსახურებს ასეთ პროექტს“, ამ სიტყვების შემდეგ ადგილობრივები დე ფაქტო მთავრობის მიერ ინვესტორისთვის მიწის უკანონოდ მიყიდვაზე საუბრობდნენ.

ოკუპირებული რეგიონის „კონსტიტუციისა“ და „კანონების“ მიხედვით, აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული მიწა აფხაზი ხალხის საკუთრებაა და არ წარმოადგენს ყიდვა-გაყიდვის ობიექტს. მოგვიანებით სასტუმრო კომპლექსის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მშენებლობისთვის ტერიტორია არენდის პირობებითაა მიღებული და არა საკუთრებაში. ამას წინ უძღოდა „ბიჭვინთის“ სამთავრობო აგარაკის რუსეთისთვის გადაცემის საკითხიც, რაც ოკუპირებულ რეგიონში დღემდე საზოგადოებისა და პოლიტიკური ჯგუფების პროტესტს იწვევს.

Go BackGo Back