2024 წელს სოხუმთან და ცხინვალთან მოლაპარაკებების ფორმატი უცვლელი იყო. შეხვედრები კვლავ იმართებოდა ჟენევაში, ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატში, და ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში. გალში აფხაზურ მხარესთან შეხვედრები 2018 წლიდან, გიგა ოთხოზორიას მკვლელობის შემდეგ, არ ტარდება. საყურადღებოა, რომ ჟენევაში მოლაპარაკებების დროს მოსკოვი და სოხუმი ითხოვდნენ ქ. გალში შეხვედრების აღდგენას, მაგრამ ამ საკითხზე ქართული მხარის პოზიციის გამო შეხვედრების განახლება ვერ ხერხდება.
ჟენევის შეხვედრები
2022 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ ჟენევის ფორმატში შეხვედრების ადგილის მიმართ სულ უფრო გახშირდა მოსკოვის პრეტენზიები, რასაც სოხუმსა და ცხინვალშიც იზიარებენ. რუსეთის შეფასებით, შვეიცარიამ დაკარგა ნეიტრალური ქვეყნის სტატუსი, რადგან შვეიცარია შეუერთდა ევროკავშირის ანტირუსულ აქციებს და „სრულ სოლიდარობას უცხადებს კიევის რეჟიმს“. მოსკოვი ცდილობს ჟენევიდან მოლაპარაკების რაუნდების გადატანაზე კონსენსუსს მიაღწიოს აფხაზი და ოსი მოკავშირეების მხარდაჭერით. სოხუმი და ცხინვალი მხარს უჭერენ მოსკოვს და ერთ-ერთ მიზეზად სავიზო პოლიტიკის გამკაცრებასაც ასახელებენ, რაც მათ ხელს უშლის შენგენის ქვეყნებში/შვეიცარიაში თავისუფლად გადაადგილებაში. ალტერნატიულ ადგილებად სახელდება ბელარუსი და სერბეთი, თუმცა ადგილის შეცვლისთვის საჭიროა თბილისის თანხმობაც.
2022 წელს ჟენევის ფორმატში მხოლოდ ერთი შეხვედრა ჩატარდა, 2023 და 2024 წლებში – სამ-სამი. 2022 წლამდე, როგორც წესი, წლის განმავლობაში ოთხი შეხვედრა ტარდებოდა.
2024 წელს ჩატარდა ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების სამი რაუნდი:
ჟენევაში სოხუმისა და ცხინვალის მხრიდან, როგორც წესი, შემდეგნაირი შინაარსის მოთხოვნები ისმის:
ერგნეთის შეხვედრები
ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატში, 2024 წელს ექვსი შეხვედრა გაიმართა. შვიდი შეხვედრა ჩატარდა 2023 წელს. ერგნეთში პირველი შეხვედრა 2009 წლის 23 აპრილს გაიმართა. ამ ფორმატში შეხვედრების ჩატარების გადაწყვეტილება 2009 წლის 18-19 თებერვალს ჟენევის მოლაპარაკებების მე-6 რაუნდზე მიიღეს.
2024 წელს ერგნეთში გაიმართა ექვსი შეხვედრა:
ერგნეთის შეხვედრებზე განიხილება სხვადასხვა საკითხი, რომლებსაც ქართული და ოსური მხარე მნიშვნელოვნად მიიჩნევს.
ქართული მხარის მიერ დასმული საკითხები:
საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებების შეწყვეტა და ყველა უკანონოდ დაკავებულის განთავისუფლება.
„ბორდერიზაციის“ უკანონო პროცესის შეჩერება.
თამაზ გინტურის მკვლელების (რუსეთის საოკუპაციო ძალებმა გინტური 2023 წლის 6 ნოემბერს მოკლეს) დასჯა.
ოსური მხარის მიერ დასმული საკითხები:
„სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაცია და დემარკაცია.
„საზღვრის დარღვევის“ შემთხვევების აღკვეთა.
საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ უპილოტო საფრენ აპარატებთან დაკავშირებული ინციდენტები.
სოფ. ჩორჩანაში ქართული საპოლიციო საგუშაგოს გაუქმება.
სიგარეტის კონტრაბანდის აღკვეთა.
საოკუპაციო ხაზზე ვანდალიზმის (მათ შორის იგულისხმება ე.წ. სასაზღვრო ინფრასტრუქტურის დაზიანება) ფაქტების აღკვეთა.
ერგნეთის შეხვედრების ყველაზე დიდ მიღწევად შეიძლება ჩაითვალოს შეთანხმება ტირიფონის არხის ამოქმედებაზე, რაც მნიშვნელოვანია როგორც ოკუპირებული, ასევე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისთვის. ტირიფონის არხი სარწყავი სისტემაა, რომელიც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მდებარე ქართულ და ოსურ სოფლებს ამარაგებს სარწყავი წყლით. არხმა 2008 წლის შემდეგ შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საკითხზე მხარეებს შორის მუდმივად მიმდინარეობს თანამშრომლობა.
ამონარიდი რონდელის ფონდის პუბლიკაციიდან.