ძირითადი უწყებები

საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველო

2018 წლის 2 ოქტომბერს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ხელი მოაწერა ბრძანებას „რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს“ (Управления Президента по приграничному сотрудничеству) დაფუძნების შესახებ. ბრძანების თანახმად, სამმართველომ დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო ჩაანაცვლა. ამ ბრძანებით, პრეზიდენტის 2012 წლის 25 ივნისის N893 ბრძანება გაუქმდა „დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს დაფუძნების შესახებ“. 

2018 წლის 2 ოქტომბერს ახალი სამმართველოს უფროსად ოლეგ გოვორუნი დაინიშნა, რომელიც დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი იყო. 2019 წლის 17 აპრილს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსად, ამავე სამმართველოს უფროსის მოადგილე, ალექსეი ფილატოვი დაინიშნა. ამავე ბრძანებით თანამდებობა დატოვა გოვორუნმა, რომლის გადადგომის შესახებ ხმები 4 აპრილს გავრცელდა.

სამმართველო უზრუნველყოფს პრეზიდენტის საქმიანობას აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან და უკრაინასთან ურთიერთობების საკითხებში, ასევე პრეზიდენტის განკარგულებით რუსეთის საზღვრისპირა ქვეყნებთან. სამმართველოს კომპეტენციაში შედის: აღნიშნულ რეგიონებთან და  ქვეყნებთან ურთიერთობის ძირითადი მიმართულებების შემუშავება, ერთობლივი სოციალურ-ეკონომიკური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებისათვის წინადადებების მომზადება, საზღვრისპირა თანამშრომლობის განხორციელების კომპლექსური მიდგომის შემუშავებისათვის სახელმწიფო სუბიექტებთან და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან საქმიანობის კოორდინაცია, სამმართველოს კომპეტენციის ფარგლებში პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელისთვის ექსპერტული დასკვნების, ანალიტიკური ანგარიშებისა და სხვა მასალების მომზადება. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სამმართველოს ფუნქციები მნიშვნელოვნად არის გაფართოებული. აფხაზეთის, ცხინვალის რეგიონისა და უკრაინის გარდა, სამმართველოს უკვე შეეძლება ნებისმიერ „მოსაზღვრე სახელმწიფოს“ პრობლემებზე მუშაობა. საზღვრისპირა თანამშრომლობა უკვე გულისხმობს დამატებით ურთიერთქმედებას რუსეთის სუბიექტებთან, ადგილობრივ ხელისუფლებებთან, არაკომერციულ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. 

ახალი სამმართველოს შექმნას თანამშრომელთა რაოდენობის შემცირებაც მოჰყვა. მედიაში ამის ერთ-ერთ მიზეზად დაფინანსების შემცირებაც სახელდება. გარდა ამისა, იყო საუბარი რომ ძველ ფორმატში მუშაობა არაეფექტური იყო და საჭირო იყო ფორმატის გადახედვა. 

დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო

საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველოს საფუძველზე შეიქმნა, რომელიც 2012 წლის 9 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით დაფუძნდა. სამმართველოს პირველი ხელმძღვანელი იური ვორონინი იყო, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან სოციალურ-ეკონომიკური ურთიერთქმედების საკითხებში პრეზიდენტის თანაშემწე ტატიანა გოლიკოვასთან დაახლოებული პირი იყო. გოლიკოვას მიერ თანაშემწის თანამდებობის დატოვების შემდეგ, პოსტს ვორონინიც შეელია. 2013 წლის 11 ოქტომბერს ვორონინი ოლეგ გოვორუნმა შეცვალა, რომელიც გოლიკოვას შემცველის, პრეზიდენტის თანაშემწის, ვლადისლავ სურკოვის კადრად მიიჩნეოდა. 

2008-2013 წლებში პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კრემლის პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში  წამყვანი საჯარო უწყება უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო იყო. 2013 წლიდან კი, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში წამყვანი საჯარო უწყება დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველო გახდა.