ძირითადი უწყებები

რუსეთის ფედერაციის „საელჩო“ აფხაზეთში

რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებები ერთობლივად უზრუნველყოფენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოებას, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დიპლომატიურ მხარდაჭერას და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოზიციების გამყარებას.

სამინისტროში უშუალოდ საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობას დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტი (4ДСНГ) კურირებს. დეპარტამენტის პასუხისმგებლობის სფეროა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, 2008 წლიდან კი - საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. სამინისტრო თავის პოლიტიკას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტისა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის „საელჩოების“ საშუალებით ახორციელებს, რომლებიც რუსეთის-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეუდგნენ საქმიანობას.

რუსეთის „საელჩო“ აფხაზეთში 

აფხაზეთში რუსეთის „საელჩოს“ გახსნა დღის წესრიგში 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დადგა. 2008 წლის 9 სექტემბერს მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა, როდესაც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ ნოტები გაცვალეს. 2008 წლის 25 ოქტომბერს რუსეთის პრეზიდენტმა დიმიტრი მედვედევმა აფხაზეთში რუსეთის პირველ „ელჩად“ სემიონ გრიგორიევი დანიშნა. გრიგორიევმა რწმუნებათა სიგელი აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტს, სერგეი ბაღაფშს 2008 წლის 16 დეკემბერს გადასცა. 2009 წლის 9 თებერვალს რუსეთის მთავრობის განკარგულებით, აფხაზეთში რუსეთის „საელჩო“ ოფიციალურად დაფუძნდა. 2009 წლის 30 აპრილს გრიგორიევი ხუთ თანამშრომელთან ერთად სოხუმში ჩავიდა, რითაც „საელჩოს“ საქმიანობა დაიწყო

თავდაპირველად „საელჩო“ დსთ-ის სამშვიდობო ძალების ყოფილ შტაბში, სანატორიუმ „სუხუმის“ ტერიტორიაზე განთავსდა. „საელჩოს“ ახალი შენობა კი, 2017 წლის 18 აპრილს გაიხსნა, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის სოხუმში ვიზიტის დროს.

„საელჩოში“ აკრედიტებულია რუსეთის სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებიც, მათ შორის არიან დსთ-ის ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს, შსს–სა და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებიც.  „საელჩოში“ ამ ეტაპზე 17 დიპლომატი მუშაობს

რუსეთის პირველი „ელჩი“ აფხაზეთში 

აფხაზეთში რუსეთის პირველი „ელჩი“ სემიონ გრიგორიევი 1983 წლიდან დიპლომატიურ საქმიანობას ეწევა. გრიგორიევი საქართველოს საკითხში საკმაოდ გათვითცნობიერებული დიპლომატია. 2003-2006 წლებში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის რანგში, რუსულ-ქართულ ურთიერთობებს კურირებდა და რუსული დელეგაციის შემადგენლობაში ბათუმიდან და ახალქალაქიდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანის საკითხებზე მუშაობდა. 2008 წლის თებერვალ-დეკემბერში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე იყო. იგი აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის საკითხებს კურირებდა. შემდგომში გრიგორიევი აფხაზეთში „ელჩად“ დაინიშნა

გრიგორიევი რუსეთ–საქართველოს ომის დასრულების შემდეგ, 2010 და 2013 წლებში, რუსეთსა და აფხაზეთს შორის მეგობრობის გამყარებაში შეტანილი წვლილისთვის ორდენით არის დაჯილდოებული. 2013 წელს კი, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრომ დააჯილდოვა მედლით „დამსახურებისათვის“. რუსეთის პოლიტიკურ წრეებში მას კარგ დიპლომატად და აღმოსავლეთის საქმეების კარგ მცოდნედ მიიჩნევენ

რუსეთის ახალი „ელჩი“ აფხაზეთში 

2018 წლის 30 მარტს რუსეთის პრეზიდენტის განკარგულებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის ახალ „ელჩად“ ალექსეი დვინიანინი დაინიშნა. მან სემიონ გრიგორიევი შეცვალა. ახალი „ელჩი“, ყოფილის მსგავსად, სამხრეთ კავკასიის საკითხების კარგ მცოდნედ ითვლება. დვინიანინის აფხაზური კარიერა 2018 წლის 15 მაისს დაიწყო, როდესაც მან აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს - რაულ ხაჯიმბას რწმუნებათა სიგელი გადასცა