ალექსანდრ ნოვაკი
რუსეთის ფედერაციის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე
ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები
- ალექსანდრ ნოვაკი დაიბადა 1971 წლის 23 აგვისტოს ქ. ავდეევკაში, დონეცკის ოლქში, უკრაინის სსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
- 1993 წელს დაამთავრა ნორილსკის სამრეწველო ინსტიტუტი „ეკონომიკა და მეტალურგიაში მართვის“ სპეციალობით. 2009 წელს დაამთავრა ლომონოსოვის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი „მენეჯმენტის“ სპეციალობით.
- 1988-1997 წლებში მუშაობდა ნორილსკის სამთო-მეტალურგიულ კომბინატში, დაწყებული ტექნიკოს-ტექნოლოგიდან, დამთავრებული ფინანსური ბიუროს უფროსის თანამდებობამდე.
- 1997-2000 წლებში ნორილსკის სამთო-მეტალურგიულ კომბინატში განყოფილების უფროსიდან დირექტორის მოადგილის თანამდებობამდე იმუშავა.
- 2009 წელს მიენიჭა რუსეთის ფედერაციის მე-3 კლასის ნამდვილი სახელმწიფო მრჩევლის საკლასო ჩინი.
პოლიტიკური კარიერა
- 2000-2002 წლებში ქ. ნორილსკის ქალაქის ხელმძღვანელის მოადგილე იყო საფინანსო-ეკონომიკურ საკითხებში.
- 2002-2007 წლებში კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის, ალექსანდრ ხლოპონინის, მოადგილე და მხარის ადმინისტრაციის მთავარი საფინანსო სამმართველოს უფროსია.
- 2007-2008 წლებში კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორის პირველი მოადგილე და მთავრობის თავმჯდომარეა.
- 2008-2012 წლებში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილეა.
- 2012 წლის 21 მაისს რუსეთის ენერგეტიკის მინისტრად დაინიშნა. 2018 წლის 18 მაისს ხელახლა დაინიშნა ენერგეტიკის მინისტრად. 2020 წლის 21 იანვარს ახალ მთავრობაშიც ენერგეტიკის მინისტრად დანიშნეს.
- 2020 წლის 10 ნოემბერს რუსეთის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილედ დაინიშნა. ნოვაკი სავაჭრო-ენერგეტიკულ კომპლექსსა და ელექტროენერგიტიკის სფეროს კურირებს, ასევე ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალურ ოლქში შემავალი რუსეთის სუბიექტების სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას და ამ სუბიექტებთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს.
- ნოვაკი 2012 წლიდან სხვადასხვა სახელმწიფო კომპანიის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე ან წევრია, მათ შორის: „ტრანსნეფტი“, „როსატომი“, „გაზპრომი“, „როსნეფტი“.
- უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო მასზე პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული უკრაინას, აშშ-ს, დიდ ბრიტანეთს.
- 2022 წლის 1 ნოემბერს რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ნოვაკი რუსეთისა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის თანათავჯდომარედ დანიშნა. ნოვაკმა ამ თანამდებობაზე მარატ ხუსნულინი შეცვალა.
აფხაზეთთან ურთიერთობა
- 2020 წლის 29 იანვარს ნოვაკი ტელეფონით ესაუბრა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელს ვალერი ბგანბას. საუბრის თემა აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდებისა და ენერგოდეფიციტის ლიკვიდაციის საკითხები იყო.
- 2020 წლის 24 მარტს ნოვაკი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის ენერგომომარაგებისა და ენერგოსფეროში თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკის გაზიფიკაციისა და ნავთობპროდუქტებზე გაზრდილი ფასების საკითხებიც განიხილეს.
- 2021 წლის 17 მარტს ნოვაკმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანს უმასპინძლა. შეხვედრაზე აფხაზეთის ენერგომომარაგებისა და დე ფაქტო რესპუბლიკის ენერგოსისტემის მოდერნიზაციის საკითხები განიხილეს.
- 2022 წლის 13 ივლისს ნოვაკმა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანს უმასპინძლა. შეხვედრაზე აფხაზეთის ენერგომომარაგებისა და აფხაზეთში რუსეთიდან შეტანილ ნავთობროდუქტებზე ფასების საკითხები განიხილეს. ვიზიტამდე აფხაზეთში საწვავზე ფასებმა მოიმატა, ასევე 1 ივლისიდან გაძვირდა ელექტროენერგიის საფასურიც.
- 2023 წლის 24 აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვსა და ნოვაკს. შეხვედრაზე განიხილეს ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობის, „კანონმდებლობათა“ ჰარმონიზაციის, გაზიფიცირებისა და ინვესტიციების დაცვის საკითხი. გარდა ამისა, შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.
- 2023 წლის 3 მაისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რუსეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ნოვაკს შეხვდა. ბჟანია კავკასიის პირველ საინვესტიციო გამოფენაში მონაწილეობდა. შეხვედრაზე ელექტროენერგეტიკული კომპლექსის განვითარების, სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისა და ორმხრივი ურთიერთობების სხვა საკითხებიც განიხილეს.
- 2023 წლის 9 ივნისს დე ფაქტო რესპუბლიკას ნოვაკი ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, ნოვაკი დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტს, ასლან ბჟანიას შეხვდა. ამავე დღეს ნოვაკმა დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრთან, კრისტინა ოზგანთან ერთად მოინახულა სოხუმის აეროპორტი, რომლის აღდგენაც იგეგმება. გარდა ამისა, ნოვაკმა დაათვალიერა ბიჭვინთაში მშენებარე სასტუმროს - „მოსკვა რეზორტ“ მიმდებარე ტერიტორია, პანსიონატი - „კურორტი პიცუნდა" და დე ფაქტო ტურიზმის მინისტრთან, თეიმურაზ ხიშბასთან ერთად ეწვია ბიჭვინთის მონასტერსაც. 10 ივნისს გაიმართა „სამთავრობათაშორისო“ შეხვედრა. აფხაზურ დელეგაციას ხელძღვანელობდა დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, ალექსანდრე ანქვაბი.
- 2024 წლის 8 თებერვალს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის, ასლან ბჟანიას პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ბჟანია მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში შეხვდა რუსეთის არაერთ მაღალჩინოსანს, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს. მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვდა ლავროვს, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს, დიმიტრი კოზაკს, რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრს, მაქსიმ რეშეტნიკოვს, ნოვაკსა და რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს, რაშიდ ნურგალიევს შეხვდა.
- 2024 წლის 6 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ნოვაკს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა
- 2018 წლის 24 მაისს პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ნოვაკი, ენერგეტიკის მინისტრის რანგში, ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ფორუმის ფარგლებში შეთანხმებას - „ღია სააქციო საზოგადოება „გაზპრომ-სამხრეთ ოსეთის“ აქციების ყიდვა-გაყიდვისა და შემდგომი საქმიანობის შესახებ“ ნოვაკმა და დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა გენადი კოკოევმა მოაწერეს ხელი. ნოვაკის თქმით, შეთანხმების ხელმოწერა ხელს შეუწყობს ცხინვალის რეგიონში გაზის სატრანსპორტო სისტემის განვითარებას, რისთვისაც 2 მლრდ რუბლი დაიხარჯება.
- 2022 წლის 7 ნოემბერს ნოვაკი მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარეს კონსტანტინ ჯუსოევს შეხვდა. შეხვედრაზე სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილეს: ინვესტიციები, სოციალური სფერო, ჯანდაცვა, ტურიზმი, ინფრასტრუქტურის განვითარება და სხვ.
- 2023 წლის 17 ნოემბერს ცხინვალის რეგიონს ნოვაკი ეწვია. ეს მისი პირველი ვიზიტი იყო რეგიონში. ნოვაკმა მონაწილეობა მიიღო რუსეთსა და დე ფაქტო რესპუბლიკას შორის „სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისო კომისიის“ 22-ე შეხვედრაში. მან ასევე რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტების მონიტორინგი განახორციელა. 17 ნოემბერს დე ფაქტო პრეზიდენტი, ალან გაგლოევი ნოვაკს პირადად შეხვდა. შეხვედრაზე დე ფაქტო რესპუბლიკასა და რუსეთს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ნოვაკმა გაგლოევთან ერთად საზეიმოდ გახსნა სამი საცხოვრებელი კორპუსიც. საცხოვრებელი სახლები აშენდა რუსეთის მიერ დაფინანსებული „სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის“ დაფინანსებით. რუსეთის დელეგაციის წევრები კი იყვნენ ნოვაკი, რუსეთის ე.წ. ელჩი რეგიონში, მარატ კულახმეტოვი, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი, იგორ მასლოვი, რუსეთის ფედერაციის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე, დიმიტრი ვოლვაჩი და რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ანტონ მელნიკი.