ძირითადი უწყებები

დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტო

სააგენტოს შესახებ 

2008 წლის 6 სექტემბერს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, საქართველოსთან ომის შემდეგ რუსეთის საერთაშორისო იმიჯის გაუმჯობესებისა და ახლო და შორეულ საზღვარგარეთში რუსეთის გავლენის გაზრდის მიზნით, საგარეო საქმეთა სამინისტროში საერთაშორისო სამეცნიერო და კულტურული თანამშრომლობის რუსული ცენტრის (Росзарубежцентр) მაგივრად, რომელიც 1994-2008 წლებში საქმიანობდა, ახალი უწყება ჩამოყალიბდა – დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტო (Россотрудничество). ბოლო წლების განმავლობაში სააგენტო რუსეთის „რბილი ძალის“ ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტრუმენტად ჩამოყალიბდა

სააგენტო 80-ზე მეტ სახელმწიფოში წარმოდგენილია მეცნიერებისა და კულტურის ცენტრებით და ასევე რუსეთის საელჩოს შემადგენლობაში მოქმედი წარმომადგენლობებით. სააგენტოს საქმიანობაში პრიორიტეტული გეოგრაფიული არეალი დსთ-ს წევრი ქვეყნები, აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონია, სადაც სააგენტოს ყველგან გახსნილი აქვს მეცნიერებისა და კულტურის ცენტრები. საქართველო-რუსეთს შორის არსებული ურთიერთობის გამო საქართველოში სააგენტო არ საქმიანობს. 

სააგენტოს საქმიანობის შესახებ

სააგენტო თავის საქმიანობას სხვადასხვა პროგრამების საშუალებით ახორციელებს, სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი მიზანი კი - უცხოეთში რუსული ენის გავრცელების მხარდაჭერაა. სააგენტოს საქმიანობაში სხვა ძირითადი მიმართულებია: საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარება, მსოფლიოში რუსული კულტურის გავრცელების ხელშეწყობა, საზოგადოებრივი დიპლომატია, უცხოეთში თანამემამულეების მხარდაჭერა, რუსული განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაცია და სხვ.. 

სააგენტოს ხელმძღვანელები

სააგენტოს პირველი ხელმძღვანელი ფარიტ მუხამეტშინი იყო, რომელიც 2012 წლის 5 მარტიდან რუსეთის პოლიტიკური ელიტის გამორჩეულმა წარმომადგენელმა, კონსტანტინ კოსაჩევმა შეცვალა. 2015 წლის 23 მარტიდან სააგენტოს ხელმძღვანელად ფედერაციის საბჭოს წევრი ლიუბოვ გლებოვა დაინიშნა. მან კოსაჩევი შეცვალა, რომელიც 2014 წლის დეკემბერში ფედერაციის საბჭოს წევრი და საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა. 

2017 წლის 19 დეკემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სააგენტოს უფროსად ელეონორა მიტროფანოვა დანიშნა. მან ლიუბოვ გლებოვა შეცვალა, რომელმაც თანამდებობა 2017 წლის 14 სექტემბერს დატოვა. გლებოვა უდმურტეთის რესპუბლიკიდან რუსეთის ფედერაციის საბჭოს წევრი გახდა. სააგენტოს უფროსის თანამდებობა რამდენიმე თვე იყო ვაკანტური, რაც კრემლში სხვადასხვა ჯგუფს შორის დაპირისპირებითაც შეიძლება აიხსნას. გავრცელებული მოსაზრებით, მიტროფანოვას დანიშვნას აფერხებდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის გავლენიანი უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკო, რომლის პროტეჟედაც მიიჩნეოდა გლებოვა. გარდა ამისა, შემაფერხებელ ფაქტორად სახელდებოდა მიტროფანოვას ძმა, რომელსაც რუსეთის მართლმსაჯულება ეძებდა. 2020 წლის 9 ივნისს მიტროფანოვამ თანამდებობა დატოვა.

2020 წლის 25 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით სააგენტოს თავმჯდომარედ ევგენი პრიმაკოვის შვილიშვილი, ევგენი პრიმაკოვი უმცროსი დაინიშნა. მან დანიშვნისთანავე სააგენტოს წინა ხელმძღვანელობა არაეფექტურ მართვაში დაადანაშაულა და სააგენტოს რეფორმირების შესახებ განაცხადა.

სააგენტოს ხელმძღვანელები

  • ფარიტ მუხამეტშინი (2008 წლის 17 ოქტომბერი-2010 წლის 5 მარტი).
  • კონსტანტინ კოსაჩევი (2010 წლის 5 მარტი-2014 წლის 22 დეკემბერი).
  • ლიუბოვ გლებოვა (2015 წლის 23 მარტი-2017 წლის 26 სექტემბერი).
  • ელეონორა მიტროფანოვა (2017 წლის 19 დეკემბერი-2020 წლის 25 ივნისი).
  • ევგენი პრიმაკოვი (2020 წლის 25 ივნისიდან დღემდე).

სააგენტოს სტრუქტურა

სააგენტოს რეფორმირების ფარგლებში სააგენტოს ახალი სტრუქტურა 2020 წლის 16 ნოემბერს ამოქმედდა. სტრუქტურული ცვლილების შედეგად გაუქმდა დსთ-ის საქმეთა, საერთაშორისო განვითარებისა და ინტეგრაციის ხელშეწყობის სამმართველო, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებას კურირებდა. 2015 წლის 9 ნოემბრიდან 2020 წლის 31 მაისის ჩათვლით სამმართველოს უფროსი სერგეი მალენკო იყო. გაუქმებულ სამმართველოში შედიოდა სამხრეთ კავკასიის, აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ განყოფილებაც. ახალი სტრუქტურის მიხედვით პოსტსაბჭოთა სივრცის მიმართულებით საორგანიზაციო-ანალიტიკური სამმართველო იმუშავებს, რომლის უფროსი ვალერი პლატონოვია. სამმართველოს შემადგენლობაში შედის ახლო საზღვარგარეთის ქვეყნების განყოფილება, რომლის უფროსიც ალექსანდრ პავლოვია.

სააგენტოს ახალი სახელი - „რუსული სახლი“

2020 წლის 3 დეკემბერს სააგენტომ დააანონსა ახალი კონკურსი, რომელიც მიზნად ისახავდა სააგენტოსთვის არაოფიციალური სახელის შერჩევას. პრიმაკოვის განცხადებით, სახელი „Россотрудничество“ დარჩებოდა ოფიციალურ სახელად, თუმცა უნდა შექმნილიყო „სახალხო“ სახელიც, რომლის წარმოთქმაც უფრო ადვილი იქნებოდა. 2021 წლის 2 მარტს ცნობილი გახდა, რომ კონკურსის შედეგად შეირჩა სააგენტოს ახალი არაოფიციალური სახელი - „რუსული სახლი“. ამიერიდან სწორედ ასე მოიხსენიებენ სააგენტოს საზღვარგარეთის ქვეყნებში, „Россотрудничество“ კი დარჩება ოფიციალურ სახელწოდებად უშუალოდ ორგანიზაციასა და რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სისტემაში.

სააგენტოს წარმომადგენლობა სოხუმში

სააგენტოს ინიციატივით სოხუმში სააგენტოს წარმომადგენლობა, მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრის სახით, 2009 წლის 18 დეკემბერს გაიხსნა. მისი პირველი ხელმძღვანელი აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ მრჩეველი ალექსანდრ ვაულინი (2009-2014) იყო. წარმომადგენლობის გახნის საზეიმო ღონისძიებაში აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი სერგეი ბაღაფში, დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა, აფხაზეთში რუსეთის „ელჩი“ სემიონ გრიგორიევი და სააგენტოს ხელმძღვანელი ფარიტ მუხამეტშინიც მონაწილეობდნენ.

2014 წლიდან სააგენტოს წარმომადგენლობას სოხუმში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩეველი, სერგეი ფედჩენკო ხელმძღვანელობდა.

2018 წლის ოქტომბრიდან სააგენტოს წარმომადგენლობას ვადიმ ჩეხა ხელმძღვანელობს.

სააგენტოს წარმომადგენლობის ძირითადი ამოცანებია:

  • რუსეთსა და აფხაზეთს შორის კულტურული, საგანმანათლებლო, სამეცნიერო-ტექნიკური და საინფორმაციო კავშირების განვითარება.
  • აფხაზეთში მცხოვრებ რუს თანამემამულეებში კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობა.
  • საერთაშორისო, რეგიონული და ადგილობრივი ორგანიზაციების მიმართულებთ კავშირების განვითარება.

წარმომადგენლობის ბაზაზე მუდმივად ფუნქციონირებს ბიბლიოთეკა თავისი სამკითხველო დარბაზით, კომპიუტერული კლასი, რუსული ენის კურსები და კინოკლუბი. 

სააგენტო განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს რუსული ენის პოზიციების გაძლიერებას, რისთვისაც მრავალფეროვან საქმიანობას ახორციელებს: პუშკინის ხსოვნის დღის აღნიშვნა, რუსულ ენაში საერთაშორისო კონკურსის ჩატარება, რუსული ენის უფასო კურსების ორგანიზება, რუსული ენის დღის აღნიშვნა და სხვ. 

ასევე განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა რუსული განათლებისა და მეცნიერების პოპულარიზაციას, რომლის ფარგლებშიც სხვადასხვა პროექტები და პროგრამები ხორციელდება: კომპიუტერული ცოდნის უფასო კურსები, რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აბიტურიენტების მიღება, რუსული მეცნიერების დღის აღნიშვნა და სხვ. 

სააგენტოს საქმიანობას მნიშვნელოვანი მხარდაჭერა აქვს ადგილობრივი დე ფაქტო ხელისუფლების მხრიდანაც. 2014 წელს სააგენტოს აფხაზური წარმომადგენლობის 5 წლისთავის საიუბილეო ღონისძიებას აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი რაულ ხაჯიმბაც დაესწრო

აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის მიმართ პოზიტიური შეფასების გარდა, გარკვეული უკმაყოფილებაც არის. მაგ. 2017 წელს აფხაზეთში სააგენტოს წარმომადგენლობის საქმიანობამ გარკვეული უკმაყოფილება გამოიწვია აფხაზ აბიტურიენტებს შორის, რომლებიც გამჭვირვალობის ნაკლებობაში სდებდნენ მათ ბრალს.  საკითხი განხილვის საგანი გახდა აფხაზეთის საზოგადოებრივი პალატის შეხვედრაზეც. 2017 წლისთვის რუსეთის უმაღლეს სასწავლებლებში აფხაზი აბიტურიენტებისათვის 150 ლიმიტი იყო გამოყოფილი, თუმცა შერჩევის პროცედურისადმი პრეტენზიების გამო, ბევრი საჩივარი შევიდა საზოგადოებრივ პალატაში. ლიმიტების განაწილებას აფხაზური მხრიდან დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი ვიტალი გაბნია კურირებდა, რომელიც სიტუაციის გარკვევის მიზნით საზოგადოებრივი პალატის შეხვედრაზე მიიწვიეს კიდეც. გაბნიას განცხადებით, თუ წინა ორი წელი აბიტურიენტების შერჩევის პროცესს და ლიმიტების განაწილებას აფხაზური მხარე აკონტროლებდა, 2017 წელს შერჩევის ორგანიზება სააგენტოს აფხაზურ წარმომადგენლობას დაეკისრა, რომელსაც იმ პერიოდში სერგეი ფედჩენკო ხელმძღვანელობდა. საყურადღებოა, რომ მოწვევის მიუხედავად სააგენტოს აფხაზური წარმომადგენლობიდან არავინ მივიდა განხილვაში მონაწილეობის მისაღებად. გაბნიას შეფასებით, გამოცდების პერიოდში, სავარაუდოდ, ინფორმაციამ გაჟონა და ბევრმა ბავშვმა და მათმა მშობელმა წინასწარ იცოდა თუ რა შეხვდებოდა რუსული ენის გამოცდაზე. 

სააგენტოს წარმომადგენლობა ცხინვალში

ცხინვალში სააგენტოს წარმომადგენლობა 2010 წლის 6 სექტემბერს გაიხსნა, მეცნიერებისა და კულტურის რუსული ცენტრი კი - 2012 წლის 21 სექტემბერს. სააგენტოს წარმომადგენლობის პირველი ხელმძღვანელი იყო ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის საელჩოს მრჩეველი, მიხაილ სტეპანოვი.     

2017 წელს სტეპანოვმა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვისგან მეგობრობის ორდენი მიიღო. ჯილდო მიიღო სტეპანოვის მეუღლემაც, რომელიც სააგენტოს წარმომადგენლობაში უფროს რეფერენტად მუშაობდა. 

ამჟამად სააგენტოს წარმომადგენლობას სერგეი სკვარცოვი ხელმძღვანელობს.

სააგენტოს წარმომადგენლობის ძირითადი ამოცანებია:

  • ცხინვალის რეგიონში რუსულენოვანი სივრცის შენარჩუნება.
  • კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში კავშირების დამყარების ხელშეწყობა.
  • მეცნიერებისა და სპორტის სფეროში კავშირების დამყარების ხელშეწყობა.
  • თანამემამულეების მხარდაჭერა.
  • სხვა.

ცენტრის ბაზაზე მუდმივად ფუნქციონირებს საკონფერენციო დარბაზი, ბიბლიოთეკა, რუსული ენის კაბინეტი, კომპიუტერული კლასი, ქორეოგრაფიული სტუდია, და სხვა.