ოლეგ რევა
ცხინვალის რეგიონში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი (ყოფილი)
ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები
- ოლეგ რევა ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი და რუსეთის დე ფაქტო საელჩოს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში მრჩეველია.
- რევა პერიოდულად მონაწილეობს რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებულ საბაჟო საკითხებთან დაკავშირებულ შეხვედრებში და კომენტარებს აკეთებს აღნიშნულ თემებზე.
- 2021 წელს რევამ თანამდებობა დატოვა. იგი ალექსეი პოპოვმა შეცვალა.
ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
- 2016 წლის 13 იანვარს რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში სხვადასხვა საქონელის დე ფაქტო საზღვარზე გადატანასთან დაკავშირებით შექმნილ პრობლემაზე რევამ განაცხადა, რომ „მეწარმეებმა უნდა დაიცვან საბაჟო კანონმდებლობა, გააკეთონ საქონლის დეკლარირება და წარმოადგინონ ყველა აუცილებელი დოკუმენტაცია, რადგან რუსეთმა ცხინვალის რეგიონი აღიარა როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო და შესაბამისად საზღვარზე გადაადგილება კანონით რეგულირდება“. დე ფაქტო საზღვარზე არსებული შეფერხებების გამო ცხინვალის მაღაზიების რუსეთიდან საქონლით მომარაგების პრობლემები შეიქმნა.
- 2017 წლის 20 ოქტომბერს რევამ კომენტარი გააკეთა გავრცელებულ ხმებზე, რომ ცხინვალის რეგიონში დარეგისტრირებულ მანქანებს რუსეთის საზღვარზე გადასვლასთან დაკავშირებით ახალი შეზღუდვები დაუწესდათ. რევას განცხადებით, გავრცელებული ხმების მიუხედავად, ცხინვალის რეგიონში დარეგისტრირებულ მანქანებს რუსეთის ტერიტორიაზე გადასვლა, „ქვემო ზარამაგის“ საბაჟო პუნქტის გავლით, შეფერხების გარეშე შეუძლიათ.
- 2018 წლის 18 მარტს რევა ცხინვალის რეგიონში რუსეთის პრეზიდენტის არჩევნების ორგანიზებაში მონაწილეობდა. იგი ქ. ცხინვალში საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე იყო.
- 2018 წლის 29 მარტს ცხინვალში საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის, ჩრდილოეთ კავკასიის საბაჟო სამმართველოსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საბაჟო კომიტეტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში რევაც მონაწილეობდა. შეხვედრაზე ჩრდილოეთ ოსეთში „ქვემო ზარამაგის“ საბაჟო პუნქტის ერთობლივი კონტროლის რეალიზაციის საკითხები განიხილეს.
- 2018 წლის 6 ივნისს „ქვემო ზარამაგის“ საბაჟო პუნქტზე სატვირთო ავტომობილების მიერ საქონლის დე ფაქტო საზღვარზე გადატანასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ რევამ განაცხადა, რომ „ავტომობილებს საზღვარზე გაუშვებენ ყველა საჭირო დოკუმენტის წარმოდგენის შემდეგ“. მისი თქმით, აუცილებელია საქონლის დეკლარირება, რაც ელექტრონული პორტალის მეშვეობითაც არის შესაძლებელი.
- 2019 წლის 19 სექტემბერს რევამ კომენტარი გააკეთა ცხინვალის რეგიონში დარეგისტრირებული ავტომობილებისთვის რუსეთში დროებითი გადასვლისას დე ფაქტო საზღვარზე კონტროლის გამკაცრების შესახებ. აღნიშნულის მიზეზი გახდა ის ფაქტი, რომ ცხინვალის რეგიონის ზოგიერთი მძღოლი კონკრეტული საშუალებებით ცდილობდა საბაჟო კანონმდებლობის გვერდის ავლას. რევას თქმით, ბოლო წლების მანძილზე გაიზარდა მსგავსი ავტომობილების რიცხვიც და მათ მიერ გადაუხდელი საბაჟო გადასახადების ოდენობაც.
- 2019 წლის ნოემბერში დე ფაქტო საზღვარზე კვლავ შეიქმნა რუსეთში სატვირთო ტრანსპორტის შესვლის პრობლემა. რევას განცხადებით, მძღოლებს არ აქვთ საბაჟო დეკლარაცია და სხვა შესაბამისი დოკუმენტები, რის გამოც საბაჟო ორგანოს არ შეუძლია მათი შეშვება რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე.
- 2020 წლის 26 თებერვალს გაიმართა საბაჟო სამსახურის წარმომადგენელთა სხდომა, რომლის ფარგლებში განიხილეს რუსეთიდან ცხინვალის რეგიონში საქონლის გადატანასთან დაკავშირებული პრობლემები. ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებმა უკმაყოფილება გამოთქვეს საქონლის წონაზე დადგენილ მკაცრ მოთხოვნებთან დაკავშირებით. აღნიშნულ სხდომას რევაც ესწრებოდა.