სერგეი ცეკოვი
რუსეთის ფედერაციის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრი
ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები
- სერგეი ცეკოვი დაიბადა 1953 წლის 28 სექტემბერს ქ. სიმფეროპოლში, ყირიმის ოლქში, უკრაინის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
- 1971-1977 წლებში სწავლობდა ყირიმის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტში ექიმი-ქირურგის სპეციალობით.
- მიღებული აქვს მეგობრობის (2009 წ.), ღირსებისა (2014 წ.) და ალექსანდრე ნეველის (2020 წ.) ორდენები.
პროფესიული კარიერა
- 1977-1979 და 1979-1994 წლებში ქირურგად მუშაობდა ყირიმში. გაკეთებული აქვს 2500-ზე მეტი ქირურგიული ოპერაცია.
- 1990 წლის მარტიდან 1994 წლის აპრილამდე იყო უკრაინის პარლამენტის წევრი. 1990 წლის 16 ივლისს იგი იმ რამდენიმე დეპუტატს შორის იყო, რომელთაც უკრაინის სუვერენიტეტის გამოცხადების წინააღმდეგ მისცეს ხმა.
- 1994 წლის მაისიდან 1995 წლის ივლისამდე იყო ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე.
- 1995-1998 წლებში იყო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.
- 2006 წლის მაისიდან 2009 წლის ოქტომბრამდე და 2010 წლის მარტიდან ნოემბრამდე იყო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე.
- 2010 წლის ნოემბრიდან 2014 წლის თებერვლამდე იყო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს კულტურის კომისიის თავმჯდომარე.
- 2014 წლის თებერვლიდან მარტამდე იყო ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე.
- 2014 წლის მარტში, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, უმაღლესი საბჭოს სახელი შეიცვალა და მას „ყირიმის რესპუბლიკის სახელმწიფო საბჭო“ ეწოდა, ხოლო ცეკოვმა „საბჭოს“ თავმჯდომარის მოადგილის პოსტი დაიკავა.
- 2014 წლის 21 მარტს ყირიმის მიერ „დამოუკიდებლობის“ გამოცხადებისა და რუსეთთან „შეერთების“ შემდეგ დე ფაქტო სახელმწიფო საბჭომ ცეკოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრად აირჩია. აღნიშნული მოვლენების შემდეგ ცეკოვი ევროკავშირის სანქციების სიაში მოხვდა.
- 2014 წლის 7 აპრილს აირჩიეს პროსახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“ „ყირიმის რეგიონული განყოფილების“ თავმჯდომარის პირველ მოადგილედ.
- 2014 წლის 14 სექტემბერს პარტია „ერთიანი რუსეთის“ სახელით გახდა დე ფაქტო ყირიმის რესპუბლიკის პირველი მოწვევის სახელმწიფო საბჭოს დეპუტატი.
- 2014 წლის სექტემბერში მეორეჯერ, 2019 წლის სექტემბერში კი მესამეჯერ აირჩიეს ოკუპირებული ყირიმის წარმომადგენლად რუსეთის ფედერაციის საბჭოში.
- 2014 წლის შემდეგ ცეკოვი ფედერაციის საბჭოში საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის წევრია. იგი რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის „საპარლამენტთაშორისი კომისიის“ თანათავმჯდომარეა.
აფხაზეთთან ურთიერთობა
- 2008 წლის სექტემბერში ცეკოვი, რომელიც ყირიმის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე იყო, ყირიმს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს ადარებდა. მისი აზრით, ყირიმის „უკრაინიზაციის“ მცდელობა თბილისის მიერ საქართველოს სეპარატისტულ რეგიონებში გატარებულ პოლიტიკას ჰგავდა.
- 2020 წლის იანვარში აფხაზეთში მიმდინარე საპროტესტო აქციების ფონზე, როდესაც რაულ ხაჯიბმამ „პრეზიდენტის“ პოსტი დატოვა, ცეკოვმა განაცხადა, რომ „ხელისუფლების“ ცვლილების შემთხვევაშიც კი, მოსკოვის პოლიტიკა აფხაზეთის მიმართ იგივე იქნებოდა. სენატორის თქმით, „რუსეთის მხარდაჭერის წყალობით, აფხაზეთი დამოუკიდებელი ქვეყანა გახდა“, ხოლო „კონფლიქტი აფხაზეთში - ეს არის პიროვნებებსა და კლანებს შორის უთანხმოება“.
ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
- 2018 წლის 26 აგვისტოს ცხინვალის რეგიონის „დამოუკიდებლობის“ გამოცხადებიდან 10 წლის თავზე ფედერაციის საბჭოს დელეგაციის ფარგლებში ცეკოვი ცხინვალს ეწვია. ცეკოვის განცხადებით, „სამხრეთ ოსეთი, როგორც სახელმწიფო, შემდგარია“.
- 2019 წლის 12 აპრილს ცეკოვი ფედერაციის საბჭოს დელეგაციასთან ერთად ცხინვალს ესტუმრა. ცხინვალში რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის „საპარლამენტთაშორისი კომისიის“ მორიგი სხდომა გაიმართა.
- 2019 წლის ივნისში ცხინვალის რეგიონში ე.წ. „მე-7 მოწვევის პარლამენტის არჩევნებზე“ დამკვირვებლები ფედერაციის საბჭოდანაც ჩავიდნენ. დელეგაციის წევრი იყო ცეკოვიც, რომელმაც „არჩევნები“ დადებითად შეაფასა.
- 2021 წლის 25 ივნისს ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ცეკოვის ხელმძღვანელობით ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ცეკოვსა და რუს დეპუტატებს დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა რუსეთის „ელჩი“ ცხინვალის რეგიონში - მარატ კულახმეტოვი. ბიბილოვმა ცეკოვს „მეგობრობის ორდენი“ გადასცა. საბჭოს დელეგაცია დე ფაქტო პარლამენტის წარმომადგენლებსაც შეხვდა.
- 2022 წლის 8 მაისს ცხინვალის რეგიონში არალეგიტიმური საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური ჩატარდა. პოლიტიკური პარტია „ნიხასის“ ლიდერმა ალან გაგლოევმა დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დაამარცხა. „არჩევნებს“ რუსი პოლიტიკოსებიც დაესწრნენ, რომლებმაც „არჩევნების“ ჩატარება „უმაღლეს დონეზე“ შეაფასეს. ცეკოვმა „არჩევნებში“ „დარღვევები და ფალსიფიკაცია“ ვერ აღმოაჩინა.
- 2023 წლის 26 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაცია ცხინვალს ესტუმრა. დელეგაციის ვიზიტი რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარების (2008 წლის 26 აგვისტო) 15 წლისთავს უკავშირდებოდა. დელეგაციის წევრი იყო ცეკოვი, რომელიც „ღირსების ორდენით“ დააჯილდოვეს.
- 2023 წლის 13 ოქტომბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ალან გაგლოევმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციასთან შეხვედრა გამართა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი, სერგეი ცეკოვი იყო. შეხვედრაში ასევე მონაწილეობა მიიღო რუსეთის „ელჩმა“ რეგიონში, მარატ კულახმეტოვმა. შეხვედრაზე რუსეთისა და დე ფაქტო პარლამენტს შორის თანამშრომლობის მემორანდუმის საკითხზე ისაუბრეს. შეხვედრის დიდი დრო დაეთმო უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმოხილვას და მასში მონაწილე მებრძოლების მხარდაჭერის მნიშვნელობას. გარდა ამისა, შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს „ორმაგი მოქალაქეობის“ საკითხი ოკუპირებული რეგიონის მაცხოვრებლებისთვის.
- 2024 წლის 18 აპრილს მოსკოვში „სამხრეთ ოსეთის პარლამენტისა და რუსეთის ფედერალური კრების ფედერაციის საბჭოს თანამშრომლობის კომიტეტის“ მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე ცეკოვიც მონაწილეობდა. იგი რუსეთის მხრიდან კომისიის თანათავჯდომარეა.
- 2024 წლის 9 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ცეკოვს შეხვდა. ცეკოვი არალეგიტიმურ საპარლამენტო არჩევნებზე „საერთაშორისო დამკვირვებლის“ რანგში იმყოფებოდა.