ახალი ამბები

ვლადიმერ პუტინისა და ბადრა გუნბას პირველი შეხვედრა

2025 / 03 / 07

ავტორი: არსენ არაქელოვი

2025 წლის 1 მარტს რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში კრემლის ფავორიტმა ბადრა გუნბამ გაიმარჯვა. მეორე დღესვე გუნბას გამარჯვება მიულოცა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, რაც გუნბას მოწინააღმდეგეებს აიძულებს ამ ეტაპზე მარცხს შეეგუონ და პოლიტიკური რევანშისთვის ახალ შანსს დაელოდონ. დამარცხებულმა ადგურ არძინბამ „არჩევნების“ შედეგები აღიარა, თუმცა გამარჯვება არ მიულოცა გუნბას. გუნბას „ინაუგურაცია“ საბოლოო შედეგების გამოცხადებიდან 30 დღეში გაიმართება.

5 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტის პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამავე დღეს გუნბა პუტინს კრემლში შეხვდებოდა. პუტინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს უკანასკნელად 2023 წლის ოქტომბერში შეხვდა, რა დროსაც „პრეზიდენტი“ ასლან ბჟანია იყო. გუნბასა და პუტინს შორის შეხვედრა, როგორც დაანონსებული იყო, შედგა. მათი შეხვედრა არ გაგრძელებულა დიდხანს, თუმცა შეხვედრაზე ოკუპირებული აფხაზეთისთვის რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს.

შეხვედრის გახსნა

შეხვედრის დასაწყისში პუტინმა მიულოცა გუნბას „გაპრეზიდენტება“. მან აღნიშნა, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში „არჩევნები ემოციების ფონზე ჩატარდა“, თუმცა, პუტინის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ხალხმა საკუთარი ნება გამოხატა.

გუნბა „გაპრეზიდენტებამდე“ დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, რაც პუტინმაც აღნიშნა და დასძინა, რომ შესაბამისად, გუნბამ იცის იმ პრობლემებისა და გადაწყვეტილებების შესახებ, რაც დღის წესრიგში დგას და რომლებიც გადაწყვეტას საჭიროებენ.

გუნბამ, თავის მხრივ, საკუთარი სიტყვა ისტორიულ ექსკურსზე ააგო, თუმცა მანამდე მან მადლობა გადაუხადა პუტინს მილოცვისთვის და დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკური, სოციალური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერისთვის. გუნბას თქმით, ის იაზრებს აფხაზი ხალხის წინაშე აღებულ პასუხისმგებლობას, რაც რუსეთთან, მთავარ სტრატეგიულ მოკავშირესთან თანამშრომლობაა.

ამასთან, გუნბამ აღნიშნა, რომ რუსეთსა და აფხაზეთს საერთო ისტორია აქვთ. მისი თქმით, ისინი მხარდამხარ იბრძოდნენ „დიდ სამამულო ომში“. გუნბას მტკიცებით, მეორე მსოფლიო ომს აფხაზეთის 17 ათას „მოქალაქეზე“ მეტი შეეწირა, მათ შორის, 22 საბჭოთა კავშირის გმირი, რომლებიც წარმოშობით აფხაზეთიდან იყვნენ.

გუნბამ მადლობა გადაუხადა პუტინს „პრეზიდენტის ფონდიდან“ გამოყოფილი გრანტისთვის, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის სოფლებსა და სკოლებში იმ ძეგლების აღდგენას მოხმარდა, „რომლებიც ყველას ახსენებს ჩვენს დიად გამარჯვებას“.

რუსეთი პერიოდულად დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებს უფასო სამედიცინო კვლევებს სთავაზობს, რისთვისაც გუნბამ პუტინს ასევე მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, სკოლის მოსწავლეებისთვის ასეთი სერვისის მიწოდება, რასაც რუსეთი აფინანსებს, აფხაზეთის მომავალზე ზრუნვაა.

გუნბამ აღნიშნა ოკუპირებული აფხაზეთიდან უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში მონაწილე და დაღუპული მებრძოლებიც. მისი თქმით, რუსეთის სამხედრო აგრესიაში გამარჯვება აფხაზეთის გამარჯვება და საერთო მომავალია. გუნმაბ აღნიშნა ის ასი ათასობით ტონა ჰუმანიტარული დახმარებაც, რომელიც პერიოდულად აფხაზეთიდან იგზავნება რუსეთის მოქალაქეებისა თუ სამხედრო მოსამსახურეებისთვის.

2022 წლის 24 თებერვალს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის დაწყების შემდეგ, ღია წყაროებით დადასტურებული ინფორმაციით, აფხაზეთიდან დაიღუპა 38 მებრძოლი. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დროს აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონიდან დაღუპული მებრძოლების შესახებ დეტალურად იხ.: ინტერაქტიური რუკა.

ელექტროენერგიის მიწოდება

გუნმაბ პუტინის მისამართით სამი თხოვნა გააჟღერა, პირველი კი ელექტროენერგიის მიწოდებას შეეხებოდა. ოკუპირებულ აფხაზეთში გასულ წელს მძიმე ენერგოკრიზისი იყო, რის გამოც მოსახლეობას ელექტროენერგია გრაფიკით მიეწოდებოდა. ეს, მეორე მხრივ, რუსეთის მიერ დაწესებული „სანქციის“ შედეგი იყო. რუსეთმა შეზღუდა შეღავათიანი ტარიფით აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება მას შემდეგ, რაც ბჟანიამ რუსეთის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ვერ შეძლო.

არალეგიტიმურ არჩევნებამდე, კრემლმა მხარდაჭერა გამოუცხადა გუნბას და ამის საჩვენებლად აფხაზეთს მიაწოდა ელექტროენერგია, რათა ენერგოდეფიციტის პრობლემა მოგვარებულიყო. სწორედ ამასთან დაკავშირებით, გუნბამ მადლობა გადაუხადა პუტინს, თუმცა აღნიშნა რომ ელექტროენერგიის სახით ჰუმანიტარული დახმარება, რომელიც აფხაზეთს მიეწოდა, ფაქტობრივად ამოწურულია. გუნბამ სთხოვა პუტინს, რომ რუსეთს კვლავ მიეწოდებინა ელექტროენერგია აფხაზეთისთვის აპრილის შუა რიცხვებამდე, სანამ მასზე მოთხოვნა არ შემცირდებოდა, რაზეც პუტინმა უპასუხა - „კარგი, ყველაფერს გავაკეთებთ“.

ორმაგი მოქალაქეობის საკითხი

მეორე თხოვნა, რაც გუნბამ პუტინის მისამართით გააჟღერა, იყო რუსეთის მხრიდან აფხაზეთის „მოქალაქეებისთვის“ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების საკითხი. აღნიშნულმა საკითხმა უკვე გაირა საკანონმდებლო ორგანოებში რატიფიკაციის ეტაპი, თუმცა რჩება იმ მექანიზმის შექმნა, რომელიც მისცემს აფხაზეთის „მოქალაქეებს“ უფლებას აფხაზეთისა და რუსეთის ორმაგი მოქალაქეობა მიიღონ. გუნბას თქმით, აფხაზეთის „მოქალაქეების“ 70 პროცენტი ფლობს რუსეთის მოქალაქეობას, თუმცა საზოგადოების ნაწილმა ვერ მოასწრო რუსეთის მოქალაქეობის მიღება და კარგი იქნებოდა, თუ ეს პროგრამა განახლდებოდა.

პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი გააგრძელებს ამ პროგრამას. მისი თქმით, პროგრამა, პრინციპში, მზად არის და რუსეთი განაგრძობს მის რეალიზებას. მან აღნიშნა, რომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შესაძლოა იყოს საკითხები, რასაც დე ფაქტო მთავრობამ უნდა მიაქციოს ყურადღებას, თუმცა ორმხრივი მუშაობა ამ საკითხზე გაგრძელდება.

აფხაზური მართვის მოწმობებით ე.წ. საზღვრის კვეთა

უკანასკნელი საკითხი, რაზეც გუნბამ გაამახვილა ყურადღება ეს „აფხაზური მართვის მოწმობებით“ რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საზღვრის კვეთა იყო. საქმე ისაა, რომ 1 აპრილიდან ძალაში შედის დადგენილება, რომლის თანახმადაც აფხაზური მართვის მოწმობებით ე.წ. საზღვრის გადაკვეთა შეუძლებელი გახდება. გუნბამ პუტინს სთხოვა, რომ ამ დადგენილების მოქმედების ვადა რუსეთის მთავრობას 2 წლით გადაეწია, ამ პერიოდის განმავლობაში კი, დე ფაქტო მთავრობა დაარწმუნებდა მოსახლეობას რუსეთის მართვის მოწმობების აღების აუცილებლობაში.

პუტინმა კი ამაზე განაცხადა, რომ ამის გაკეთება უფრო სწრაფად არის შესაძლებელი, ვიდრე 2 წელი. მისი თქმით, მას ესმის, რომ რუსეთის მომსახურების სააგენტომ შესაძლოა ვერ დააკამყოფილოს აფხაზეთის ყველა „მოქალაქის“ მოთხოვნა მოკლე პერიოდში, რის გამოც ის სთხოვს შსს-ს, რომ უწყებამ გაზარდოს იმ პუნქტების რაოდენობა, სადაც აფხაზეთის მოსახლეობა შეძლებს რუსეთის მართვის მოწმობის აღებას ისე, რომ ეს საკითხი „არ გაიწელოს წლობით“. ამასთან, პუტინმა ბოლოს დასძინა - „თუმცა ჩვენ ამას გავაკეთებთ“, რითიც შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ 1 აპრილს დადგენილება არ შევა ძალაში.

შეჯამება

გუნბასა და პუტინის შეხვედრა შეგვიძლია კრემლის მიერ გუნბას ლეგიტიმაციად მივიჩნიოთ, რაც გუნბას ოპოზიციას აიძულებს ამ ეტაპზე მარცხს შეეგუოს. გუნბამ, თავის მხრივ, აფხაზეთის მოსახლეობას უჩვენა, რომ მას შეუძლია პუტინისგან გარკვეული სიკეთის მიღება და რომ ის სასურველი ფიგურაა კრემლისთვის. გუნბას მთავარი გამოწვევა იქნება რუსეთის მოთხოვნების შესრულება, რაზეც ოკუპირებულ აფხაზეთში საზოგადოების ნაწილსა და ოპოზიციას მწვავე დამოკიდებულება აქვს.

Go BackGo Back