მთავარი ფიგურები

ალექსეი დვინიანინი

რუსეთის ფედერაციის „ელჩი“ აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში (ყოფილი)

აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი „ელჩად“ დანიშვნამდე 13 წელი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებზე მუშაობდა. იგი რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში სამხრეთ კავკასიის პოლიტიკის საკითხებში ერთ-ერთ ყველაზე გათვითცნობიერებულ დიპლომატად ითვლება. იგი ჟენევის დისკუსიების აქტიური მონაწილე იყო და კარგად იცნობს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესებს. ცხინვალის რეგიონისგან განსხვავებით, აფხაზეთის რეგიონში 2008 წლის შემდეგ მოღვაწე ორივე „ელჩი“ გამოცდილი დიპლომატია, რაც მიუთითებს, რომ რუსეთი აფხაზეთს ცხინვალის რეგიონთან შედარებით უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს.

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები 

  • ალექსეი დვინიანინი დაიბადა 1967 წლის 5 მარტს ქ. ვორონეჟში, რსფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1989 წელს დაამთავრა მოსკოვის სახელმწიფო საერთაშორისო ურთიერთობების ინსტიტუტი.
  • 2008 წლის 25 იანვარს რუსეთის პრეზიდენტმა სამშობლოს წინაშე დამსახურებისთვის II ხარისხის ორდენით დააჯილდოვა
  • 2011 წლის 15 აგვისტოს მიენიჭა მე-2 კლასის საგანგებო და სრულუფლებიანი დესპანის რანგი.
  • იგი სამხრეთ კავკასიის, მათ შორის საქართველოს საკითხებში საკმაოდ გათვითცნობიერებული დიპლომატია. იგი სამხრეთ კავკასიის თემატიკაზე კონფლიქტების შესახებ სტატიების ავტორი და კონფერენციების ხშირი მონაწილეა. მაგ. 2007 წლის აპრილში დვინიანინი მონაწილეობდა მოსკოვში გამართულ მრგვალ მაგიდაში - „ნატო-ს გაფართოება ამიერკავკასიის ქვეყნებში და ვითარება სომხეთში“. 2017 წლის 10 მაისს კი, ერევანში მოსკოვის სახლში გამართულ კონფერენციაში - „რუსეთ-სომხეთის ურთიერთობა და სომხეთის საგარეო პოლიტიკა არჩევნებამდე და არჩევნების შემდეგ“ მიიღო მონაწილეობა

პროფესიული კარიერა

  • დვინიანინის დიპლომატიური კარიერა 1989 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე დაიწყო. სხვადასხვა  პერიოდში მუშაობდა, როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს ცენტრალურ აპარატში, ასევე საზღვარგარეთის წარმომადგენლობებში, მათ შორის ნიუ-იორკში, გაერო-ში რუსეთის მუდმივ წარმომადგენლობაში (1995-1999 წლები) და ვენაში, ეუთო-ს მუდმივ წარმომადგენლობაში (2002-2005 წლები). ეუთო-ში მუშაობის პერიოდში დსთ-ის ქვეყნების საკითხებსა და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში გაყინულ კონფლიქტებზე მუშაობდა.
  • საქართველოს საკითხი დვინიანინის პასუხისმგებლობის სფერო 2006 წლიდან გახდა, როდესაც იგი საგარეო საქმეთა სამინისტროს დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის (4ДСНГ) რეგიონული კონფლიქტების მოგვარების განყოფილების უფროსად დაინიშნა. 2009 წლიდან  2018 წლის მარტამდე, „ელჩად“ დანიშვნამდე, დსთ-ის ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო
  • დვინიანინი 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ ჩამოყალიბებული ჟენევის დისკუსიების აქტიური მონაწილე იყო. 2011-2018 წლებში იგი ჟენევის დისკუსიებზე რუსული დელეგაციის უფროსის მოადგილე იყო და აქტიურად იყო ჩართული დისკუსიების მოსამზადებელ პროცესში. მისი პასუხისმგებლობის ერთ-ერთი სფერო იყო საქართველოს ოკუპირებული რეგიონების წარმომადგენლებთან ჟენევის მოლაპარაკების რაუნდზე განსახილველი თემების მომზადება და პოზიციების შეჯერება. მაგ. 2016 წლის 27 სექტემბერს დვინიანიმა ჟენევის დისკუსიებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ მურატ ჯიოევთან. რუსეთის მხრიდან შეხვედრაში მარატ კულახმეტოვიც მონაწილეობდა, რომელიც მოგვიანებით ცხინვალის რეგიონში რუსეთის „ელჩად“ დაინიშნა. დვინიანინი ჯიოევს იგივე საკითხზე სასაუბროდ 2017 წლის 28 სექტემბერსაც შეხვდა. თავად დვინიანინის განცხადებით, იგი ჟენევის დისკუსიებში 1-დან 43-ე რაუნდის ჩათვლით მონაწილეობდა. 2008 წლის ბოლოდან 2018 წლის მარტამდე იგი აფხაზეთში წელიწადში ორჯერ, აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობასთან კონსულტაციებისთვის ჩადიოდა
  • 2018 წლის 30 მარტს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩად“ დაინიშნა. 14 მაისს იგი აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს დაურ კოვეს შეხვდა. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას კი, რწმუნებათა სიგელი 15 მაისს გადასცა
  • 2021 წლის 15 დეკემბერს დვინიანინმა დაასრულა დიპლომატიური მისია აფხაზეთში და მოსკოვში დაბრუნდა.
  • 2022 წლის 17 მარტს აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი რუსეთის პრეზიდენტმა ოფიციალურად გაანთავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან.

აფხაზეთში მოღვაწეობა

  • 2018 წლის 1 ივნისს დვინიანინმა პირველი გაცნობითი შეხვედრა გამართა აფხაზური მედიის წარმომადგენლებთან, სადაც სოხუმში თავისი პირველი ვიზიტი გაიხსენა, როდესაც სტუდენტობის პერიოდში თარჯიმნის რანგში ფინელ ჟურნალისტს ახლდა.
  • 2018 წლის  10 ივლისს დვინიანინი პირველად შეხვდა აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის წევრებს. 
  • 2020 წლის 23 აპრილს აფხაზეთში ახლად არჩეული დე ფაქტო პრეზიდენტის ასლან ბჟანიას ინაუგურაცია გაიმართა. ახალი კორონავირუსის პანდემიის გამო ღონისძიებამ სხვა ქვეყნებიდან მოწვეული სტუმრების გარეშე ჩაიარა. რუსეთის მხრიდან ინაუგურაციას დაესწრო და ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა დვინიანინი. ღონისძიების დასრულების შემდეგ ბჟანიამ და დვინიანინმა ორმხრივი შეხვედრა გამართეს. შეხვედრაზე უწყებათაშორისო თანამშრომლობის ფარგლებში კორონავირუსთან ბრძოლის ერთობლივი ღონისძიებების განხორციელების საკითხი განიხილეს, მათ შორის განიხილეს დე ფაქტო საზღვარზე გასატარებელი ღონისძიებებიც.
  • 2020 წლის 12 ივნისს აფხაზეთში რუსეთის „საელჩოში“ „რუსეთის დღისადმი“ მიძღვნილი კონკურსის - „ლექსები რუსეთის შესახებ“ მონაწილეების დაჯილდოება გაიმართა. ღონისძიების ორგანიზატორი იყო რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებული დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს  აფხაზეთის წარმომადგენლობა. 40-ზე მეტმა კონკურსის მონაწილემ რუსეთის შესახებ ლექსები ვიდეოზე ჩაწერა. გამარჯვებულები დვინიანინმა  დააჯილდოვა.
  • 2020 წლის 17 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია აფხაზეთში რუსეთის წარმომადგენლებს შეხვდა, მათ შორის დვინიანინს, აფხაზეთში რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს უფროსს, გენერალ-მაიორ ალექსეი ტრუბეცკის, აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის მეთაურს, პოლკოვნიკ ოლეგ სენკოვს, „საელჩოს“ თანამშრომლებს - ალექსანდრ ოპარინს და ვლადისლავ ნეჩიპორენკოს, აფხაზეთში რუსეთის შს სამინისტროს წარმომადგენელს სტანისლავ აპსავას. აფხაზური მხრიდან შეხვედრას ესწრებოდა დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ალხას კვიცინია. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის სხვადასხვა ასპექტები განიხილეს.
  • 2020 წლის 30 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა დვინიანინს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. განსაკუთრებული განხილვის თემა იყო რუსეთის მოქალაქეებისთვის აფხაზეთის დე ფაქტო მოქალაქეობის მინიჭებისა და აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების დაცვის საკითხი.
  • 2020 წლის 3 სექტემბერს დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
  • 2020 წლის 5 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დვინიანინს შეხვდა. ბჟანიას პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს.
  • 2020 წლის 5 ნოემბერს დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბას შეხვდა. შეხვედრაში დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვეც მონაწილეობდა. შეხვედრაზე აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების ქონებრივი უფლებების დაცვის საკითხზე შექმნილი კომისიის დაგეგმილი შეხვედრის საკითხი განიხილეს.
  • 2021 წლის 21 იანვარს დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. „ელჩმა“ ბჟანიას აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამმართველოს ახალი უფროსი ა. ი. კუდიმოვი წარუდგინა. შეხვედრაზე აფხაზეთის ტერიტორიაზე რუსეთის სახელმწიფო ობიექტების ყოფნის სამართლებრივი საკითხებიც განიხილეს.
  • 2021 წლის 5 თებერვალს აფხაზეთში რუსების ქონებრივი უფლებების კომისიის მორიგი სხდომა დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტ ბადრი გუნბასა და დვინიანინის მონაწილეობით გაიმართა. კომისიის სხდომაზე სოხუმში, გაგრაში, გალისა და ოჩამჩირის რაიონებში რამდენიმე პრობლემურ და სადავო სახლზე, ბინასა და მიწის ნაკვეთზე საჩივარი და პრეტენზია განიხილეს.
  • 2021 წლის 24 მარტს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია დვინიანინს შეხვდა. ბჟანიას პრეს-სამსახურის ცნობით, შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკითხები განიხილეს. 
  • 2021 წლის 20 აპრილს დვინიანინი აფხაზეთის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბს შეხვდა. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთქმედების საკითხები და კორონავირუსის გავრცელების საწინააღმდეგო ერთობლივი ნაბიჯები განიხილეს. შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 9 მაისს მეორე მსოფლიო ომში გამარჯვების 76-ე წლისთავთან დაკავშირებულ საზეიმო ღონისძიებების ჩატარების გეგმაზე.
  • 2021 წლის 2 დეკემბერს აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი, ინალ არძინბა დვინიანინს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ „რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი“ იგორ ახბა და „აფხაზეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მინისტრის მრჩეველი“ მაქსიმ ლიტვინოვი. დვინიანინმა ინალ არძინბას „აფხაზეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრად“ დანიშვნა მიულოცა და წარმატებები უსურვა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ახალი აფხაზურ-რუსული პროექტების დაწყების აუცილებლობას ახალგაზრდობის, კულტურის, სპორტისა და განათლების სფეროში. შეხვედრის ფარგლებში განიხილეს აფხაზეთ-რუსეთის ორმხრივი ურთიერთობების აქტუალური საკითხები და იმედი გამოთქვეს შემდგომში ნაყოფიერი მუშაობისთვის ურთიერთობების გაძლიერებისა და განვითარების მიზნით.

ინტერვიუები

  • 2019 წლის 8 თებერვალს დვინიანინმა საინფორმაციო-სააგენტო „სპუტნიკ“-ში პრეს-კონფერენცია გამართა. დვინიანინმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა.
  • 2019 წლის 20 აპრილს დვინიანინმა რუსეთის საინფორმაციო სააგენტო „რია ნოვოსტი“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. ინტერვიუს დროს დვინიანინმა რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხზე გაამახვილა ყურადღება.
  • 2019 წლის 17 სექტემბერს დვინიანინმა საინფორმაციო სააგენტო „Sputnik Абхазия“-ს პრეს-ცენტრში პრეს-კონფერენცია გამართა. ჟურნალისტებთან შეხვედრა აფხაზეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 11 წლისთავს მიეძღვნა. დვინიანინმა სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრა
  • 2020 წლის 9 ივნისს დვინიანინმა საინფორმაციო სააგენტო „Sputnik Абхазия“-ს პრეს-ცენტრში პრეს-კონფერენცია გამართა, სადაც რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. „ელჩმა“ პრეს-კონფერენციაზე ასევე ისაუბრა ახალ კორონავირუსთან ბრძოლაზე, პანდემიის გამო დაწესებულ შეზღუდვებსა და სამამულო ომში გამარჯვების 75-ე წლისთავისა და „რუსეთის დღის“ დღესასწაულის აღნიშვნაზე.
  • 2020 წლის 26 აგვისტოს დვინიანინმა საინფორმაციო სააგენტო „Sputnik Абхазия“-სთვის მიცემულ ინტერვიუში რუსეთ-აფხაზეთის ურთიერთობებზე ისაუბრა. დვინიანინმა აფხაზეთს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მე-12 წლისთავი მიულოცა.
  • 2021 წლის 13 იანვარს დვინიანინმა ინტერვიუ მისცა აფხაზურ ტელევიზიას. ინტერვიუს დროს „ელჩმა“ განსაკუთრებით ისაუბრა აფხაზეთში რუსეთის მოქალაქეების უფლებებსა და ინტერესების დაცვასთან დაკავშირებულ პრობლემებზე.