ძირითადი უწყებები

უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო

2005 წლის 22 თებერვალს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის ბრძანებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო შეიქმნა (Управление Президента по межрегиональным и культурным связям с зарубежными странами). სამმართველო უზრუნველყოფს პრეზიდენტის საქმიანობას რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო კავშირების განვითარების კუთხით. სამმართველოს ძირითადი ფუნქციებია: უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სფეროში პროექტების შემუშავება და რეალიზაცია სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის სტრატეგიის განხორციელებაში პრეზიდენტის მხარდაჭერის მიზნით; უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების საკითხებში პრეზიდენტისა და პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის საინფორმაციო-ანალიტიკური უზრუნველყოფა.

სამმართველოს დაარსების ერთ-ერთი მიზანი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში პროდასავლური მთავრობების მოსვლისათვის ხელის შეშლა და მოსკოვისადმი ლოიალურად განწყობილი მთავრობების მხარდაჭერა. 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ სამმართველოს საქმიანობაში პრიორიტეტული მიმართულება გახდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ არაკონტროლირებადი რეგიონები.

სამმართველოს პირველი ხელმძღვანელი იყო მოდესტ კოლეროვი, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ფერადი რევოლუციების წინააღმდეგ კრემლის პოლიტიკის შემუშავებასა და განხორციელებას ხელმძღვანელობდა. მოდესტ კოლეროვი სამმართველოს უფროსი იყო 2005 წლის 21 მარტიდან 2007 წლის 22 ოქტომბრამდე. კოლეროვის შემდეგ, 2007 წლის 22 ოქტომბრიდან 2008  წლის 7 მაისამდე სამმართველოს უფროსად მისი მოადგილე ნიკოლაი ცვეტკოვი დაინიშნა, რომელიც 2008 წლის 3 ივლისიდან სერგეი ვინოკუროვმა შეცვალა. ვინუკოროვი სამმართველოს უფროსი იყო 2012  წლის 27 აპრილამდე. გავრცელებული მოსაზრებით, იგი 2012 წელს ცხინვალის რეგიონში და დნესტრისპირეთის არაღიარებულ რეგიონში კრემლის წარუმატებელ პოლიტიკას შეეწირა. აღნიშნულ რეგიონებში ჩატარებულ არალეგიტიმურ არჩევნებში კრემლის მიერ მხარდაჭერილმა კანდიდატებმა ვერ გაიმარჯვეს. 2012 წლის 9 ივნისიდან სამმართველოს ხელმძღვანელად ვლადიმირ ჩერნოვი დაინიშნა, რომელიც მის მოადგილე სერგეი ჩებოტარევთან ერთად აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის განხორციელებას კურირებდნენ.

2008-2013 წლებში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით კრემლის პოლიტიკის ფორმირებასა და განხორციელებაში უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველო წამყვანი საჯარო უწყება იყო. 2013 წლის სექტემბრიდან, პრეზიდენტის ადმინისტრაციაში პრეზიდენტის მრჩეველად ვლადისლავ სურკოვის დანიშვნის შემდეგ, სამმართველოს როლი შესუსტდა და მისი ფუნქციები დსთ-ს წევრი ქვეყნების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამმართველომ (2018 წლის 2 ოქტომბერს სამმართველო საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველომ ჩაანაცვლა) შეითავსა, რომელიც სურკოვის დაქვემდებარებაშია.