ძირითადი უწყებები

„სპუტნიკ აფხაზეთი“

სააგენტოს შესახებ

„სპუტნიკ აფხაზეთი“ („Sputnik Абхазия“) საინფორმაციო სააგენტო და რადიოა, რომელმაც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში მაუწყებლობა 2014 წლის 8 დეკემბერს დაიწყო. აფხაზურენოვანი საიტის უნიკალურ მომხმარებელთა რაოდენობა 143 ათასზე მეტია, რუსულენოვანთა რაოდენობა კი 12 მილიონს აჭარბებს (2019 წლის მონაცემებით). „სპუტნიკ აფხაზეთი“-ს მასალებს აქტიურად იყენებენ დე ფაქტო რესპუბლიკის სხვა საინფორმაციო რესურსები, ტელეარხები და რადიომაუწყებლები.

„სპუტნიკ აფხაზეთი“ ეკუთვნის „სპუტნიკ“-ს, რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს, რომელიც 2014 წლის 10 ნოემბერს შეიქმნა რუსული მედია ჯგუფის - „რაშა თუდეი“-ს (Russia Today, ამჟამად RT) მიერ. დღესდღეობით სააგენტო მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაუწყებლობს (მათ შორის, ცხინვალის რეგიონშიც) და ხშირად ავრცელებს კრემლის პროპაგანდისტულ გზავნილებს. შესაბამისად, „სპუტნიკ აფხაზეთი“-ს საინფორმაციო მასალებშიც ხშირად შეიძლება პრორუსული და ანტიდასავლური გზავნილების ამოკითხვა.

სააგენტოს საქმიანობის შესახებ

„სპუტნიკ აფხაზეთი“ მულტიმედიური საინფორმაციო სააგენტოა, რაც იმას ნიშნავს, რომ მის მიერ მომზადებული ინფორმაცია სხვადასხვა ფორმატისაა - მზადდება სტატიები, ვიდეოები, ფოტოლენტები, ინფოგრაფიკები, პოდკასტები და სხვა. დაარსებიდან დღემდე „სპუტნიკ აფხაზეთმა“ გამოაქვეყნა 57 ათასზე მეტი სტატია, 7 ათასზე მეტი ვიდეო, 830-მდე ინფოგრაფიკა. საინფორმაციო სააგენტო გამოირჩევა სოციალურ ქსელებში აქტიურობითაც - საერთო ჯამში, მის გამომწერთა რაოდენობა 165 ათასი ადამიანია (2020 წლის მონაცემებით). სააგენტო აშუქებს არა მხოლოდ აფხაზეთში, არამედ მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე აქტუალურ მოვლენებსაც.

„სპუტნიკ აფხაზეთი“-ს ინიციატივით რამდენიმე პროექტიც ჩატარდა. მათ შორის აღსანიშნავია „413 დღე“, რომელიც 2017 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. პროექტი გახლავთ 1992-1993 წლების ერთგვარი ქრონიკა, რომელშიც აფხაზების ე.წ. „სამამულო ომის“ ყველა მნიშვნელოვანი მოვლენაა თავმოყრილი. აღნიშნული პროექტისთვის საინფორმაციო სააგენტოს ჟურნალისტთა კავშირმა სპეციალური დიპლომიც გადასცა 1992-1993 წლების ომის 25 წლისთავისადმი მიძღვნილი კონკურსის ფარგლებში.

ასევე აღსანიშნავია პროექტი „SputnikPro“, რომელიც აფხაზ ჟურნალისტებს კვალიფიკაციის ამაღლებს საშუალებას აძლევს. პროექტის ფარგლებში რუსეთის ფედერაციის წამყვანი მედია-მენეჯერები და ჟურნალისტები პრეზენტაციებსა თუ მასტერკლასებს ატარებდნენ მედიასფეროს სპეციალისტებისთვის და თავიანთ გამოცდილებას უზიარებდნენ მათ.

„სპუტნიკ აფხაზეთის“ მთავარი რედაქტორია დიმიტრი ნეზდოროვინი, რომელიც საინფორმაციო სააგენტოში დაარსების დღიდან მუშაობს. თავის ინტერვიუში ნეზდოროვინმა განაცხადა, რომ „სპუტნიკ აფხაზეთის“ თავდაპირველი მიზანი იყო მსოფლიოსთვის აფხაზეთის, ხოლო აფხაზეთისთვის - მსოფლიოს გაცნობა.

სააგენტოს ხელმძღვანელები

„სპუტნიკ აფხაზეთი“-ს პირველი ხელმძღვანელი იყო ინალ ლაზბა - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, რომელსაც ჟურნალისტურ სფეროში მუშაობის გამოცდილებაც ჰქონდა. ცნობილია, რომ 2010-2011 წლებში ის აკონტროლებდა ვლადისლავ არძინბას (აფხაზეთის პირველი დე ფაქტო პრეზიდენტი) საინფორმაციო პორტალებს, 2012-2014 წლებში კი აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს საინფორმაციო განყოფილების თანამშრომელი იყო.

2016 წლის 27 სექტემბერს ინალ ლაზბა ჩაანაცვლა რუსლან ბგანბამ, რომელიც ხელმძღვანელობდა მედიაკომპანია „Абхазия FM“-ს და ასევე ახორციელებდა აფხაზეთის ე.წ. „სახელმწიფო ორგანოთა“ საინფორმაციო რესურსების მონიტორინგს.

სააგენტოს სტრუქტურა

„სპუტნიკ აფხაზეთი“ მოიცავს საინფორმაციო პორტალს აფხაზურ და რუსულ ენებზე. 2016 წელს სააგენტოს ბაზაზე გაიხსნა მულტიმედიური პრესცენტრი ქალაქ სოხუმში, რომელიც უახლესი ტექნოლოგიითაა აღჭურვილი და სხვადასხვა ტიპის ღონისძიების ჩატარების საშუალებას იძლევა. 2017 წელს კი დაიწყო რადიომაუწყებლობა, რომელიც აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთელ ტერიტორიას ფარავს. მაუწყებლობის დაწყების დღიდან „სპუტნიკ აფხაზეთის“ რადიოს 500-მდე სტუმარი ჰყავდა, საერთო საეთერო დრო კი ათას საათს აღწევს. მაღალტექნოლოგიური პრესცენტრი და რადიომაუწყებლობა ის სიახლეები იყო, რომლებიც აღნიშნულმა სააგენტომ შესთავაზა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკას.

სააგენტოს საქმიანობის შეფასება

საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრის მიერ 2020 წელს გამოქვეყნებულ კვლევაში „სპუტნიკ აფხაზეთი“ შეფასებულია, როგორც რუსეთის ფედერაციის მორიგი პროპაგანდისტული იარაღი, რომელიც არ იცავს საყოველთაოდ აღიარებულ ჟურნალისტურ სტანდარტებს. ამავე კვლევის მიხედვით, „სპუტნიკ აფხაზეთი“, „სპუტნიკ სამხრეთ ოსეთი“-სგან განსხვავებით, მცირე სივრცეს მაინც ქმნის დისკუსიისთვის, თუმცა ის არაა დაინტერესებული აფხაზეთში მცხოვრები ეთნიკური ქართველების პრობლემების გაშუქებით.

„მითების დეტექტორი“ 2019 წლის 2 დეკემბერს გამოქვეყნებულ სტატიაში წერს, რომ „სპუტნიკ აფხაზეთი“ კრემლის პროპაგანდისტული მედიასაშუალებაა, რომელიც სამი ძირითადი გზავნილის გავრცელებას ცდილობს: ევროპული და ევროატლანტიკური ალიანსები საფრთხის შემცველია აფხაზეთის მოსახლეობისათვის (1); აღნიშნული ალიანსები აქტიურ სამხედრო და ფინანსურ დახმარებას უწევენ საქართველოს, რომელიც მტრულადაა განწყობილი აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისადმი (2); რუსეთის ფედერაცია ერთადერთი ძალაა, რომელსაც შეუძლია აფხაზეთის დაცვა ზემოხსენებული საფრთხეებისგან (3).