ავტორი: ნიკოლოზ კუტუბიძე
1992 წლის 14 აგვისტოს თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სისხლიანი და მტკივნეული ეპიზოდი, აფხაზეთის ომი, დაიწყო. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა, 30 სექტემბერს კი საქართველომ, კოდორის ხეობის გარდა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე კონტროლი დაკარგა. კოდორის ხეობა აფხაზმა სეპარატისტებმა, რუსეთის შეიარაღებული ძალების მხარდაჭერით, 2008 წლის აგვისტოში რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაიკავეს.
1992-1993 წლების ომის დასრულების შემდეგ რუსეთი, რომელიც კონფლიქტში სეპარატისტებს ღიად უჭერდა მხარს, თბილისსა და სოხუმს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთო. ამ მხრივ, მნიშვნელოვანი იყო ომის დაწყებიდან ხუთ წელიწადში თბილისში გამართული შეხვედრა, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე და სეპარატისტების ლიდერი ვლადისლავ არძინბა მონაწილეობდნენ.
შეხვედრის მომზადება და ევგენი პრიმაკოვი
1995-98 წლებში რუსეთში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის, ვაჟა ლორთქიფანიძის, თანახმად, ომის დაწყებიდან ხუთი წლის თავზე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევგენი პრიმაკოვმა მასთან და საქართველოს მთავრობასთან რამდენიმე დღიანი მოლაპარაკებები გამართა. ამ მოლაპარაკებების დროს მოსკოვი თბილისს შეუთანხმდა, რომ თბილისს ეწვეოდა თავად პრიმაკოვი და აფხაზი სეპარატისტების ლიდერი და აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი ვლადისლავ არძინბა. თბილისში ჩამოსვლის მიზანი საქართველოს პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძესთან პირდაპირი მოლაპარაკებების გამართვა იყო.
აღსანიშნავია, რომ არძინბას ვიზიტამდე აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობდა ქართულ და აფხაზურ მხარეებს შორის მოსკოვში, რაც მოჰყვა რუსეთის პრეზიდენტ ბორის ელცინის 1 აგვისტოს გამოთქმულ ინიციატივას, აფხაზეთის პრობლემაზე „სერიოზული საუბრისთვის“ შევარდნაძისა და არძინბას მიწვევის შესახებ. მოლაპარაკებებში ასევე ჩართული იყო პრიმაკოვიც (გაზ. „საქართველო“, 15/08/1997), რომელიც დაინტერესებული იყო მაქსიმალურად თვალსაჩინო გაეხადა რუსეთის როლი ამ კონფლიქტის მოგვარებაში. რუსეთი საბჭოთა კავშირის დაშლის მიუხედავად კავკასიას თავისი გავლენის სფეროდ მიიჩნევდა და უმნიშვნელოვანესი იყო, რომ სწორედ მას უნდა ეთამაშა გადამწყვეტი როლი ამ კონფლიქტში.
შეიძლება ასევე ითქვას, რომ ქართულ-აფხაზური კონფლიქტი პრიმაკოვისთვის პირადადაც საკმაოდ მნიშვნელოვანი იყო. ის თბილისში გაიზარდა. პირადად იცნობდა არძინბას, რომელიც პრიმაკოვმა საბჭოთა კავშირის აღმოსავლეთმცოდნეობის ინსტიტუტის დირექტორობისას გაიცნო. პრიმაკოვისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო შევარდნაძესთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნება, რომელიც საბჭოთა კავშირის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი და დასავლეთში კარგად ცნობილი პოლიტიკოსი იყო.
ამ პერიოდში ქართული მხარე ითხოვდა აფხაზეთში განლაგებული დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის (დსთ), რეალურად კი რუსული სამშვიდობო ძალების, მიერ ტერიტორიის დატოვებას და მათი საერთაშორისო მრავალეროვნული სამშვიდობო მისიით ჩანაცვლებას. ამას, რა თქმა უნდა, კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდა თავად რუსეთი. არც დასავლეთი იყო ბოლომდე მზად ამ ნაბიჯის გადასადგმელად, რაც კიდევ უფრო არარეალურს ხდიდა დსთ-ის სამშვიდობო ძალების მიერ აფხაზეთის დატოვებას და ლტოლვილთა დაბრუნების პროცესის დაწყებას.
არძინბას ვიზიტამდე სატელეფონო საუბარი ასევე გაიმართა რუსეთისა და საქართველოს პრეზიდენტებს შორის და ზოგიერთი წყაროს მიხედვით, სწორედ ამ საუბრისას ელცინმა პირობა დადო, რომ არძინბა და პრიმაკოვი თბილისს ეწვეოდნენ (გაზ. „კვირის პალიტრა“, 24/08/1997). ვიზიტამდე ერთი დღით ადრე ასევე გასაჯაროვდა არძინბას ინტერვიუ, რომელიც ემსახურებოდა აფხაზი ხალხისთვის კიდევ ერთხელ წინასწარ იმის დამტკიცებას, რომ ისეთი ნაბიჯიც კი, როგორიცაა თბილისში ჩასვლა, არ ნიშნავდა აფხაზი ხალხის ნების ღალატს.
ვიზიტის ორგანიზატორი პრიმაკოვი გახლდათ. ის პირადად ეწვია არძინბას და უზრუნველყო აფხაზთა დელეგაციის მასთან ერთად თბილისში გამომგზავრების საკითხები.
შეხვედრა თბილისში
ვიზიტამდე სოხუმში გაიმართა აფხაზეთის ე.წ. უშიშროების საბჭოს სხდომა, სადაც გამოითქვა შიში, რომ არძინბა ცნობილი აფხაზი ბოლშევიკის, ნესტორ ლაკობას, ბედს გაიზიარებდა და მას მოწამლავდნენ. თუმცა, არძინბას უსაფრთხოების საკითხი პირადად პრიმაკოვმა საკუთარ თავზე აიღო და 14 აგვისტოს აფხაზური დელეგაცია თბილისში, პრიმაკოვის სამთავრობო თვითმფრინავით ჩამოფრინდა. ამ დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ თავად არძინბა, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა და ქართულ-აფხაზურ მოლაპარაკებებში არძინბას პირადი წარმომადგენელი ანრი ჯერგენია (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 15/08/1997).
აფხაზური დელეგაცია იმდღესვე სამთავრობო რეზიდენციაში მიიღო შევარდნაძემ. მალევე დაიწყო უშუალო მოლაპარაკებების ეტაპიც. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მხრიდან იყო აქტიური მოთხოვნა, თავად პრიმაკოვი არ დაესწრო შევარდნაძისა და არძინბას პირისპირ საუბარს. მან იქვე შეკრებილ მედიის წარმომადგენლებს განუმარტა, რომ ამ შეხვედრის ორგანიზებით მისი უშუალო მისია შესრულებული იყო და მხარეები თავადვე უკეთესად მოახერხებდნენ შეთანხმების მიღწევას (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 16/08/1997). პარალელურად ასევე გაიმართა სხვადასხვა საკითხებზე მოლაპარაკებები აფხაზურ და ქართულ მხარეებს შორის, რომლებზედაც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ზურაბ ჟვანია, საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილი, საქართველოს ელჩი რუსეთში ვაჟა ლორთქიფანიძე და სხვები იღებდნენ მონაწილეობას. შევარდნაძისა და არძინბას პირისპირი მოლაპარაკებების შემდეგ მათ ასევე ცალ-ცალკე გამართეს საუბრები პრიმაკოვთანაც.
რეალური შედეგი ან შეთანხმება ამ მოლაპარაკებებს, ფაქტობრივად, არ მოჰყოლია. ქართული მხარე კატეგორიულად უარს აცხადებდა „ერთიანი სახელმწიფოს“ ანუ ერთგვარი კონფედერაციის შექმნაზე, რაც ნიშნავდა აფხაზეთის სუვერენულობისა და დამოუკიდებლობის აღიარებას და შემდგომ მასთან ერთად ახალი კონფედერაციული სახელმწიფოს შექმნას. თავის მხრივ, აფხაზური მხარე უარს აცხადებდა აფხაზეთის რაიმე სახით ისევ საქართველოს შემადგენლობაში დაბრუნებაზე, თუნდაც გაფართოებული ავტონომიით და ფედერაციული სისტემით. შეუძლებელი იყო ასევე აფხაზეთიდან ლტოლვილთა თავიანთ სახლებში დაბრუნების საკითხის მოგვარებაც, რაც იმ დროისთვის საქართველოს მთავრობისთვის ერთ-ერთი ყველაზე მწვავე გამოწვევა იყო (პაპასქირი, 1998).
ერთობლივი განცხადება
მოლაპარაკებებში ჩართული ყველა მხარისთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ ამ ვიზიტს რაიმე შედეგი მოჰყოლოდა. ამისათვის მხარეებმა გადაწყვიტეს, მეორე დღეს, 15 აგვისტოს, ხელი მოეწერათ „განცხადებაზე ქართული და აფხაზური მხარეების შეხვედრის შესახებ“. ამ დოკუმენტში გამოითქვა ორივე მხარის კმაყოფილება შეხვედრისა და მოლაპარაკებების შესახებ. ასევე ხაზგასმული იყო რუსეთის ფედერაციის, კერძოდ პრიმაკოვის და ელცინის, როლი ქართულ-აფხაზური კონფლიქტის მოგვარებაში. ამ დოკუმენტით მათ ასევე მზადყოფნა გამოთქვეს კონფლიქტის საბოლოო დასრულებასთან დაკავშირებით, უარი ითქვა საომარი მოქმედებების ხელახლა წამოწყებაზე, გამოთქვეს სრული თანხმობა დავების მშვიდობიანად მოლაპარაკებების გზით მოგვარებაზე. ეს დოკუმენტი, ფაქტობრივად, არ ქმნიდა ახალ დღის წესრიგს მხარეებს შორის და ძირეული შეთანხმება არცერთ მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით 14-15 აგვისტოს არ მომხდარა. თუმცა, ორივე მხარის წარმომადგენლებმა მედიას განუცხადეს, რომ ეს იყო მნიშვნელოვანი და წინ გადადგმული ნაბიჯი კონფლიქტის საბოლოო მშვიდობიანი და სამართლიანი მოგვარებისთვის (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 16/08/1997).
მოგვიანებით, ამ შეხვედრის შემდეგ მუშაობა ასევე მიმდინარეობდა აფხაზეთის კონფლიქტის მოწესრიგების ოქმის პროექტზე, რომელიც იურიდიულ წინაპირობას შექმნიდა ფუძემდებლური ხელშეკრულების შესაქმენლად, ის კი განსაზღვრავდა ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებს საერთო სახელმწიფოში. შევარდნაძის აზრით სწორედ ამის პირველი ნაბიჯები გადაიდგა 14-15 აგვისტოს არძინბას ვიზიტით თბილისში.
ვლადისლავ არძინბა, ევგენი პრიმაკოვი და ედუარდ შევარდნაძე
დასავლეთის რეაგირება
ამ ვიზიტს ასევე გამოხმაურება მოჰყვა დასავლეთიდანაც, აშშ-ს პრეზიდენტი ბილ კლინტონი და საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ლიონელ ჟოსპენი აქტიურად უჭერდნენ მხარს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების გზის უალტერნატივობას და მადლიერებას გამოთქვამდნენ ორივე მხარის მიმართ ამ გზაზე ქმედითი ნაბიჯების გადადგმის დაწყებისთვის (გაზ. „საქართველოს რესპუბლიკა“, 16/08/1997).
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ რაიმე სახის შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა საგრძნობლად შემცირდა 1998 წლის მაისში გალის რაიონში დაწყებული შეიარაღებული კონფლიქტის შემდეგ.
დამატებითი ინფორმაცია: არძინბას თბილისში ვიზიტის შესახებ ასევე შეგიძლიათ იხილოთ რუსი ჟურნალისტების მიერ მომზადებული დოკუმენტური ფილმი.