მთავარი ფიგურები

სერგეი ნევეროვი

რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე

ზოგადი ბიოგრაფიული ცნობები

  • სერგეი ნევეროვი დაიბადა 1961 წლის 21 დეკემბერს, ქ.  ტაშტაგოლში, კემეროვის ოლქში, რუსეთის სფსრ-ში, საბჭოთა კავშირში.
  • 1989 წელს დაამთავრა ორჯონიკიძის სახელობის ციმბირის მეტალურგიული ინსტიტუტი, სამთო ელექტრომექანიკოსის პროფესიით.
  • 2000 წელს დაამთავრა შრომისა და სოციალური ურთიერთობების აკადემია.
  • უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო მასზე პერსონალური სანქციები აქვს დაწესებული დასავლეთის ქვეყნებს.

პოლიტიკური კარიერა

  • საბჭოთა პერიოდში, 1991 წლამდე, კომუნისტური პარტიის წევრი იყო.
  • 1999-2011 წლებში იყო რუსეთის მე-3, მე-4 და მე-5 მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრი. პირველად სახელმწიფო დუმის წევრი 1999 წელს გახდა კუზბასის გუბერნატორის, ამან ტულეევის მხარდაჭერით. 2004 წელს პარტია „ერთიანი რუსეთის“ წევრი გახდა.
  • 2011-2020 წლებში რუსეთის მე-6, მე-7 და მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე იყო. 2011-2017 წლებში სახელისუფლო პარტია „ერთიანი რუსეთის“ გენერალური საბჭოს პრეზიდიუმის მდივანი იყო. 2017-2021 წლებში სახელმწიფო დუმაში „ერთიანი რუსეთის“ ფრაქციის ხელმძღვანელი იყო.
  • 2019 წლის 8 ივლისს ნევეროვმა ჟურნალისტებთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ სახელმწიფო დუმა განიხილავს საქართველოდან რუსეთში ღვინისა და მინერალური წყლის ექსპორტის და ასევე ფულადი გზავნილების განხორციელების აკრძალვის საკითხს. მისი თქმით, საქართველოში კვლავ არსებობს რუსოფობიური განწყობები, რაც საქართველოში რუსი მოქალაქეების ყოფნას სახიფათოს ხდის. ნევეროვმა საქართველოს ხელისუფლებას იმ კრიმინალურ და რადიკალურ ელემენტებთან გამკვლავებისკენ მოუწოდა, რომლებიც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის დესტაბილიზაციას ახდენენ. ნევეროვის განცხადებას წინ უძღოდა 20 ივნისის მოვლენა, როდესაც საქართველოში ოპოზიციურმა პარტიებმა საქართველოს პარლამენტში სპიკერის სამუშაო ადგილზე რუსი დეპუტატის, სერგეი გავრილოვის ყოფნა გააპროტესტეს, რომელმაც მართლმადიდებლობის საპარლამენტათაშორისო ასამბლეის 26-ე სესია გახსნა. ამ ფაქტს, თბილისში მთავრობის საწინააღმდეგო გამოსვლებიც მოჰყვა.
  • 2021 წელს რუსეთის მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმის წევრი გახდა სმოლენსკის ოლქიდან. მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმაში რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ურთიერთობის მიზნით შექმნილ დეპუტატთა ჯგუფებს კურირებს.

აფხაზეთთან ურთიერთობა

  • 2022 წლის 2 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაცია, დე ფაქტო სპიკერის, ლაშა აშუბას ხელმძღვანელობით, მოსკოვს ესტუმრა. აფხაზურ დელეგაციას აეროპორტში ნევეროვი დახვდა. ვიზიტის ფარგლებში აფხაზური დელეგაცია სახელმწიფო დუმის თავმჯდომარეს, ვიაჩესლავ ვოლოდინს და ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეს, კონსტანტინ კოსაჩევს შეხვდა. ნევეროვმა აშუბასთან ერთად მონაწილეობა მიიღო მოსკოვის აფხაზური დიასპორის 62-ე შეხვედრაში.
  • 2022 წლის 30 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსი დეპუტატების დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც ნევეროვი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
  • 2022 წლის 1 დეკემბერს აფხაზეთს რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარე ვიაჩესლავ ვოლოდინი პირველი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა. რუსი დეპუტატების დელეგაციის წევრი ნევეროვიც იყო.

ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა

  • 2017 წლის 23 მარტს ნევეროვმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ლეონიდ თიბილოვს უმასპინძლა.
  • 2018 წლის 22 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი  და ფრაქცია „ერთიანი ოსეთის“ ხელმძღვანელი პეტრ გასიევი ნევეროვს შეხვდა. შეხვედრაზე „ერთიან რუსეთსა“ და „ერთიან ოსეთს“ შორის შეთანხმების გაფორმების პერსპექტივები განიხილეს.
  • 2019 წლის 19 ნოემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციამ მონაწილეობა მიიღო II საერთაშორისო კონფერენციაში - „დსთ-ის წევრი ქვეყნების პარლამენტებს შორის თანამშრომლობაში პოლიტიკური პარტიების ფრაქციებისა და ბლოკების ურთიერთქმედების როლი“, რომელიც რუსეთის სახელმწიფო დუმაში ჩატარდა. კონფერენციაში ნევეროვიც მონაწილეობდა.