ძირითადი უწყებები

ფონდი „რუსული სამყარო“

ფონდის შესახებ

2007 წლის 21 ივნისს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებას „რუსული სამყაროს“ ფონდის (Фонд „Русский мир“) შექმნის შესახებ. ბრძანებაში ფონდის დაარსების ორი მთავარი მიზანია დასახელებული: რუსული ენის პოპულარიზაცია და რუსული ენის შემსწავლელი პროგრამების მხარდაჭერა საზღვარგარეთ. ფონდი ფინანსდება რუსეთის ფედერაციის ბიუჯეტიდან და, გარდა ამისა, ნებაყოფლობით შემოწირულობებსაც იღებს. ის რუსეთის საგარეო საქმეთა და განათლების სამინისტროებს ექვემდებარება.

ფონდის სახელწოდება „რუსული სამყაროს“ კონცეფციას ეფუძნება. აღნიშნული კონცეფციის რამდენიმე განმარტება არსებობს. ერთ-ერთი მნიშვნელობის თანახმად, „რუსულ სამყაროს“ მიეკუთვნებიან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნები. ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე არსებული განმარტების მიხედვით კი, „რუსულ სამყაროს“ მიეკუთვნებიან არა მხოლოდ რუსეთის მოქალაქეები ან საზღვარგარეთ მცხოვრები თანამემამულეები, არამედ ნებისმიერი ადამიანი, რომელიც საუბრობს რუსულ ენაზე, რომელსაც აინტერესებს რუსული კულტურა და აღელვებს რუსეთის ბედი.

ფონდის საქმიანობის შესახებ

ფონდის ძირითადი ამოცანაა რუსული ენის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. ამ მიზნით ის მხარს უჭერს სხვადასხვა სახის ორგანიზაციასა და ასევე ცალკეულ პირებს, რომლებიც ასწავლიან რუსულ ენასა და ლიტერატურას, იკვლევენ რუსეთის ისტორიას, ხელს უწყობენ რუსული კულტურის გავრცელებას, მონაწილეობას იღებენ თანამედროვე რუსეთის შესახებ ხელსაყრელი საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში და სხვა. ფონდი ასევე მხარს უჭერს რუსულენოვან მასობრივ საინფორმაციო საშუალებებს საზღვარგარეთ, რომელთა საქმიანობა შეესაბამება ფონდის მიზნებს. ის აქტიურად თანამშრომლობს როგორც რუსულ დიასპორასთან, ისე რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასა და სხვა კონფესიებთან.

ფონდი ახორციელებს სხვადასხვა სახის საგანმანათლებლო პროგრამებს, პროექტებს, საერთაშორისო აქციებსა და ღონისძიებებს, კონკურსებსა და ოლიმპიადებს, რაც მიზნად ისახავს ინტერესის გაზრდას რუსული ენის, კულტურისა და ისტორიის მიმართ.

2020 წელს ფონდმა დააკმაყოფილა 137 საგრანტო განაცხადი, რომლებიც მიზნად ისახავდა რუსული ენის პოპულარიზაციას, ასევე კულტურული და ჰუმანიტარული პროექტების ორგანიზებას. ამავე წელს ვიდეოფორმატში ჩატარდა „რუსული სამყაროს“ ასამბლეა, რომელშიც 15 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად გაიზარდა ინტერესი რუსული ენის დისტანციური კურსებისადმი.

ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარეობს „რუსული სამყაროს პროფესორის“ პროგრამის განვითარება, რომლის მეშვეობით შესაძლებელი იქნება საგანმანათლებლო პროგრამების ჩატარება უცხოურ სასწავლო დაწესებულებათა სტუდენტებისა და პედაგოგებისთვის.

ფონდის ხელმძღვანელები

ფონდის უმაღლესი მმართველი ორგანოა სამეურვეო საბჭო, რომლის თავმჯდომარესა და წევრებს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ნიშნავს. 2010-2019 წლებში საბჭოს თავმჯდომარე იყო ლიუდმილა ვერბიცკაია. 2021 წლის აპრილში სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარედ დაინიშნა რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, დიმიტრი კოზაკი. სამეურვეო საბჭოში კიდევ 4 წევრია, მათ შორის, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი.

ფონდის საქმიანობას უძღვება სამმართველო, რომლის თავმჯდომარესაც და წევრებსაც რუსეთის პრეზიდენტი ნიშნავს. საბჭოს თავმჯდომარეა ვიაჩესლავ ნიკონოვი - განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე VII მოწვევის სახელმწიფო დუმაში. ნიკონოვის გარდა, სამმართველოში კიდევ 5 წევრია.

ფონდის აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობას ვლადიმირ კოჩინი იკავებს.

2021 წელს ფონდში ახალი სტრუქტურული ერთეული შეიქმნა - სადამკვირვებლო საბჭო, რომლის თავმჯდომარედ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის მრჩეველი, ვლადიმერ ტოლსტოი დაინიშნა. საბჭოში კიდევ 15 წევრია, მათ შორის არიან ილარიონ ალფეევი (მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლიტი), იგორ მასლოვი (რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი), ევგენი პრიმაკოვი („როსსოტრუდნიჩესტვოს“ თავმჯდომარე), ალექსეი ფილატოვი (რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსი) და სხვები.

ფონდის სტრუქტურა

ფონდი თავის საქმიანობას რუსული ცენტრების მეშვეობით ახორციელებს. რუსული ცენტრი საერთაშორისო კულტურული პროექტია, რომელიც რუსული ენისა და კულტურის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ეს არის რესურს-ცენტრი, საგანმანათლებლო სისტემა და საკომუნიკაციო-შემოქმედებითი პლატფორმა, რომელიც მთლიანადაა მორგებული კონკრეტულ ქვეყანაზე.

რუსული ცენტრის საქმიანობის ძირითად მიმართულებებს მიეკუთვნება ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა, სხვადასხვა კატეგორიის მომხმარებელთათვის საგანმანათლებლო პროგრამებისა და კურსების განხორციელება, შემოქმედებითი ღონისძიებების ორგანიზება, ასევე სამეცნიერო, საგანმანათლებლო და არაფორმალური კულტურათშორისი კომუნიკაციის ხელშეწყობა.

ოფიციალურ ვებგვერდზე რუსული ცენტრების კატალოგი 50 ქვეყანას მოიცავს. მათ შორისაა საქართველოც.

ფონდს გააჩნია საკუთარი ტელერადიოკომპანიაც, რომელიც აშუქებს პროგრამებს რუსული ენის, კულტურის, ხელოვნების, ლიტერატურისა და ისტორიის შესახებ.

ფონდის საქმიანობის შეფასება

ფონდი „რუსული სამყარო“ რუსული რბილი ძალის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი ინსტრუმენტია. „მედიის განვითარების ფონდმა“ (MDF) 2019 წელს გამოაქვეყნა კვლევა, რომელიც ფონდის ოფიციალურ ვებგვერდზე მოპოვებულ ინფორმაციას ეფუძნება. კვლევის მიხედვით, ფონდი „სხვადასხვა ქვეყანაში რუსული დიასპორის მობილიზებას საგანმანათლებლო თუ კულტურული პროექტების მეშვეობით ახდენს და ამ დიასპორული „საცეცებით“ მეზობელ სახელმწიფოებზე გავლენის მოხდენას ცდილობს. ფონდი რუსული ფულის მეშვეობით რუსული პოლიტიკის დისტრიბუციას სხვადასხვა ქვეყანაში ახდენს და ცდილობს საზღვარგარეთ რუსული დიასპორის „არსებობა“ რუსულ „გავლენად“ აქციოს“. კულტურულ-საგანმანათლებლო ღონისძიებები ერთგვარი ფასადია, რეალური მიზანი კი საზოგადოებრივ აზრზე ზემოქმედებაა, რათა მისი ფორმირება კრემლის პოლიტიკური მიზნების შესაბამისად მოხდეს.

ფონდის წარმომადგენლობა ცხინვალის რეგიონში

ცხინვალის რეგიონში „რუსული სამყაროს“ რუსული ცენტრის გახსნა ჯერ კიდევ 2019 წელს დაიგეგმა. შესაბამის შეთანხმებას ხელი ამავე წლის 4 ნოემბერს, ფონდის XIII ასამბლეის ფარგლებში მოეწერა.

„რუსული სამყაროს“ რუსული ცენტრი ცხინვალის რეგიონში 2020 წლის 28 ოქტომბერს გაიხსნა. ის ა. თიბილოვის სახელობის ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის ბაზაზე დაფუძნდა, რაც ამავე უნივერსიტეტის რექტორის ვადიმ თედეევის ინიციატივა იყო. რუსული ცენტრის გახსნაში აქტიური მონაწილეობა მიიღეს რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობამ და მისმა ხელმძღვანელმა სერგეი სკვორცოვმა, ასევე რუსეთის „ელჩმა“ მარატ კულახმეტოვმა.

2021 წლის 26 თებერვალს გაიმართა „რუსული სამყაროს“ რუსული ცენტრის ოფიციალური პრეზენტაციაც. რუსული ცენტრის ხელმძღვანელად დაინიშნა ჯულიეტა ოსტაევა - ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის რუსული ენის კათედრის დოცენტი.