სახელმწიფო დუმა აქტიურად არის ჩართული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის საკანონმდებლო და საინფორმაციო მხარდაჭერაში. სახელმწიფო დუმის წევრები ხშირად მასპინძლობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებსა და წარმომადგენლებს და ასევე თავადაც ხშირად სტუმრობენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.
სახელმწიფო დუმაში მოქმედი კომიტეტებიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტი, თავდაცვისა და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტები.
დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობისა და თანამემამულეებთან ურთიერთობის კომიტეტი ჯერ კიდევ 1994 წლის 20 იანვარს დაარსდა.
კომიტეტი პოსტსაბჭოთა ქვეყნებთან და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობის მიმართულებით სახელმწიფო დუმაში წამყვანი კომიტეტია, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს დსთ-ის ფარგლებში ინტეგრაციული პროცესების მხარდაჭერაში, პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის პოზიციების გამყარებასა და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების უფლებების დაცვაში. კომიტეტის საქმიანობის ერთ-ერთი პრიორიტეტია ევრაზიის ეკონომიკური კავშირის საკანონმდებლო ბაზის შექმნა და მისი ეფექტური განხორციელება. კომიტეტი ასევე განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან მუშაობას და ამ სფეროში სხვა სახელმწიფო უწყებებთან კოორდინებულ მუშაობას.
აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთობა