მთავარი ფიგურები

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი

მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსი

მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის გამორჩეული ფიგურაა. იგი ერთ-ერთი ყველაზე განათლებული და სხვა მართლმადიდებელ ეკლესიებთან მოლაპარაკებებში გამოცდილი სასულიერო პირია. რუსეთის ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების თავმჯდომარის რანგში მას რუსეთის საპატრიარქოდან ყველაზე ხშირი კავშირები აქვს საქართველოს ეკლესიასთან. იგი პერიოდულად სტუმრობს საქართველოს და საქართველოდან ჩასულ სასულიერო პირებსაც მასპინძლობს. მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოს სასულიერო პირებთან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რელიგიური კუთხით არსებულ ვითარებასაც განიხილავს და თავისი კომპეტენციის ფარგლებში აღნიშნულ საკითხზე პერიოდულად განცხადებებსაც აკეთებს.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი, ერისკაცობაში გრიგორი ალფეევი, დაიბადა 1966 წლის 24 ივლისს ქ. მოსკოვში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1973-1984 წლებში მოსკოვის მუსიკალურ სკოლაში ვიოლინოსა და კომპოზიციის კლასში სწავლობდა.
  • 1984 წელს სკოლის დასრულების შემდეგ მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორიაში ჩააბარა.
  • 1984-1986 წლებში საბჭოთა კავშირის შეიარაღებულ ძალებში მსახურობდა.
  • 1989 წელს დაუსწრებლად დაამთავრა მოსკოვის სასულიერო სემინარია, 1991 წელს კი - მოსკოვის სასულიერო აკადემია ღვთისმეტყველების კანდიდატის ხარისხით. 1993 წელს აკადემიის ასპირანტურა დაამთავრა. 1991-1993 წლებში სასულიერო სასწავლებლებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.
  • 1993 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტში სტაჟირება გაიარა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლის ხელმძღვანელობით სადოქტორო დისერტაციაზე მუშაობდა. 1995 წელს ოქსფორდის უნივერსიტეტი ფილოსოფიის დოქტორის ხარისხით დაამთავრა.
  • 1995-1997 წლებში სხვადასხვა სასულიერო სემინარიებში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. 1996 წელს ალიასკაზე (აშშ) სასულიერო სემინარიაში დოგმატურ ღვთისმეტყველებაში სალექციო კურს კითხულობდა. 1997-1999 წლებში ნიუ-იორკსა და დიდ ბრიტანეთში კემბრიჯის უნივერსიტეტში ასწავლიდა.
  • არის არაერთი რუსული და უცხოური უნივერსიტეტის დოქტორი, საპატიო დოქტორი, პროფესორი, საპატიო პროფესორი. ასევე არის რუსეთის კომპოზიტორთა კავშირის წევრი.
  • გამოქვეყნებული აქვს 700-ზე მეტი ნაშრომი რელიგიურ თემაზე და ავტორია რამდენიმე მუსიკალური ნაწარმოებისა.

სასულიერო კარიერა

  • 15 წლის ასაკიდან ქ. მოსკოვში აქტიურ რელიგიურ ცხოვრებას ეწევა. 1983 წელს  მოსკოვის საპატრიარქოში საგამომცემლო განყოფილებაში უშტატო თანამშრომლად მუშაობდა.
  • 1987 წელს კონსერვატორიაში სწავლა შეწყვიტა და ვილენსკის მონასტერში მორჩილად წავიდა. ამავე წელს ამავე მონასტერში ბერად აღიკვეცა, შემდეგში კი მღვდელმონაზვნად.
  • 1988-1990 წლებში სხვადასხვა ეკლესიებში სასულიერო პირად მსახურობდა.
  • 1995 წლიდან მუშაობდა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში, 1997 წლიდან 2002 წლამდე კი - ქრისტიანულ კონფესიათა ურთიერთობის სამდივნოს ხელმძღვანელობდა.
  • 1996-2004 წლებში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის სინოდალური საღვთისმეტყველო კომისიის წევრი იყო.
  • 2000 წელს იღუმენის წოდება მიანიჭეს.
  • 2001 წელს ქერჩის ეპისკოპოსად აკურთხეს.
  • 2002 წელს ჯერ არქიმანდრიტად, შემდეგ კი - ეპისკოპოსად აკურთხეს. 2002 წლიდან ევროპულ საერთაშორისო ორგანიზაციებში რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლობის მეთაურად დაინიშნა. 2003 წელს ვენისა და ავსტრიის ეპისკოპოსად დაინიშნა.
  • 2009 წლის 31 მარტს დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსად, წმინდა სინოდის მუდმივ წევრად, ვოლოკოლამსკის ეპისკოპოსის ტიტულით. ამავე წელს დანიშნეს მოსკოვის საპატრიარქოს საერთო საეკლესიო ასპირანტურისა და დოქტრორანტურის რექტორად.
  • 2009 წელს არქიეპისკოპოსობა უბოძეს, 2010 წელს კი მიტროპოლიტობა.
  • 2022 წლის 7 ივნისს რუსეთის ეკლესიის სინოდის გადაწყვეტილებით, რუსეთის ეკლესიის საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსი მიტროპოლიტი ილარიონ ალფეევი გადააყენეს დაკავებული თანამდებობიდან. იგი მოსკოვის საპატრიარქოს იურისდიქციის ქვეშ მყოფ ბუდაპეშტისა და უნგრეთის ეპარქიის მმართველად დანიშნეს.

საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობა

  • 2010 წლის 20 აპრილს მიტროპოლიტი ილარიონი წმინდა დანილოვას მონასტერში კავკასიის მართლმადიდებელი ახალგაზრდების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა მიტროპოლიტის განყოფილების მიერ იყო ორგანიზებული. მიტროპოლიტმა შეხვედრაზე განაცხადა, რომ „აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის მართლმადიდებელი ეპარქიების კუთვნილების საკითხი შეიძლება გადაწყდეს მოლაპარაკების გზით, მათი კანონიკურ ეკლესიის წიაღში დაბრუნების შემდეგ“.
  • 2011 წლის 1 ივნისს მიტროპოლიტმა ილარიონმა სამძიმრის წერილი გაუგზავნა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ალექსანდრ ანქვაბს დე ფაქტო პრეზიდენტის სერგეი ბაღაფშის გარდაცვალების გამო. 
  • 2011 წლის 29 ივნისს მიტროპოლიტმა ილარიონმა მოსკოვში აფხაზეთის არაკანონიკური ეკლესიების წარმომადგენლები, არქიმანდრიტი დოროფეი დბარი და მღვდელმონაზონი ანდრეი ამპარი მიიღო. ისინი მას შემდეგ მიიწვიეს, რაც მათ რუსეთის პატრიარქს თხოვნით მიმართეს, რათა მათთვის მოესმინათ და სამართლიანი გადაწყვეტილება გამოეტანათ მათთვის ღვთისმსახურების ჩამორთმევის საკითხთან დაკავშირებით. შეხვედრაზე აფხაზეთში მართლმადიდებელ რელიგიურ ჯგუფებს შორის დაპირისპირების საკითხიც განიხილეს. 
  • 2013 წლის 13 იანვარს მიტროპოლიტი ილარიონი საქართველოს პატრიარქის ინტრონიზაციის 35-ე წლისთავისადმი და დაბადებიდან მე-80 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად თბილისში ჩამოვიდა. მიტროპოლიტის პატრიარქთან შეხვედრაში ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმეც მონაწილეობდა.
  • 2013 წლის 28 მარტს სოჭში შედგა შეხვედრა, რომელშიც მიტროპოლიტი ილარიონი, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრ ანქვაბი და ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტი სერაფიმე მონაწილეობდნენ. შეხვედრის მონაწილეებმა აფხაზეთში მართლმადიდებელი ეკლესიის მდგომარეობა და პერსპექტივები განიხილეს. შეხვედრის დროს ანქვაბმა ხაზი გაუსვა, რომ აფხაზური სასულიერო პირებისა და მართლმადიდებლების  კავშირები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან დიდი ხანია დაიკარგა და არ შეიძლება აღდგეს. თავის მხრივ, მიტროპოლიტმა განაცხადა, რომ „პრობლემის გადაწყვეტა შეიძლება ვიპოვოთ მხოლოდ საეკლესიო კანონების მკაცრი შესრულების საფუძველზე“. 
  • 2016 წლის თებერვალში რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მიტროპოლიტმა ილარიონმა ერთ-ერთ შეკითხვაზე - თუ რატომ არ იღებს რუსეთის ეკლესია საკუთარ შემადგენლობაში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მართლმადიდებლებს - უპასუხა, რომ „იმიტომ რომ არსებობს პრინციპი, რომლის მიხედვითაც პოლიტიკური საზღვრების ცვლილება არ უნდა იწვევდეს დაუყონებლივ საეკლესიო საზღვრების შეცვლას“.
  • 2017 წლის 1 ნოემბერს მიტროპოლიტი ილარიონი თბილისში ერდღიანი ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში მიტროპოლიტი საქართველოს პატრიარქს შეხვდა. საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით,  მიტროპოლიტის „ჩამოსვლის მიზანი იყო კათოლიკოს-პატრიარქის და საქართველოს ეკლესიის დელეგაციის მიწვევა რუსეთის პატრიარქის ტიტულის აღდგენის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე. მეუფე ილარიონმა განაცხადა, რომ ასევე მიპატიჟებულნი არიან ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის პირველი იერარქები და სხვა საპატიო სტუმრები”. საპატრიარქოს ცნობით, შეხვედრაზე ასევე იმსჯელეს აფხაზეთში სასულიერო პირთა დაჯგუფებებს შორის წარმოშობილ კონფლიქტსა და მისი მოგვარების გზებზე. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ აფხაზეთის ტერიტორიაზე ბევრი რელიგიური პრობლემა არსებობს, რომლის გადაწყვეტაც აუცილებელია ერთობლივად მოხდეს. შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხზე სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნის საკითხზეც იმსჯელეს.
  • 2018 წლის 20 მარტს მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილებაში მიტროპოლიტმა ილარიონმა ნიკორწმიდნის ეპისკოპოსს მეუფე ვახტანგს უმასპინძლა. მეუფე ვახტანგმა მიტროპოლიტს დეკანოზი კახაბერ გოგოტიშვილი წარუდგინა, რომელიც მოსკოვში ქართველ მრევლს მოემსახურება.
  • 2018 წლის 4 ივნისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიი საპატრიარქოს უკრაინის ეკლესიის საქმეებზე სასაუბროდ მიტროპოლიტი ილარიონი ეწვია.  საპატრიარქოს განცხადებით „საქართველოს საპატრიარქოს ერთდღიანი ვიზიტით ეწვია რუსეთის ეკლესიის საგარეო ურთიერთობათა განყოფილების თავმჯდომარე, მიტროპოლიტი ილარიონ (ალფეევი), ორ თანმხლებ პირთან ერთად. სტუმრობის მიზანი იყო უკრაინის ეკლესიის გარშემო ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან მიმართებაში რუსეთის ეკლესიის პოზიციის გაცნობა“. მიტროპოლიტს თან ჩამოყვა რუსი სასულიერო პირი, დეკანოზი ვლადიმერ ალექსანდროვი, რომელიც თბილისში, ნეველის ტაძარში რუსულენოვანი მრევლისთვის იმსახურებს
  • 2018 წლის 10 დეკემბერს, უკრაინის ეკლესიის გამაერთიანებელ კრებამდე ხუთი დღით ადრე, მიტროპოლიტი ილარიონი ერთდღიანი სამუშაო ვიზიტით ეწვია საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს. მიტროპოლიტმა საქართველოში წმ. აღმსარებელ სქეიღუმენია თამარის წმინდა ნაწილები ჩამოაბრძანა. ვიზიტის ფარგლებში მიტროპოლიტი შეხვდა საქართველოს პატრიარქს, ეკლესიის იერარქებსა და სხვა სასულიერო პირებს. შეხვედრაზე იმსჯელეს ზემოხსენებული სიწმინდეების მნიშვნელობაზე და ასევე განიხილეს მართლმადიდებლური სამყაროს წინაშე არსებული გამოწვევები. შეხვედრის დროს ძირითადი თემა, სავარაუდოდ, კონსტანტინოპოლის პატრიარქის მიერ უკრაინის ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხი იყო.
  • 2019 წლის თებერვალში რუსული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუში მიტროპოლიტმა ილარიონმა ისაუბრა იმაზე, თუ რა საფრთხის წინაშე აღმოჩნდებოდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების შემთხვევაში. მიტროპოლიტმა ეს „გაუაზრებელ გადაწყვეტილებად“ მოიხსენია, ყურადღება გაამახვილა საქართველოს ეკლესიის მნიშვნელობაზე მოსკოვის საპატრიარქოსთვის და აღნიშნა, რომ მისთვის ნაკლებად სავარაუდოა საქართველოს ეკლესიის მიერ მსგავსი გადაწყვეტილების მიღება.