მთავარი ფიგურები

რაშიდ ნურგალიევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით გავლენიანი საჯარო მოხელეა. მისი საქმიანობის მნიშვნელოვანი ნაწილი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს უკავშირდება. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ნურგალიევი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ხშირი სტუმარია, როგორც შს მინისტრის, ასევე უშიშროების მდივნის მოადგილის რანგში. მას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის ძალოვანი უწყებების საქმიანობის ერთგვარი კოორდინაციის ფუნქციაც აკისრია. იგი პერიოდულად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში შიდა პოლიტიკური დაძაბულობის პერიოდში „კრიზისების მენეჯერადაც“ გვევლინება. ნურგალიევი არა მარტო ძალოვანი უწყებების კომპეტენციაში შემავალ საკითხებს, არამედ უსაფრთხოების მხრივ მნიშვნელოვან ზოგიერთ სოციალურ–ეკონომიკური პროექტის განხორციელებასაც კურირებს, მათ შორის ცხინვალის რეგიონის სოციალურ–ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში არსებული „სასაზღვრო რაიონების კეთილმოწყობის“ პროგრამის განხორციელებას. პროგრამის ფარგლებში მიმდინარე გზების მშენებლობას უშუალოდ ნურგალიევი აკონტროლებს. ამ პროგრამის ფარგლებში განხორციელდა სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ცხინვალ–ახალგორის გზისა და სასაზღვრო სოფლებში მცხოვრებთათვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის პროექტები. ნურგალიევი აღნიშნული პროგრამის განხორციელების მონიტორინგის მიზნით ახალგორის რაიონსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საზღვრისპირა ტერიტორიებს ხშირად სტუმრობს.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • რაშიდ ნურგალიევი დაიბადა 1956 წლის 8 ოქტომბერს მილიციის თანამშრომლების ოჯახში, დჟეტიგარაში, ყაზახეთის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1974 წელს დაამთავრა სოფ. ნადვოიცის საშ. სკოლა, კარელიის ასსრ-ში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1974-1979 წლებში სწავლობდა კუუსინენის სახელობის პეტროზავოდსკის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
  • ნურგალიევი ეკონომიკურ მეცნიერებათა კანდიდატია.
  • მიღებული აქვს არაერთი სახელმწიფო ორდენი.
  • 2004 წელს გამოაქვეყნა წიგნი „შინაგან საქმეთა სამინისტრო: 1902-2002: ისტორიული მიმოხილვა“.
  • 2005 წელს მიენიჭა გენერალ-მაიორის წოდება.
  • უყვარს ჰოკეი და არის ვეგეტარიანელი. 

პროფესიული კარიერა

  • 1979-1981 წლებში მშობლიური სოფლის სკოლაში ფიზიკის მასწავლებლად მუშაობდა.
  • 1981 წელს მუშაობა დაიწყო კარელიის ასსრ სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში, სადაც ოპერთანამშრომლიდან ტერორიზმთან ბრძოლის განყოფილების უფროსამდე სხვადასხვა თანამდებობებზე იმუშავა. 1992-1994 წლებში ნურგალიევის უფროსი კარელიის უშიშროების მინისტრი ნიკოლაი პატრუშევი იყო, რომელიც 1999-2008 წლებში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორი იყო.
  • 1995 წლიდან ჯერ კონტრდაზვერვის ფედერალური სამსახურის ცენტრალურ აპარატში, შემდეგ კი უშიშროების ფედერალურ სამსახურში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე: საორგანიზაციო-ინსპექტირების სამმართველოს მთავარი ინსპექტორი, საკუთარი უშიშროების სამმართველოს განყოფილების უფროსი.
  • 1998 -1999 წლებში რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში კონტროლის მთავარი სამმართველოს განყოფილებას ხელმძღვანელობდა.
  • 1999 წლიდან უშიშროების ფედერალურ სამსახურში ეკონომიკური უშიშროების დეპარტამენტში კონტრაბანდასთან და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ხელმძღვანელობდა, შემდეგ კი დირექტორის მოადგილე და ინსპექტირების სამმართველოს უფროსი იყო.
  • 2002 წლიდან შს მინისტრის პირველი მოადგილე  და კრიმინალური მილიციის სამსახურის უფროსი იყო. იგი ნარკობიზნესთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას კურირებდა.
  • 2004 წლის 9 მარტს ნურგალიევი შს მინისტრად დაინიშნა. მანამდე 2003 წლის 29 დეკემბრიდან, ბორის გრიზლოვის (სახელმწიფო დუმის სპიკერი გახდა) გადადგომის შემდეგ, მინისტრის მოვალეობას ასრულებდა. მისი მინისტრობის პერიოდში მილიციას სახელი გადაერქვა და პოლიცია ეწოდა. ნურგალიევის კრიტიკოსები სახელის შეცვლას მის ერთადერთ მიღწევად თვლიან. მას ხშირად აკრიტიკებდნენ შს სამინისტროში განხორციელებული რეფორმების წარუმატებლობის გამო. იგი ერთ-ერთ ყველაზე არაპოპულარულ მინისტრად ითვლებოდა. ამიტომაც, პუტინმა ახალი მთავრობის ფორმირების დროს ნურგალიევი მინისტრად აღარ დაასახელა.
  • 2012 წლის 21 მაისს ნურგალიევი უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ დაინიშნა.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2008 წლის 14 ნოემბერს ნურგალიევი რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუსთან ერთად აფხაზეთს ესტუმრა, სადაც ადგილობრივ დე ფაქტო ლიდერებთან მართლწესრიგის დაცვისა და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების საკითხები განიხილეს
  • 2010 წლის 28 ოქტომბერს ნურგალიევი აფხაზეთს ესტუმრა და გაგრაში დე ფაქტო პრეზიდენტს სერგეი ბაღაფშსა და დე ფაქტო შს მინისტრს ლეონიდ ძიაფშბას შეხვდა, რის შემდეგაც გაფართოებული შეხვედრა გაიმართა, რომელსაც კრასნოდარისა და სოჭის შს სამმართველოს ხელმძღვანელებიც ესწრებოდნენ. შეხვედრაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ავტოსატრანსპორტო საშუალებების ძებნის პროცესში დახმარების გაწევაზე
  • 2011 წლის 13 ივნისს მოსკოვში ნურგალიევმა  და აფხაზეთის შს დე ფაქტო მინისტრმა ლეონიდ ძიაფშბამ შს ორგანოების თანამშრომლების პენსიით უზრუნველყოფის წესის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი
  • 2012 წლის 6 ივლისს ნურგალიევი აფხაზეთში ტატიანა გოლიკოვასთან ერთად იმყოფებოდა, რომელიც იმ პერიოდში პრეზიდენტის თანაშემწე იყო აფხაზეთსა და „სამხრეთ ოსეთთან“ სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედებების საკითხებში. 
  • 2013 წლის 2 დეკემბერს ნურგალიევი სოხუმს ესტუმრა და აფხაზეთის ახლად დანიშნულ დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანს ნუგზარ აშუბას შეხვდა. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკურ სფეროსა და უსაფრთხოების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს
  • 2014 წლის 6 თებერვალს ნურგალიევი სოხუმს ეწვია და დე ფაქტო პრეზიდენტს ალექსანდრ ანქვაბს შეხვდა. შეხვედრაზე სოჭში ოლიმპიური თამაშების მიმდინარეობისას, 2014 წლის იანვარ-მარტში, აფხაზეთის უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს.
  • 2014 წლის მაისში ნურგალიევი პრეზიდენტის თანაშემწე ვლადისლავ სურკოვთან ერთად „კრიზისების მენეჯერად“ მოგვევლინა აფხაზეთში, როდესაც აფხაზეთში დე ფაქტო პრეზიდენტის წინააღმდეგ ოპოზიცია გამოვიდა. კრემლის წარმომადგენლების ვიზიტის შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტი ალექსანდრე ანქვაბი გადადგა და ვადამდელი არჩევნები დაინიშნა. ვიზიტის დროს ნურგალიევი აფხაზეთის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს წევრებსაც შეხვდა
  • 2015 წლის 14 ივლისს ნურგალიევი სოხუმს ეწვია, სადაც დახურულ კარს მიღმა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, თავდაცვისა და შს მინისტრებს შეხვდა
  • 2015 წლის 15 დეკემბერს ნურგალიევი  სოხუმში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრაზე რუსეთისა და აფხაზეთის თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი ფორმატის ფორმირების საკითხები განიხილეს
  • 2018 წლის 20 აგვისტოს ნურგალიევი სოხუმში ჩავიდა და დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. შეხვედრის ერთ-ერთი თემა მდინარე ენგურზე გამავალ დე ფაქტო საზღვარზე არსებული სიტუაციაც იყო, რომელიც ხაჯიმბას შეფასებით გაუმჯობესებელია
  • 2019 წლის 10 ივნისს ნურგალიევი სამუშაო ვიზიტით აფხაზეთს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში ნურგალიევი დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდა. ნურგალიევმა ვიზიტის ფარგლებში შს სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროს, თავდაცვის სამინისტროსა და საბაჟო სამსახურთან, ასევე სატრანსპორტო მიმოსვლასთან დაკავშირებული საკითხები განიხილა. 11 ივნისს ნურგალიევი საგანგებო სიტუაციების დე ფაქტო მინისტრს ლევ კვიცინიასაც შეხვდა. შეხვედრაზე საგანგებო სიტუაციებში ე.წ. სახელმწიფო საზღვრის გამარტივებული გადალახვის საკითხი განიხილეს.
  • 2020 წლის 9-12 იანვარს აფხაზეთში განვითარებული შიდა პოლიტიკური კრიზისის შედეგად დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბა გადადგა. ხაჯიმბასა და მის მოწინააღმდეგეებს შორის მოლაპარაკებებში აქტიურად ჩაერთვნენ ნურგალიევი  და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადისლავ სურკოვი. მიმდინარე პროცესებში თავიდანვე აქტიურად ჩაერთო ნურგალიევი, რომელიც უკვე 10 იანვარს, აფხაზეთში ჩავიდა. ნურგალიევის დელეგაცია ძალოვანი და სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლებისგან შედგებოდა. ნურგალიევი იმავე დღეს ხაჯიმბას შეხვდა. ნურგალიევმა ხაჯიმბასთან შეხვედრა 11 იანვარს კიდევ ერთხელ გამართა. ამავე დღეს ნურგალიევი ოპოზიციის ლიდერს, ასლაბ ბჟანიასაც შეხვდა. ნურგალიევი ხაჯიმბას მესამეჯერაც შეხვდა, როდესაც, 12 იანვარს, ხაჯიმბა ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაში დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ასლან ბარციცი, დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი მუხამედ კილბა და ბოლო არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის მონაწილე ალხას კვიცინიაც მონაწილეობდნენ. მოლაპაკებებში ნურგალიევიც მონაწილეობდა.
  • 2020 წლის 2 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვალერი ბგანბა ტელეფონით ნურგალიევს ესაუბრა. საუბრის თემა აფხაზეთის არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების ერთ-ერთი კანდიდატის, ასლან ბჟანიას მოულოდნელი ჰოსპიტალიზაციის საკითხი იყო. ბგანბამ რუსულ მხარეს, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროს და სამართალდამცავ ორგანოებს ბჟანიას ჰოსპიტალიზაციასთან დაკავშირებული გარემოებების გარკვევაში დახმარება სთხოვა.
  • 2020 წლის 1 ივნისს ნურგალიევი ტელეფონით ესაუბრა ასლან ბჟანიას. მათ განიხილეს COVID-19-ის პანდემიის პირობებში ტურისტული სფეროს წინაშე არსებული გამოწვევები. ისაუბრეს საზღვრების გახსნის საკითხზეც. საუბრის შედეგად ნურგალიევი და ბჟანია შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ფედერაციისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ქმედებები ამ მხრივ კოორდინირებული იქნებოდა. 
  • 2020 წლის 11-19 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია რუსეთში მორიგი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია რუსეთის მთავრობის არაერთ წარმომადგენელს შეხვდა. შეხვედრების მთავარი მიზანი ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შორის 12 ნოემბერს ქ. სოჭში მიღწეული შეთანხმების განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვა იყო. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია ასევე შეხვდა უშიშროების ფედერალური სამსახურის დირექტორ ალექსანდრ ბორტნიკოვსა და ნურგალიევს.
  • 2021 წლის 30 ივლისს, მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ასლან ბჟანია ნურგალიევს შეხვდა.
  • 2022 წლის 26-29 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვდა ნურგალიევს.
  • 2022 წლის 19 თებერვალს დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ნურგალიევს შეხვდა. ბჟანიას წარმომადგენლის განცხადებით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობის სფეროში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს.
  • 2023 წლის 21 მარტს რუსეთის უშიშროების საბჭოში გაიმართა სამუშაო შეხვედრა დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანს, სერგეი შამბასა და ნურგალიევს შორის. შამბამ და ნურგალიევმა განიხილეს უსაფრთხოების აქტუალური საკითხები და ასევე, რუსულ-აფხაზური ურთიერთობის განვითარების პერსპექტივა.
  • 2023 წლის 23 მარტს დე ფაქტო რესპუბლიკის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შამბა შეხვდა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანს, ნიკოლაი პატრუშევს. შეხვედრაზე მხარეებმა მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების ფარგლებში უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ხელი მოეწერა უშიშროების საბჭოების აპარატებს შორის 2023-2024 წლებში თანამშრომლობის გეგმას. შეხვედრას ნურგალიევიც ესწრებოდა.
  • 2023 წლის 18 აპრილს დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ნურგალიევს შეხვდა. შეხვედრაზე რეგიონული უსაფრთხოებისა და აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების საკითხები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს აფხაზეთში საკურორტო სეზონზე რუსი ტურისტების უსაფრთხოების საკითხიც.
  • 2023 წლის 27 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასა და შპს „ინფრასტრუქტურული განვითარება“-ს („Инфраструктурное Ра звитие“) შორის ხელი მოეწერა „ვ. არძინბას სახელობის სოხუმის საერთაშორისო აეროპორტის“ რეკონსტრუქციის ხელშეკრულებას. ხელმოწერის ცერემონიას ესწრებოდნენ დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია, დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი, ე.წ. ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი, კრისტინა ოზგანი, დე ფაქტო მთავრობის სხვა წევრები და გამარჯვებული კომპანიის მფლობელი, ნურგალიევის შვილი, რაშიდ ნურგალიევი.
  • 2023 წლის 9 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ნურგალიევს შეხვდა. შეხვედრაზე განხილული იყო რუსეთისა და დე ფაქტო რესპუბლიკის თანამშრომლობა უსაფრთხოებისა და ენერგეტიკის სფეროში. შეხვედრას ასევე ესწრებოდა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2009 წლის 21 ივლისს ნურგალიევი ცხინვალს რუსეთის გენერალურ პროკურორთან და საგანგებო სიტუაციების მინისტრთან ერთად ეწვია. ადგილობრივ ლიდერებთან შეხვედრაზე ნურგალიევმა შემდგომი თანამშრომლობის საკითხები განიხილა და ოკუპირებულ რეგიონში შსს–ს ეგიდით მიმდინარე მშენებლობებიც დაათვალიერა. მათ შორის ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს სამინისტროს ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოებიც მოინახულა. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის მხარემ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო გენპროკურატურასთან თანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერე ხელი
  • 2011 წელს ცხინვალის რეგიონში 13 ნოემბერს დაგეგმილი არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების წინა პერიოდში დაძაბული ვითარება შეიქმნა, მას შემდეგ რაც ერთ–ერთ კანდიდატს, თავისუფალ ჭიდაობაში რუსეთის ნაკრების მთავარ მწვრთნელს, ჯამბოლატ თედეევს კანდიდატად დარეგისტრირების საშუალება არ მისცეს. არსებული ინფორმაციით, პოლიტიკურ ჯგუფებს შორის კონფლიქტის განსამუხტად 3 ოქტომბერს ცხინვალში ნურგალიევი ჩავიდა.
  • 2012 წლის 18-19 ივნისს ცხინვალის რეგიონს ნურგალიევის ხელმძღვანელობით რუსეთის დელეგაცია ესტუმრა. დე ფაქტო ლიდერებთან შეხვედრის გარდა, სტუმრებმა ახალგორისა და  ჯავის რაიონები დაათვალიერეს. ახალგორში ადგილობრივი საავადმყოფოს მონახულების გარდა, ნურგალიევმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს სამხედრო დასახლებაც მოინახულა
  • 2012 წლის 24 სექტემბერს ნურგალიევმა ცხინვალის რეგიონში ვიზიტისას ცხინვალ-ახალგორის დამაკავშირებელი გზა დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან ერთად დაათვალიერა. ნურგალიევი ახალგორის ადმინისტრაციას და მოსახლეობასაც შეხვდა და შემდეგ სოფ. წინაგარაში ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით მომარაგების მიზნით მიმდინარე გაბურღვითი სამუშაოები მოინახულა
  • 2012 წლის 1 დეკემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივნის ანატოლი პლიევის მიწვევით ნურგალიევი ცხინვალს ესტუმრა. ნურგალიევი რეგიონის დე ფაქტო ლიდერებსაც შეხვდა. ვიზიტის დროს საუბრის ერთ-ერთი თემა უშიშროების საბჭოებს შორის 2013-2014 წლებში თანამშრომლობის საკითხები იყო. 
  • 2013 წლის 28 იანვარს ნურგალიევი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. რუსეთის დელეგაციაში შედიოდა იუსტიციის მინისტრის მოადგილე მაქსიმ ტრავნიკოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი სერგეი ჟუკ და რუსეთის სხვა უწყებების წარმომადგენლები.
  • 2013 წლის 29 აგვისტოს ნურგალიევმა დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან ერთად ახალგორის რაიონი მოინახულა, მათ შორის სოფ. წინაგარაში წყლის რეზერვუარები და წყარო, რომელიც რეზერვუარებს წყლით შეავსებს.
  • 2014 წლის 28 აპრილს ცხინვალის რეგიონს სამდღიანი ვიზიტით ესტუმრა ნურგალიევი. დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ნურგალიევი ახალგორის რაიონსაც ესტუმრა, სადაც სტიქიით შედეგად დაზიანებული გზები და სოფ. ყანჩავეთში მშენებარე ხიდი დაათვალიერა.
  • 2016 წლის 24–25 ოქტომბერს ნურგალიევის ხელმძღვანელობით ცხინვალს რუსეთის ძალოვანი უწყებების (მათ შორის გენერალური პროკურატურა, შსს, საგამოძიებო კომიტეტი, უშიშროების სამსახური) წარმომადგენლებისგან შემდგარი 11–კაციანი დელეგაცია ესტუმრა. ნურგალიევმა დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვთან ერთად სოფ. სინაგურიდან საზღვრისპირა ხეობამდე მშენებარე გზაც დაათვალიერა
  • 2017 წლის ივლისში ნურგალიევმა რუსულ სამხედრო ბაზებთან და სასაზღვრო პოსტებთან მიმავალი ახლად აშენებული გზების ინსპექტირება განახორციელა. ნურგალიევმა შეხვედრები გამართა ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის ძალოვანი უწყებების წარმომადგენლებთანაც. 
  • 2017 წლის 8 დეკემბერს ნურგალიევი მოსკოვში შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანს ვალერი ვალიევს. შეხვედრისას სასაზღვრო ზონაში არსებული ვითარება განიხილეს
  • 2018 წლის 10 აპრილს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა ნიკოლაი პატრუშევმა და ვალიევმა მოსკოვში 2018-2019 წლებში თანამშრომლობის გეგმას ხელი მოაწერეს. ხელმოწერის ცერემონიას ნურგალიევიც ესწრებოდა.
  • 2018 წლის 2 ივლისს ნურგალიევი ორდღიანი ვიზიტით ცხინვალის რეგიონს ესტუმრა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან ერთად სხვადასხვა რაიონები მოინახულა. ნურგალიევმა და ბიბილოვმა, პირველ რიგში, ცხინვალის რაიონის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერეს, სადაც ცხინვალის რეგიონის გავლით სატრანზიტიო გზის გახსნის შემთხვევაში მაღალი გამავლობის ტრანსპორტისათვის შემოვლითი გზა შეიძლება აშენდეს. შემდეგში ზონკარის წყალსაცავი დაათვალიერეს და მისი უსაფრთხოების საკითხები განიხილეს. ბოლოს, ორივემ ახალგორის რაიონში რუსეთის დაფინანსებით აშენებული საბავშვო ბაღი და სკოლა მოინახულეს. შეხვედრის დასასრულს გაიმართა თათბირი, სადაც საზღვრისპირა ტერიტორიების უსაფრთხოების საკითხები განიხილეს
  • 2019 წლის 20 თებერვალს, მოსკოვში,  ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა ვალერი ვალიევმა და დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა იგორ კოზაევმა ნურგალიევთან უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. შეხვედრის დროს ცხინვალის რეგიონის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველყოფის აქტუალური საკითხები განიხილეს, მათ შორის რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის 2015 წლის 18 მარტს ხელმოწერილი მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების შესრულების საკითხიც.
  • 2019 წლის 22 აპრილს, ცხინვალის რეგიონს, რუსეთის ფედერაციის უწყებათაშორისი დელეგაცია ნურგალიევის ხელმძღვანელობით, სამდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. დელეგაციის ვიზიტი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვის შეხვედრის შედეგია, რომელიც 2019 წლის 6 მარტს მოსკოვში გაიმართა. ვიზიტის დროს ნურგალიევმა ორი მნიშვნელოვანი საკითხი გამოყო. პირველი, რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დამაკავშირებელი ერთადერთი გზის - „ტრანსკამის“ რეაბილიტაციის საკითხი. მეორე, რეგიონის ენერგო უზრუნველყოფის საკითხი.
  • 2020 წლის 4 სექტემბერს ნურგალიევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ანატოლი ბიბილოვს ტელეფონით ესაუბრა. მედიის ცნობით, მხარეებმა „რესპუბლიკაში (ცხინვალის რეგიონი) არსებული ვითარება განიხილეს“. ნურგალიევის შეფასებით, „ვითარება ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება“. ნურგალიევის განცხადებით, „ყველაზე მთავარია, რომ პრეზიდენტი (დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი) ვითარებას აკონტროლებს, და ყველა საკითხი, რომელიც იქ არის, გვარდება არა ემოციების დონეზე, არამედ სამუშაო შეხვედრების დონეზე.“ ცხინვალის რეგიონში შიდა პოლიტიკურა ვითარება 28 აგვისტოს 30 წლის ინალ ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ დაიძაბა. მას ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრზე თავდასხმას ედავებოდნენ. იგი წინასწარი დაკავების იზოლატორში მიყენებული ფიზიკური დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. ჯაბიევის გარდაცვალების შემდეგ დე ფაქტო მთავრობა გადადგა და ცხინვალში საპროტესტო გამოსვლები დაიწყო. 
  • 2021 წლის 26-28 ივლისს ნურგალიევი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში იგი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს - ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. მან მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიასა და ცხინვალის რეგიონის „შს სამინისტროების“ ორმხრივი კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილების ხელმოწერის ცერემონიაში. ნურგალიევმა ბიბილოვთან ერთად ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი შენობების გახსნის ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა. ნურგალიევმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიც მოინახულა, მათ შორის სინაგური და თედელეთი (სოფლები ოფიციალურად საჩხერის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის). ნურგალიევმა „საზღვრისპირა“ სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის აშენებული სახლები და სამედიცინო პუნქტები დაათვალიერა. 28 ივლისს, ვიზიტის ბოლო დღეს, ნურგალიევმა სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა შეამოწმა.
  • 2021 წლის 24 ნოემბერს ცხინვალის რეგიონს სამუშაო ვიზიტით რუსეთის დელეგაცია ესტუმრა. დელეგაციის წევრები იყვნენ: ნურგალიევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი და მისი მოადგილე ვიქტორ შარგაევი. ვიზიტის პირველ დღეს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვსა და დე ფაქტო მთავრობის წევრებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა. ნურგალიევმა ვიზიტის ფარგლებში უსაფრთხოების საკითხებიც განიხილა, მათ შორის „სახელმწიფო საზღვრის“ დაცვის საკითხზე გამართა შეხვედრა. რუსი კურატორების ვიზიტის ფარგლებში, 26 ნოემბერს, საზეიმოდ გაიხსნა სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი, რომელიც რუსეთიდან ცხინვალის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგებას გააუმჯობესებს. ღონისძიებას რუსეთის დელეგაციაც დაესწრო.
  • 2022 წლის 15 ივნისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დელეგაცია, დე ფაქტო პრეზიდეტ ალან გაგლოევის ხელმძღვანელობით, რუსულ მხარეს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი თემა დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის გაერთიანების საკითხზე ცხინვალის რეგიონში რეფერენდუმის გამართვის საკითხი იყო. რუსეთის დელეგაციაში შედიოდნენ პრეზიდენის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ კოსაჩევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი  და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე სერგეი ბოვენკო და ნურგალიევი.
  • 2023 წლის 17 მარტს დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ნურგალიევს შეხვდა. წინა დღით, გაგლოევი ვლადიმერ პუტინს შეხვდა. ნურგალიევთან შეხვედრაზე გაგლოევმა საერთაშორისო და ეროვნული უსაფრთხოების საკითხები განიხილა. შეხვედრაზე საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არსებულ ვითარებაზეც ისაუბრეს.
  • 2023 წლის 25 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი, მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში, ნურგალიევს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. გაგლოევის მოსკოვში ვიზიტი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების (2008 წლის 26 აგვისტო) 15 წლისთავს უკავშირდებოდა.
  • 2023 წლის 8 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ალან გაგლოევმა ნურგალიევს დაბადების დღე მიულოცა. ნურგალიევის დაბადების დღე აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც მიულოცა.