2010 წლის 10 დეკემბერს, რუსეთის ფედერაციასა და აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას შორის ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენლობა გაიხსნა. წარმომადგენლობის გახსნის მიზანია სავაჭრო-ეკონომიკურ სფეროში ორმხრივი ურთიერთობების განვითარების ხელშეწყობის უზრუნველყოფა. 2022 წლის 20 აგვისტოდან აფხაზეთში რუსეთის ფედერაციის სავაჭრო წარმომადგენელი ზალინა კობესოვაა. მან ვლადიმირ ნეკრასოვი შეცვალა. წარმომადგენლობაში კონსულტანტი, სპეციალისტი-ექსპერტი და მდივანი მუშაობს.
სავაჭრო წარმომადგენლობა სახელმწიფო ორგანიზაციაა და აფხაზეთში რუსეთის დიპლომატიური მისიის შემადგენლობაშია. წარმომადგენლობა იურიდიული პირის უფლებებით სარგებლობს და საკუთარი ქვეყნის მთავრობის სახელით მოქმედებს.
სავაჭრო წარმომადგენლობის ძირითადი ფუნქციებია:
აფხაზეთ-რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობისათვის საბაზისო დოკუმენტებია რუსეთსა და აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობას შორის 2009 წლის 9 ოქტომბერს ხელმოწერილი შეთანხმება ინვესტიციების ორმხრივი დაცვისა და წახალისების შესახებ და 2012 წლის 28 მაისს ხელმოწერილი შეთანხმება საქონლით ვაჭრობის რეჟიმის შესახებ.
სავაჭრო წარმომადგენლობისთვის ორმხრივ ეკონომიკურ ურთიერთობებში პრიორიტეტულია რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობის განვითარება. ამ მხრივ აფხაზეთს რუსეთის ფედერაციის არაერთ სუბიექტთან აქვს თანამშრომლობის ხელშეკრულება გაფორმებული.
სავაჭრო წარმომადგენლობა აფხაზეთში მოქმედი ნორმატიული-სამართლებრივი ბაზის შესახებ რუსი მეწარმეებისთვის კონსულტაციებსაც გასცემს. წარმომადგენლობა ეხმარება მხარეებს პარტნიორების მოძიებაში, რუსული კომპანიების შეთავაზებების შესახებ ინფორმაციის გავრცელებაში, აფხაზეთის შესახებ საინფორმაციო ცნობარების მომზადებაში. ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა საპროექტო საქმიანობა, მათ შორის ინოვაციურ სფეროში.
აფხაზეთში წარმომადგენლობის მთავარი პარტნიორები არიან აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო და სავაჭრო-სამრეწველო პალატა. წარმომადგენლობა ასევე თანამშრომლობს აფხაზეთში რუსული ბიზნესის მხარდამჭერ ცენტრ „აიდგილარასთან“ და აფხაზეთის მეწარმეების ასოციაციასთან.