ძირითადი უწყებები

სამხრეთის სამხედრო ოლქი

სამხრეთის სამხედრო ოლქი  (სსო) რუსეთის ფედერაციის სამხედრო-ადმინისტრაციული ერთეულია. სსო რუსეთის სამხრეთ-დასავლეთის რეგიონებს, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიას მოიცავს. რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის 2010 წლის 20 სექტემბრის ბრძანების საფუძველზე, 2010 წლის 4 ოქტომბერს, სამხედრო რეფორმის ფარგლებში, ჩრდილოეთ კავკასიის სამხედრო ოლქის (ჩკსო) ბაზაზე სსო შეიქმნა. სსო-ის უშუალო დაქვემდებარებაში და მის შემადგენლობაში შემავალი 58-ე (1-ლი ოპერატიული სარდლობა) და 49-ე (მე-2 ოპერატიული სარდლობა) საერთო-საჯარისო არმიების გარდა, ოლქში შედის შავი ზღვის ფლოტი და კასპიის ფლოტილია, საჰაერო ძალების და ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის მე-4 სარდლობა.

სსო-ს საუკუნოვანი ისტორია აქვს. ჩკსო 1918 წლის 4 მაისს სახალხო კომისართა საბჭოს დეკრეტით დაფუძნდა. 1918 წლის 3 ოქტომბერს სამხრეთის ფრონტის რევოლუციური სამხედრო საბჭოს ბრძანებით, ჩრდილოეთ კავკასიის წითელ არმიას მე-11 არმია ეწოდა. რუსეთში სამოქალაქო ომის დასრულების შემდეგ, 1921 წლის 4 მაისს, რევოლუციური სამხედრო საბჭოს ბრძანებით, აღადგინეს ჩკსო, შტაბ-ბინით დონის როსტოვში. მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ჩკსო გააუქმეს. ომის დასრულების შემდეგ ჩრდილოეთ კავკასიის ტერიტორიაზე სამხედრო ოლქი აღადგინეს და ოლქს 1946 წელს ძველი სახელი - ჩკსო დაუბრუნეს.

ჩკსო-ს სამხედრო დანაყოფებმა განსაკუთრებული როლი შეასრულეს საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიაში მიმდინარე პროცესებში. ოლქის შენაერთები ჩართულნი იყვნენ ჩრდილოეთ კავკასიაში, ჩეჩნეთის  ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო დაპირისპირებაში. ოლქის შენაერთებმა უშუალო მონაწილეობა მიიღეს 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, რის შემდეგაც, 2009 წლის 1 თებერვალს, საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში სსო-ის ფარგლებში რუსეთის სამხედრო ბაზები დაფუძნდა. სსო-ის სამხედროებმა გადამწყვეტი როლი შეასრულეს ყირიმისა და სევასტოპოლის ანექსიაშიც. სსო-ის მფრინავები და მეზღვაურები სირიაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციაშიც მონაწილეობდნენ

2018 წლის ოქტომბრის მონაცემებით, სსო-ის სამხედრო დანაყოფები რუსეთის ფედერაციის ორი ფედერალური ოლქისა (სამხრეთის და ჩრდილოეთ კავკასიის) და 2014 წლიდან ანექსირებული ყირიმის ტერიტორიებზეა განთავსებული. სსო-ის 3 სამხედრო ბაზა ასევე განლაგებულია სამხრეთ კავკასიაში: 102-ე სამხედრო ბაზა სომხეთში, ქ. გიუმრიში და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე – მე-7 სამხედრო ბაზა ქ. გუდაუთაში, აფხაზეთში  და მე-4 სამხედრო ბაზა ქ. ცხინვალსა და ჯავაში, ცხინვალის რეგიონში.

სსო-ის სარდლობის შტაბი განლაგებულია დონის როსტოვში. ოლქის სარდალია გენერალ-პოლკოვნიკი ალექსანდრ დვორნიკოვი.

სარდლობის ოპერატიულ დაქვემდებარებაში რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ერთეულების გარდა სხვა ძალოვანი უწყებებიც შედის, მათ შორის, შსს-ს შინაგანი ჯარების, უშიშროების ფედერალური სამსახურის სასაზღვრო სამსახურის, განსაკუთრებული სიტუაციების სამინისტროსა და სხვა გასამხედროებული უწყებების დანაყოფები.

სსო ოფიციალურად რუსეთის სამხრეთ საზღვრებზე უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავს მიზნად, თუმცა რეალურად სსო-ის საქმიანობა სამხრეთ კავკასიაში რუსეთის სამხედრო კონტროლის გაძლიერებისკენ არის მიმართული.

დასავლეთიდან მომდინარე საფრთხის გასანეიტრალებლად 2013 წლიდან ოლქის ფარგლებში დამატებით ჩამოყალიბდა სხვადასხვა სახის სამხედრო შენაერთები. თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, ბოლო წლებში გართულდა სამხედრო-პოლიტიკური ვითარება სამხრეთ-დასავლეთის სტრატეგიული მიმართულებით, რაც ძირითადად აღმოსავლეთ ევროპაში ნატო-ს სამხედრო ყოფნის გაძლიერებას, უკრაინაში არსებულ ვითარებას და საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფების საქმიანობას, მათ შორის ჩრდილოეთ კავკასიაში, უკავშირდება. შოიგუს განცხადებით, შექმნილია ორი სარაკეტო ბრიგადა, რომელიც „ისკანდერ-მ“-ით არის აღჭურვილი. გარდა ამისა, გაზრდილია სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა.

სსო წლის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნებს ატარებს, როგორც მთლიანად ოლქის მასშტაბით, ასევე აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში.  მაგ. 2018 წლის სექტემბერში სსო-ის მეთაურის, ალექსანდრ დვორნიკოვის  მოთხოვნით აფხაზეთში სსო-ის მოტომსროლელმა ბატალიონმა  პირველად ჩაატარა წვრთნები, რომელიც საწვრთნელ ბრძოლაში ერთმანეთის წინააღმდეგ ბრძოლას ითვალისწინებდა ავიაციისა და ფლოტის მხარდაჭერით. ტაქტიკური სამხედრო წვრთნები ხშირად იმართება, როგორც აფხაზეთის, ასევე ცხინვალის რეგიონის სამხედრო პოლიგონებზე.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებული რუსეთის სამხედრო ბაზები პერიოდულად მასშტაბურ სამხედრო წვრთნებშიც მონაწილეობენ. მაგ. 2018 წლის 1 ოქტომბერს აფხაზეთში არსებული სამხედრო პოლიგონები რუსეთში ბოლო 30 წლის განმავლობაში ყველაზე მასშტაბურ სამხედრო წვრთნებში ჩაერთვნენ. დვორნიკოვის განცხადებით, წვრთნები რუსეთის ტერიტორიის გარდა სომხეთში, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონშიც ჩატარდა და წვრთნების დროს ბრძოლის თანამედროვე ფორმები და საშუალებები დამუშავდა, მათ შორის სირიაში მიღებული გამოცდილების საფუძველზე. 

2018 წლის თებერვალში ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, სამხედრო მომზადებაში მაღალი შედეგებისათვის, საბრძოლო ამოცანების შესრულების დროს პირადი შემადგენლობის მიერ გამოვლენილი სიმამაცისა და გმირობისთვის რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა სსო სუვოროვის ორდენით დააჯილდოვა. 2018 წლის 5 მაისს სსო-ის დაარსების 100 წლისთავი დონის როსტოვში საზეიმოდ აღინიშნა

ბოლო პერიოდში სსო თავდაცვის სამინისტროსთვის ერთგვარ „კადრების სამჭედლოდ“ გადაიქცა. 2017 წელს დვორნიკოვის წინამორბედი, ალექსანდრ გალკინი თავდაცვის მინისტრის თანაშემწედ დანიშნეს. 2012 წელს სსო-ის შტაბის ყოფილი უფროსი ვალერი გერასიმოვი გენშტაბის უფროსად დაინიშა. 2016 წელს საჰაერო-სადესანტო ჯარების მეთაურად სსო-ის მეთაურის პირველი მოადგილე ანდრე სერდიუკოვი დანიშნეს. არსებული მოსაზრებით, სსო-ის კადრების მაღალ თანამდებობზე დანიშვნები იმითაც არის განპირობებული, რომ რეალურ საომარ ვითარებაში მონაწილეობის მიღების თვალსაზრისით სსო ყველაზე გამოცდილი ოლქია. გარდა იმისა, რომ სსო საქართველოსთან ომში მონაწილეობდა, სწორედ სსო-ის შემადგენლობაში შედიოდა ყირიმში დისლოცირებული რუსული ობიექტები და სამხედროები რუსეთთან შეერთებამდე. 2015 წელს უკრაინულმა მხარემ აღმოსავლეთ უკრაინაში „რუსეთის საოკუპაციო ჯარების ყველა დაჯგუფების“ მეთაურობაში სერდიუკოვი დაადანაშაულა. სერდიუკოვი მიაჩნიათ 2014 წელს ყირიმის რუსეთთან შეერთების დროს სპეციალური ოპერაციის მეთაურადაც, რომელმაც შეერთებამდე ყირიმის რუსეთთან შეერთების რეფერენდუმის ჩატარება უზრუნველყო.