რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა უწყებები ერთობლივად უზრუნველყოფენ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს წინააღმდეგ საინფორმაციო ომის წარმოებას, საქართველოს ოკუპირებული რეგიონების დიპლომატიურ მხარდაჭერას და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის პოზიციების გამყარებას.
სამინისტროში უშუალოდ საქართველოსა და ოკუპირებულ რეგიონებთან ურთიერთობას დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტი (4ДСНГ) კურირებს. დეპარტამენტის პასუხისმგებლობის სფეროა აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, 2008 წლიდან კი - საქართველოს ოკუპირებული რეგიონებიც. სამინისტრო თავის პოლიტიკას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტისა და ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის „საელჩოების“ საშუალებით ახორციელებს, რომლებიც რუსეთის-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ შეუდგნენ საქმიანობას.
რუსეთის „საელჩო“ ცხინვალის რეგიონში
ცხინვალის რეგიონში რუსეთის „საელჩოს“ გახსნა დღის წესრიგში 2008 წლის 26 აგვისტოს რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების შემდეგ დადგა. 2008 წლის 9 სექტემბერს მხარეებს შორის დიპლომატიური ურთიერთობები დამყარდა. 17 სექტემბერს კი, მხარეებს შორის მეგობრობის, თანამშრომლობისა და ურთიერთდახმარების შესახებ შეთანხმებას მოეწერა ხელი. რუსეთის „საელჩომ“ ცხინვალში საქმიანობა 2009 წლის აპრილში დაიწყო. „საელჩოში“ აკრედიტებულია რუსეთის სამინისტროებისა და უწყებების წარმომადგენლებიც, მათ შორის არიან დსთ-ს ქვეყნების, უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული საქმეების ფედერალური სააგენტოს, შსს–სა და საბაჟო სამსახურის წარმომადგენლებიც.
„საელჩოში“ამ ეტაპზე 14 დიპლომატი მუშაობს.
2010 წელს ცხინვალში „საელჩოს“ შენობისთვის ახალი კომპლექსის („საელჩოს“ სამსართულიანი შენობა და ექვსართულიანი საცხოვრებელი სახლი) მშენებლობა დაიწყო, რომელიც 2012 წლის 4 ივნისს საზეიმოდ გაიხსნა.
რუსეთის „ელჩები“ ცხინვალის რეგიონში
ცხინვალის რეგიონში რუსეთის პირველი „ელჩი“ ელბრუს კარგიევი იყო, რომელიც 2007-2008 წლის ოქტომბერში დსთ-ს ქვეყნების მეოთხე დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი იყო. იგი „ელჩად“ დაინიშნა 2008 წლის 25 სექტემბერს. კარგიევი „ელჩის“ მოვალეობას ასრულებდა 2017 წლის მაისამდე, პენსიაზე გასვლამდე.
კარგიევი 2017 წლის 23 მაისს მარატ კულახმეტოვმა შეცვალა. კულახმეტოვი „ელჩის“ მოვალეობის შესრულებას 2017 წლის 3 ივლისს შეუდგა, როდესაც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს რწმუნებათა სიგელი გადასცა. კულახმეტოვეი 2004 წლის ოქტომბრიდან ცხინვალში შერეული სამშვიდობო ძალების მეთაური იყო. ცხინვალის რეგიონში მოღვაწეობის პერიოდში ქართული მხარე მას სეპარატისტების მხარდაჭერაში სდებდა ბრალს. 2009 წლის აგვისტოდან „ელჩად" დანიშვნამდე კულახმეტოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში მინისტრის მრჩეველი იყო სამხრეთ კავკასიასა და დნესტრისპირეთში სამხედრო-პოლიტიკურ და ცენტრალურ აზიაში სამხედრო სფეროში რუსეთის საქმიანობის საკითხებში.