ძირითადი უწყებები

სახელმწიფო დუმის საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი

სახელმწიფო დუმა აქტიურად არის ჩართული აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის საკანონმდებლო და საინფორმაციო მხარდაჭერაში. სახელმწიფო დუმის წევრები ხშირად მასპინძლობენ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებსა და  წარმომადგენლებს და ასევე თავადაც ხშირად სტუმრობენ საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებს.

სახელმწიფო დუმაში მოქმედი კომიტეტებიდან აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან მიმართებაში განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევიან დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის საქმეთა, ევრაზიული ინტეგრაციისა და თანამემამულეებთან ურთიერთობების კომიტეტი, თავდაცვის კომიტეტი და საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტი (Комитет Государственной Думы по международным делам).

კომიტეტის საქმიანობა რუსეთის საგარეო პოლიტიკის ფორმირებისა და განხორციელების საკითხებთან არის დაკავშირებული. კომიტეტი პასუხისმგებელია სახელმწიფო დუმის საერთაშორისო კავშირებისა და სხვა ქვეყნის პარლამენტებთან ურთიერთობის განვითარებაზე. კომიტეტი ასევე ამზადებს რუსეთის ფედერაციის მიერ დადებულ საერთაშორისო შეთანხმებებს რატიფიკაციისთვის. 2008 წელს რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ რუსეთსა და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონებს შორის დადებული მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შეთანხმების რატიფიკაციის რეკომენდაცია სახელმწიფო დუმას საგარეო საქმეთა კომიტეტმა მისცა. კომიტეტის მნიშვნელოვანი ფუნქციაა საერთაშორისო პოლიტიკის აქტუალურ საკითხებზე განცხადებების მომზადება და სხვადასხვა ტიპის შეხვედრების ორგანიზება.

კომიტეტის წევრები ხშირად აკეთებენ განცხადებებს საქართველოს საკითხზე და საერთაშორისო ასპარეზზე, მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებში, საქართველოს საწინააღმდეგო პოლიტიკის განხორციელებაში არიან ჩართულნი.