გამოცემა N6 / მიმოხილვის პერიოდი: 1-28 თებერვალი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში
სამხედრო სწავლებები
აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა თებერვალში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:
- წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე პირობითი მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენ აპარატებთან ბრძოლაში ივარჯიშეს. სწავლებაში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 150-ზე მეტი ერთეული შეიარაღება, საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
- სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე პირობითი მოწინააღმდეგისგან თავდაცვაში ივარჯიშეს. წვრთნებში ჩართული იყო 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 200-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა.
- წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლაში ივარჯიშეს. სწავლებაში 1000-მდე სამხედრო მოსამსახურე და 200-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
- რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტებმა წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე პირობითი მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს. წვრთნაში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 150-ზე მეტი ერთეული სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
- მეზენიტეებმა პირობითი მოწინააღმდეგის საჰაერო სამიზნეების აღმოჩენაში, ჩაჭერასა და განადგურებაში ივარჯიშეს. სწავლებაში მონაწილეობდა 200-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და ჩართული იყო 40 ერთეული საბრძოლო ტექნიკა, მათ შორის, „Стрела-10“ და „Оса-АКМ“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები.
- წებელდის, ნაგვალოუსა და გუდაუთის სამხედრო პოლიგონებზე საბრძოლო სროლაში ივარჯიშეს. სწავლებაში 3000-მდე სამხედრო მოსამსახურე და 150-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული, მათ შორის, „Стрелец“-ის ტიპის სადაზვერვო კომპლექსები.
- არტილერისტებმა პირობითი მოწინააღმდეგის ლიკვიდაცია მოახდინეს. წვრთნის ფარგლებში მათ „Д-30“ ტიპის 122 მმ-იანი ჰაუბიცები გამოიყენეს. სწავლებაში ჩართული იყო 500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 100-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა.

რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტების წვრთნა. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი
სხვა ღონისძიებები
- 9 თებერვალს მე-7 სამხედრო ბაზას რუსული ესტრადის, თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ესტუმრნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებისთვის საკონცერტო წარმოდგენა გამართეს.
- რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქში დააანონსეს სამხედრო პრესის კონკურსი -„Южный Медиа-АС-2021“, რომელშიც აფხაზი ჟურნალისტებიც შეძლებენ მონაწილეობას. ისინი სამხედრო მოსამსახურეების საქმიანობის სხვადასხვა ასპექტს გააშუქებენ. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ აღნიშნულ კონკურსს ცხინვალის რეგიონის ჟურნალისტებიც შეუერთდებიან.
- მე-7 სამხედრო ბაზაზე ყარაული და მეძებარი ძაღლების წვრთნა დაიწყეს. სწავლების დასრულების შემდეგ ძაღლებს გადაიყვანენ საგუშაგო პოსტებზე სამხედრო ობიექტების დასაცავად.
- 15 თებერვალს სამხედროებმა მონაწილეობა მიიღეს საქველმოქმედო აქციაში „გახდი დონორი“. მათ სოხუმის რესპუბლიკური საავადმყოფოს სისხლის ცენტრალურ ბანკში 400 მლ სისხლი ჩააბარეს.
- მე-7 სამხედრო ბაზის 64 სამხედრო მოსამსახურეს საცხოვრებელი ბინები გადაეცათ. ბინები კეთილმოწყობილია, აღჭურვილია საყოფაცხოვრებო ტექნიკითა და ავეჯით.
რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში
სამხედრო სწავლებები
ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა თებერვალში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:
- სამხედრო მოსამსახურეებმა კვადროკოპტერის ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს. სწავლებაში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 50-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
- მე-4 სამხედრო ბაზაზე მზვერავებმა ივარჯიშეს. მათ უპილოტო საფრენი აპარატების მეშვეობით პირობითი მოწინააღმდეგის ჯგუფები აღმოაჩინეს, შეასრულეს საბრძოლო სროლები და მთიან რელიეფზე სამძებრო-სამაშველო ოპერაციები აწარმოეს.
- რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტებმა ივარჯიშეს დაზვერვის წარმოებაში, რადიაციულად დაბინძურებული ტერიტორიის გადალახვაში, პირობითი მოწინააღმდეგის ლიკვიდაციაში და ა.შ. წვრთნის ფარგლებში მათ პირველად გამოიყენეს „Перунит-В“ ტიპის სატელიტური ნავიგატორები.
- მე-4 სამხედრო ბაზაზე სნაიპერებმა ივარჯიშეს. მათ დაამუშავეს უცნობ ტერიტორიაზე ფარულად გადაადგილების, პირობითი მოწინააღმდეგის ლიკვიდაციისა და ბუნებრივი საშუალებებით შენიღბვის უნარ-ჩვევები. ტაქტიკური სწავლება შეჯიბრების სახით ჩატარდა.

მზვერავები საბრძოლო-სამაშველო ოპერაციების წარმოებისას. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი
სამხედრო-პოლიტიკური თანამშრომლობა
- რუსეთის ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ კონსტანტინ კოსაჩევმა ცხინვალის რეგიონში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ რუსეთის დუმა ემზადება ცხინვალის რეგიონთან 2020 წლის მარტში დადებული შეთანხმების რატიფიცირებისთვის. აღნიშნული შეთანხმება თადარიგში დათხოვნილი სამხედროების შშმ სტატუსის ურთიერთაღიარებას ეხება.
- 10 თებერვალს ხელი მოეწერა ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის ფედერაციის ერთობლივ ხელშეკრულებას, რომელიც საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გატარებული წლების ურთიერთაღიარებას ეხება. ხელშეკრულება ითვალისწინებს სახელფასო და საპენსიო დანამატებს საკონტრაქტო ჯარისკაცებისთვის.
სხვა ღონისძიებები
- გრძელდება მზადება „არმი-2021“-სთვის (რიგით მე-7 „არმიის საერთაშორისო თამაშები“). 4 თებერვალს გაიმართა კონკურს „სატანკო ბიატლონის“ პირველი, საკვალიფიკაციო ეტაპი. მეორე ეტაპისთვის მზადება 18 თებერვალს დასრულდა. „არმი-2021“-სთვის ემზადებიან სნაიპერებიც. მათ უკვე შეასრულეს საბრძოლო სროლები სხვადასხვა ტიპის იარაღიდან და გაიარეს 1 კმ სიგრძის დაბრკოლებებიანი მარშრუტი.
- 15 თებერვალს აღინიშნა „ინტერნაციონალისტი სამხედროების“ ხსოვნის დღე, რომელიც სსრკ-ის ჯარების მიერ ავღანეთის ტერიტორიის დატოვებას უკავშირდება. ღონისძიების ფარგლებში თაიგულით შეამკეს ომში დაღუპულთა მემორიალი. დამსწრეთა შორის იყვნენ დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი და რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი.
- სამხედრო მოსამსახურეებმა მონაწილეობა მიიღეს ძიუდოს ჩემპიონატში, რომელიც რუსეთის ქალაქ მაიკოპში გაიმართა. ჩემპიონატში ასევე მონაწილეობდნენ აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებიც.
„სამშობლოს დამცველის დღესთან“ დაკავშირებული ღონისძიებები
„სამშობლოს დამცველის დღეს“ 1922 წელს ჩაეყარა საფუძველი და წითელი არმიის დაარსებას უკავშირდება. 1993 წლამდე ეწოდებოდა „საბჭოთა არმიისა და საზღვაო ფლოტის დღე“. დღესდღეობით ის რუსეთსა და დსთ-ს სხვა ქვეყნებში 23 თებერვალს აღინიშნება.
აფხაზეთი
- „იუნარმიელებმა“ საველე ჰოსპიტლის სამხედრო ექიმებს „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცეს. გარდა ამისა, მე-7 სამხედრო ბაზაზე გაიმართა კონკურსი „ბავშვის თვალით დანახული სამხედრო ექიმები“, რომელშიც სამხედრო მოსამსახურეთა შვილებმა მიიღეს მონაწილეობა. საუკეთესო ნამუშევრები საველე ჰოსპიტლის ექიმებს გადაეცათ.
- ტანკისტებმა „იუნარმიელებს“ საბრძოლო ტექნიკა დაათვალიერებინეს. ახალგაზრდებმა იხილეს „Т-72Б3“ ტიპის ტანკები და „МКТ-188А“ ტიპის კომპლექსური მობილური ტრენაჟორები.
- 500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ მონაწილეობა მიიღო ისტორიულ-პატრიოტული შინაარსის ექსკურსიაში. სამხედროებმა 15-მდე ღირსშესანიშნავი ადგილი მოინახულეს.
- დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს „სამშობლოს დამცველის დღე“ მიულოცა და აღნიშნა, რომ რუსეთთან სამხედრო-ტექნიკურ სფეროში თანამშრომლობა აფხაზეთისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.
- საველე ჰოსპიტლის ექიმები უწყებრივი მედლებითა და დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დიპლომებით დააჯილდოვეს. საზეიმო ღონისძიებაზე დამსწრეთა შორის იყვნენ „ხელისუფლების“ წარმომადგენლები და რუსეთის „საელჩოს“ მრჩეველი ვლადისლავ ნეჩიპორენკო.
ცხინვალის რეგიონი
- სამხედრო მოსამსახურეებმა ცხინვალის რეგიონის მე-6 სკოლის 9-11 კლასის მოსწავლეებისთვის სიმამაცის გაკვეთილები ჩაატარეს. მათ ისაუბრეს პატრიოტიზმზე, სამხედრო სამსახურზე, „სამშობლოს დამცველის დღის“ წარმოშობის ისტორიაზე და სხვა საკითხებზე.
- მე-4 სამხედრო ბაზაზე ღია კარის დღე მოეწყო. ცხინვალის რეგიონის მე-6 სკოლის მოსწავლეებმა დაათვალიერეს სამხედრო ტექნიკა და შეიარაღება, ასევე შეასრულეს საბრძოლო მომზადების ზოგიერთი ნორმატივი.
- სამხედრო მოსამსახურეებისთვის გაიმართა ცხინვალის რეგიონის „სახელმწიფო“ ანსამბლის „სიმდის“ საკონცერტო გამოსვლა. ეს იყო დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ერთგვარი საჩუქარი სამხედროებისა და მათი ოჯახებისთვის. ღონისძიებას დაესწრო რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი.
- 23 თებერვალს, „სამშობლოს დამცველის დღის“ გარდა, ასევე იზეიმეს დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს დაარსების 28 წლისთავი. ამ დღესთან დაკავშირებით გაიხსნა „სამხედრო დიდების“ მემორიალური კომპლექსი, რომელშიც ჩამონტაჟებულია კაფსულა, რომელიც შეიცავს შეტყობინებას მომავალი თაობებისთვის. კაფსულა 2042 წლის 17 ნოემბერს გაიხსნება.
COVID-19 და საქართველოს ოკუპირებული რეგიონები
ბოლო მონაცემებით, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში COVID-19 ვირუსით დაინფიცირების 12 800-ზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი. ცხინვალის რეგიონში კი ლაბორატორიულად დადასტურებულ შემთხვევათა რაოდენობა 3040-ს აღწევს. გამწვავებული ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და მწირი სამედიცინო რესურსების გამო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობებმა რუსეთს მიმართეს დახმარების თხოვნით. დადებითმა პასუხმაც არ დააყოვნა და რუსეთის ფედერაციამ აღნიშნულ რეგიონებს სხვადასხვა ტიპის დახმარება გაუწია.
აფხაზეთი
- დაიწყო ვაქცინაციის მეორე ეტაპი. „Спутник V“ ვაქცინის მეორე დოზა 500-ზე მეტმა პირმა მიიღო, ძირითადად, მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა და მათი ოჯახის წევრებმა.
- 12 თებერვალს აფხაზეთში რუსული ვაქცინის 3500-ზე მეტი დოზა ჩაიტანეს. 17 თებერვალს დე ფაქტო რესპუბლიკამ დამატებით 3000 დოზა მიიღო. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და კეთდება წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
- ქ. სოხუმში განთავსებული მრავალპროფილური მობილური საავადმყოფოს ხელმძღვანელი და მისი მოადგილე დააჯილდოვეს. საპატიო სიგელები მათ რუსეთის „ელჩმა“ ალექსეი დვინიანინმა გადასცა.
- მრავალპროფილურ მობილურ საავადმყოფოს მუშაობა 15 თებერვალს უნდა დაესრულებინა, თუმცა დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროს თხოვნის საფუძველზე, საველე ჰოსპიტალი აგრძელებს ფუნქციონირებას. 26 თებერვლის მონაცემებით, საერთო ჯამში, საავადმყოფოში სტაციონარული მკურნალობა 500-მდე ადამიანმა გაიარა, ამბულატორიულ-კონსულტაციური დახმარება მიიღო 3000-ზე მეტმა პირმა და ჩატარდა 5000-ზე მეტი PCR-ტესტი. ამ ეტაპზე ჰოსპიტალში 15 პაციენტი მკურნალობს.

საველე ჰოსპიტლის ხელმძღვანელისა და მისი მოადგილის დაჯილდოება. წყარო: sputnik-abkhazia
ცხინვალის რეგიონი
- 12 თებერვალს რუსული ვაქცინის დამატებითი დოზები მიიღო ცხინვალის რეგიონმაც. ვაქცინაციის პროცესში ჩართულნი არიან სამედიცინო ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები და მე-4 სამხედრო ბაზის მეთაურები. ვაქცინაცია ნებაყოფლობითია და კეთდება წერილობითი თანხმობის საფუძველზე. კუთვნილი დოზის მიღების შემდეგ თითოეული სამხედრო მოსამსახურე 30 წუთის განმავლობაში იმყოფება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ.
- დაიწყო „გამარჯვების აღლუმის“ მონაწილე სამხედრო მოსამსახურეების ვაქცინაცია. აღლუმში, რომელიც „დიდ სამამულო ომში“ გამარჯვების 76 წლისთავს მიეძღვნება, სამხრეთის სამხედრო ოლქის 2000-ზე მეტი სამხედრო მიიღებს მონაწილეობას.
- 28 თებერვლის მონაცემებით, ვაქცინაცია უკვე 1000-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.