ალექსანდრ კრავცოვი
ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე–4 სამხედრო ბაზის მეთაური (ყოფილი)
ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
- კრავცოვი დანიშვნისთანავე, 2016 წლის 22 სექტემბერს, შეხვდა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს ლეონიდ თიბილოვს. კრავცოვს თიბილოვთან შეხვედრაზე სამხრეთის სამხედრო ოლქის მეთაურის მოადგილე ანდრეი გურულევიც ახლდა. თიბილოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთში განთავსებული მე-4 სამხედრო ბაზა სტაბილურობის ფაქტორს წამოადგენს. რუსი სამხედროების წყალობით ჩვენ თავს მშვიდად ვგრძნობთ, რაც შესანიშანავია“. კრავცოვის მიღების შემდეგ თიბილოვმა განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ცხინვალის რეგიონის თავდაცვის სამინისტროსა და რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზას შორის ურთიერთობა მომავალშიც გაგრძელდება უკვე ჩამოყალიბებული ტრადიციის ფარგლებში, მათი ერების ინტერესების დაცვის მიზნით. კრავცოვთან შეხვედრაში თიბილოვის გარდა დე ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანი ანატოლი პლიევი და დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი იბრაგიმ გასეევიც მონაწილეობდნენ.
- 2018 წლის 1 ივნისს მე-4 სამხედრო ბაზაზე საზეიმო მიტინგი გაიმართა, რომელიც სამხედრო ბაზაზე ახალი საზაფხულო სასწავლო პერიოდის დაწყებას მიეძღვნა. მიტინგში მონაწილეობა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ანატოლი ბიბილოვმაც მიიღო. სამხედროებს კრავცოვიც მიესალმა: „ჩვენ ვიწყებთ სწავლების ახალ საგაზაფხულო პერიოდს. იგი არ იქნება მარტივი: პოლიგონზე სამხედრო მომზადებაში ჩატარდება მუდმივი სწავლებები პირველი მოდულის ფარგლებში, ნორმატივების დამუშავება მოხდება მეორე და მესამე მოდულების ფარგლებში, საინტერესო ორმხრივი სწავლებები ჩატარდება ასეულების ტაქტიკურ ჯგუფებს შორის. ყველაფერი ეს ოქტომბერში დასრულდება შემაჯამებელი შემოწმებით“. კრავცოვმა ასევე ისაუბრა ცხინვალის რეგიონის სამხედრო მოსამსახურეების მწყობრში შეყვანის მნიშვნელობაზე. მისი თქმით, პირველი 10 ადამიანი უკვე შეუერთდა ტაქტიკური ჯგუფის პირველი ბატალიონის შემადგენლობას და რამდენიმე დღეში სხვებთან ერთად მიიღებენ მონაწილეობას სწავლებებში.
- 2019 წლის 23 თებერვალს, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა ცხინვალში დისლოცირებულ რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის თანამშრომლებს, „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა. სამხედროებს მისალოცი სიტყვით მიმართა ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა და კრავცოვმა.
- 2020 წლის 9 მაისს ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა, სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავთან დაკავშირებით, ომის პერიოდის სიმღერების თანხლებით, ცხინვალის ქუჩებში სატვირთო ავტომობილებით მარში განახორციელეს. ახალი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო, აქციის - „გამარჯვების მუსიკა“ საშუალებით იზოლაციაში მყოფმა ადამიანებმა ომისდროინდელი სიმღერების მოსმენის შესაძლებლობა მიიღეს. ომისდროინდელი სიმღერები მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა ვეტერანთა სახლებთანაც იმღერეს. აქცია კრავცოვის ორგანიზებით ჩატარდა.
- 2020 წლის 28 მაისს ცხინვალის რეგიონში დისლოცირებულმა რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველომ მესაზღვრის დღე აღნიშნა. რუს მესაზღვრეებს პროფესიული დღესასწაული ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა მიულოცა. ღონისძიებაში ასევე მონაწილეობა მიიღო სასაზღვრო სამმართველოს უფროსმა ვლადიმირ შჩემელინინმა, რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა და კრავცოვმა.
- 2020 წლის ოქტომბერში კრავცოვი რომან ვიაზოვსკიმ შეცვალა.