ივან პოპოვი
რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური (ყოფილი)
ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები
- ივან პოპოვი დაიბადა 1975 წლის 30 იანვარს, დანილოვსკის რაიონში, ვოლგოგრადის ოლქში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
- 1992 წელს ჩააბარა მოსკოვის უმაღლეს სამხედრო სამეთაურო სასწავლებელში.
- 2015 წელს დაამთავრა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის სამხედრო აკადემია.
- 2023 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება. მისი საძახისი იყო „სპარტაკ“.
- მონაწილეობდა ჩეჩნეთის მეორე ომში, რუსეთ-საქართველოს ომში, სირიაში რუსეთის სამხედრო ოპერაციაში, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიაში.
სამხედრო კარიერა
- სწავლის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ-კავკასიის სამხედრო ოლქში 56-ე სადესანტო-მოიერიშე პოლკში ოცეულის მეთაურად დაინიშნა. პოლკის შემადგენლობაში მონაწილეობა მიიღო ჩეჩნეთის მეორე ომში.
- მსახურობდა ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქში. ამ პერიოდში მონაწილეობა მიიღო რუსეთ-საქართველოს ომშიც. ამის შემდეგ მსახურობდა თავდაცვის მართვის ეროვნულ ცენტრში.
- 2015 წელს, სამხედრო აკადემიის დასრულების შემდეგ, ადიღეს რესპუბლიკაში 33-ე ცალკეული მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური იყო.
- 2015-2017 წლებში მე-20 ცალკეული საგვარდიო მოტომსროლელი ბრიგადის მეთაური და ვოლგოგრადის სამხედრო გარნიზონის უფროსია.
- 2018 წლის მაისისთვის, ანექსირებულ ყირიმში, შავი ზღვის ფლოტის 22-ე საარმიო კორპუსის შტაბის მეთაური და ამავე დროს სიმფეროპოლის სამხედრო გარნიზონის უფროსია.
- 2022 წლის მაისისთვის, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის დაწყების პერიოდისთვის, კალინინგრადის ოლქში, ბალტიის ზღვის ფლოტის მე-11 საარმიო კორპუსის შტაბის მეთაურია.
- 2022 წლის ივნისში ბალაკლიის რაიონში რუსეთის სამხედრო ძალებს ხელმძღვანელობდა, რომელსაც სექტემბერში უკრაინის კონტრშეტევის დროს უკან დახევა მოუწია. წარუმატებელი სამხედრო ოპერაციის მიუხედავად, 2023 წლის მარტში პოპოვს გენერალ-მაიორის წოდება მიანიჭეს.
- 2023 წლის ივნისში იგი 58-ე საერთო-საჯარისო არმიის მეთაური გახდა, რომელიც უკრაინაში ზაპოროჟიეს ფრონტზე იყო პასუხისმგებელი. (პოპოვმა 58-ე არმიის მეთაურის პოსტზე მიხაილ ზუსკო შეცვალა, რომლის ბედიც უცნობია. სამხედროებში გავრცელებულია ლეგენდა, რომ უკრაინაში ომის პირველ თვეებში სწორედ ზუსკოს ბრალეულობით 58-ე არმიამ დიდი დანაკარგები განიცადა. უცნობია ზუსტად თუ როდის გაათავისუფლეს თანამდებობიდან ზუსკო და შესაბამისად თუ როდის შეცვალა იგი პოპოვმა).
- 2023 წლის 11 ივლისს ტელეგრამ არხზე გავრცელდა შეტყობინება, რომ პოპოვი ჩამოაშორეს მეთაურობას, რადგან იგი მის დაქვემდებარებულ დანაყოფებში როტაციას ითხოვდა, რის გამოც ხელმძღვანელობამ იგი პანიკის დათესვასა და შანტაჟში დაადანაშაულა. 12 ივლისს სახელმწიფო დუმის დეპუტატმა ანდრეი გურულიოვმა, რომელიც ადრე 58-ე არმიას მეთაურობდა, საკუთარ ტელეგრამ არხზე გამოაქვეყნა პოპოვის ხმოვანი შეტყობინება, რომელიც მისი დანაყოფის სამხედროებისთვის იყო განკუთვნილი. პოპოვის თქმით, იგი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც ხელძღვანელობას რუსეთის არმიაში არსებულ პრობლემებზე მოახსენა.
- 2024 წლის 21 მაისს რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტომ - TASS გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოპოვი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თაღლითობის ბრალდებით პატიმრობაში დატოვეს.