ახალი ამბები

საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები და გადაწყვეტილებები: 2024 წელი

2025 / 01 / 26

საერთაშორისო ორგანიზაციების რეზოლუციები და გადაწყვეტილებები : 2024 წელი

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუცია

2024 წლის 4 ივნისს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ, 78-ე სესიის ფარგლებში, მიიღო რეზოლუცია „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთი ოსეთი, საქართველოს იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და დევნილთა დაბრუნების უფლებას თავიანთ სახლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. რეზოლუციას მხარი 103 ქვეყანამ დაუჭირა, 9 წინააღმდეგი იყო, 52-მა კი – თავი შეიკავა. რუსეთთან ერთად რეზოლუციის წინააღმდეგ ხმა მისცეს: ბელარუსმა, ბურუნდიმ, კუბამ, მალიმ, ჩრდილოეთ კორეამ, ნიკარაგუამ, სირიამ და ზიმბაბვემ.

გასულ წელთან შედარებით, რეზოლუციას 100-ის ნაცვლად 103-მა ქვეყანამ დაუჭირა მხარი, რაც 2008 წლის შემდეგ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. წელს პირველად რეზოლუციას მხარი დაუჭირა სომხეთმა, რომელიც მანამდე თავს იკავებდა ან ხმას წინააღმდეგ აძლევდა. ერევნის პოზიციის ცვლილება განპირობებულია რუსეთთან სომხეთის ურთიერთობის გაუარესებით და საგარეო-პოლიტიკური ვექტორის შეცვლის მცდელობით. რეზოლუციას წელს პირველად შეუერთდნენ სამხრეთი აფრიკა და არგენტინაც. აღსანიშნავია, რომ ჩინეთმა, რომელთანაც საქართველომ 2023 წელს სტრატეგიული პარტნიორობის დამყარების შესახებ ერთობლივ განცხადებას მოაწერა ხელი, რეზოლუციის მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაეროს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის გარდა, რეზოლუციას აქვს პრაქტიკული დატვირთვაც, ვინაიდან ის გაეროს გენერალურ მდივანს საქართველოში მცხოვრები დევნილი მოსახლეობის მდგომარეობისა და რეზოლუციის შესრულების თაობაზე ყოველწლიური ანგარიშის მომზადებას ავალებს.

რეზოლუციასთან დაკავშირებით 5 ივნისს განცხადება გაავრცელა აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ. მათი შეფასებით, „სერიოზულ იმედგაცრუებას იწვევს ის ფაქტი, რომ აღნიშნული რეზოლუცია ყოველწლიურად მიიღება აფხაზური მხარის აზრისა და პოზიციის გათვალისწინების გარეშე. რეზოლუციას აშკარად მიკერძოებული ხასიათი აქვს და არ ასახავს რეგიონში არსებულ რეალურ ვითარებას“.

რეზოლუციასთან დაკავშირებით 7 ივნისს განცხადება გააკეთა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც. „ნათელია, რომ ლტოლვილთა პრობლემების გადაწყვეტის რეალური ძალისხმევის მაგივრად, გრძელდება საკითხის პოლიტიზების კონტრპროდუქტიული პრაქტიკა, რომლის განხილვის დროსაც გაეროში სამხრეთ ოსეთი მოკლებულია შესაძლებლობას წარადგინოს თავისი დასაბუთებული მოსაზრება“, – წერია განცხადებაში.

გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოს რეზოლუცია

2024 წლის 11 ოქტომბერს ჟენევაში გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია – „თანამშრომლობა საქართველოსთან“ მიიღო. დოკუმენტს მხარი საბჭოს 24 წევრმა დაუჭირა. აღსანიშნავია, რომ წინა წელთან შედარებით, რეზოლუციის მხარდამჭერთა რაოდენობა გაზრდილია. რეზოლუციაში პირველად აისახა ჩანაწერი რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციის თაობაზე. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2021-2024 წლების გადაწყვეტილებების შესაბამისად, რეზოლუციაში საუბარია  აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების ოკუპაციასა და ადამიანის უფლებათა უხეშ დარღვევებზე რუსეთის, როგორც ეფექტური კონტროლის განმახორციელებელი ძალის, პასუხისმგებლობის შესახებ. ადამიანის უფლებათა საბჭო  სერიოზულ შეშფოთებას გამოთქვამს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ განხორციელებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციისა და ადამიანის უფლებათა დარღვევების ფაქტებზე.

აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, გაეროს რეზოლუციაში კვლავ გამოყენებულია შაბლონური, განმეორებადი ტერმინები, რომლებიც ადგილზე არსებულ რეალურ სურათს მნიშვნელოვნად ამახინჯებს და ატარებს პოლიტიზებულ და ტენდენციურ ხასიათს.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, რეზოლუცია შეიცავს ტენდენციურ შეფასებებს, რომელიც არ ასახავს რეალობას ე.წ. ქართული ტერიტორიების ოკუპაციისა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანების უფლებების დარღვევების შესახებ.

ევროპული სასამართლოს განაჩენი „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ

2024 წლის 9 აპრილს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ რუსეთის მხრიდან „ბორდერიზაციის“ წინააღმდეგ 2018 წლის სარჩელზე ადამიანის უფლებათა დარღვევები დაადგინა. სასამართლომ საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ“ ერთხმად დაადგინა, რომ 2009 წლიდან მიმდინარე „ბორდერიზაციის“ პროცესის დროს ხდებოდა სიცოცხლის უფლების, არაადამიანური ან ღირსების შემლახველი მოპყრობის აკრძალვის უფლების, თავისუფლების უფლების, პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, საკუთრების დაცვის უფლების, განათლებისა და თავისუფალი გადაადგილების უფლებების დარღვევა.  ამ საკითხზე განცხადება გაავრცელა ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომაც, რომელმაც სასამართლოს ორმაგ სტანდარტებში დასდო ბრალი. დე ფაქტო სამინისტროს შეფასებით, „საერთაშორისო სამართალი პოლიტიკური მანიპულაციის ობიექტი გახდა და ეს უკვე ღიად კეთდება. მოვლენების ისეთი ინტერპრეტაცია, რომელიც რეალობას არ შეესაბამება,  ვერ შეუწყობს ხელს რეგიონში მდგრადი მშვიდობის მიღწევისთვის გადადგმულ ძალისხმევას და საერთაშორისო სასამართლოების მიმართ ნდობას“. საქართველოს ხელისუფლებამ ევროპულ სასამართლოს სარჩელით 2018 წლის 22 აგვისტოს მიმართა.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება

2024 წლის 17 დეკემბერს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილება გამოაქვეყნა საქმეზე „ტაგანოვა და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“, რომელიც ოკუპირებულ აფხაზეთში საკუთრების უფლებების დარღვევაზე სრულ პასუხისმგებლობას რუსეთს აკისრებს. საქმე ეხებოდა ექვსი მომჩივნის – ოთხი ქართველის და ორი რუსის საჩივრებს, რომელთაც უარი ეთქვათ აფხაზეთში საომარი მოქმედებების შემდეგ თავიანთ სახლებსა და საკუთრებაში შესვლაზე. სასამართლომ დაადგინა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის N1 ოქმის 1-ლი მუხლის (საკუთრების დაცვა) და მე-8 მუხლის (პირადი და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლება) დარღვევები.

სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ რუსეთი ეფექტურ კონტროლს ახორციელებს აფხაზეთზე და ვერ უზრუნველყო ინდივიდუალური პირების, განსაკუთრებით, საქართველოს მოქალაქეების საკუთრების უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიაზე. „მათ უნდა მიეღოთ ზომები ამ უფლებების დასაცავად, მათ შორის, ადვილად ხელმისაწვდომი და მოქნილი სამართლებრივი მექანიზმის უზრუნველყოფის გზით. მათ ეს ვერ მოახერხეს. შესაბამისად, ამ განმცხადებლების უფლებების დარღვევა რუსეთის ფედერაციის გამო მოხდა“, – ნათქვამია სასამართლოს პრესრელიზში.

 

ამონარიდი რონდელის ფონდის პუბლიკაციიდან.

Go BackGo Back