გამოცემა: N26 / მიმოხილვის პერიოდი: 1-28 თებერვალი, 2021
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
რუსეთში ვიზიტი - ვის შეხვდა ბიბილოვი?
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის ადმინისტრაციის ცნობით, ბიბილოვი სამდღიანი სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში. მას თან ახლდა დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი აზა ხაბალოვა. ადმინისტრაციის ცნობით, ბიბილოვი რუს ჩინოვნიკებთან სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხების განხილვას გეგმავდა. ვიზიტის შესახებ სხვა უფრო დეტალური ინფორმაცია არ გავრცელებულა. უცნობია თუ ვის შეხვდა ბიბილოვი რუსეთში. მისი ვიზიტი, დიდი ალბათობით, ცხინვალის რეგიონში აგვისტოს შემდეგ დაწყებულ შიდა პოლიტიკურ კრიზისს და რუსეთის მიერ ფინანსური დახმარების დროულად გამოყოფის საკითხებს უკავშირდებოდა.
სამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე
მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე
მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
2021 წლის თებერვალში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.
უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობა
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრომ და რუსეთის ფედერაციის შესაბამისმა უწყებამ ხელი მოაწერეს ერთობლივ ხელშეკრულებას, რომელიც ეხება საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში გატარებული წლების ურთიერთაღიარებას. ამიერიდან საკონტრაქტო ჯარისკაცები მიიღებენ სახელფასო დანამატებს, ხოლო თადარიგში დათხოვნილები კი - საპენსიო დანამატებს. ხელშეკრულების მოქმედების ვადა 10 წლით განისაზღვრა, ავტომატური განახლებით შემდეგი 5 წლის პერიოდისთვის.
სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა
ცხინვალის რეგიონში ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის დირექტორმა ცენტრის საქმიანობის 2020 წლის ანგარიში წარადგინა. ცენტრის დირექტორის ალან ბოლატაევის თქმით, ერთობლივი ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, 2020 წელს რამდენიმე ძებნილი დააკავეს. ცენტრში ფუნქციონირებს კრიმინალისტური აღრიცხვისა და ექსპერტიზის განყოფილებაც, სადაც 15 სახის სასამართლო ექსპეტიზისა და კვლევის ჩატარება შეიძლება. 2016 წლის 4 ივლისს, ცხინვალში, რუსეთის შს მინისტრის მოადგილემ, იგორ ზუბოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შს მინისტრმა, ახსარ ლავოევმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას „შინაგან საქმეთა ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ფორმირებისა და საქმიანობის წესის“ შესახებ.
საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე, მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, რუსეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილეს, ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოში რუსეთის რწმუნებულს, მიხაილ გალპერინს შეხვდა. შეხვედრაზე განხილვის მთავარი საკითხი 21 იანვარს სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება იყო. საუბარი ასევე შეეხო სასამართლოში აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ინტერესების დაცვის მიზნით მასალების მომზადების კუთხით ერთობლივი მუშაობის აუცილებლობას. ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულმა სასამართლომ 21 იანვარს განაცხადა, რომ რუსეთი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ექვსი მუხლის დარღვევაზე. გადაწყვეტილებაში, რომელიც სტრასბურგის სასამართლომ 2008 წლის ომთან დაკავშირებით საქართველოს მიერ რუსეთის წინააღმდეგ აღძრულ სახელმწიფოთაშორის დავაზე მიიღო, ნათქვამია, რომ 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დადებისა და ომის აქტიური ფაზის დასრულების შემდეგ განვითარებული მოვლენები რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის ქვეშაა.
საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობა
რუსეთის საპარლამენტო დელეგაცია, ფედერაციის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის კონსტანტინ კოსაჩევის ხელმძღვანელობით, ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. რუსულმა დელეგაციამ შეხვედრები გამართა დე ფაქტო პარლამენტში, რომელიც 2020 წლის სექტემბრიდან არ შეკრებილა, რადგან დეპუტატების ნაწილი, აგვისტოში ძალოვანების მიერ მოკლული ცხინვალელი ინალ ჯაბიევის მკვლელობის გამო, დე ფაქტო გენერალური პროკურორის გადადგომას ითხოვს. რუსულ დელეგაციასთან შესახვედრად დეპუტატებმა ბოიკოტი დროებით შეწყვიტეს და პარლამენტის სხდომას 30 დეპუტატი დაესწრო. შემაჯამებელ ბრიფინგზე კოსაჩევმა ოს „პარლამენტარებს“ მუშაობის აღდგენისკენ მოუწოდა.
ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა
სოჭში საბაჟო საკითხებზე შეხვედრა გაიმართა
აფხაზეთში რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენელი კონსტანტინ კოზლოვი ქ. სოჭში კრასნოდარის მხარის საბაჟო სამსახურის უფროს ნატალია პოლოსუხინას შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთიდან რუსეთში საქონლის ექსპორტის სფეროში თანამშრომლობის საკითხი, ასევე საქონლის გაფორმების პროცესის დაჩქარებისა და კონტროლის საკითხები. აფხაზეთიდან რუსეთში საქონლის ექსპორტის საკითხთან დაკავშირებით სირთულეები მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ევრაზიის ეკონომიკური კავშირის მოთხოვნით ექსპორტირებული საქონლის განსხვავებული წესით დეკლარირება და გაფორმება გახდა აუცილებელი.
აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი მოსკოვს ესტუმრა
აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა სამუშაო ვიზიტით რუსეთში, მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში იმყოფებოდა. ხიშბამ რუსეთის ფედერაციის ტურიზმის ფედერალურ სააგენტოსთან არსებულ საზოგადოებრივ პალატაში გამართულ მრგვალ მაგიდაში - „რუსეთი - აფხაზეთი. ტურიზმი და სტუმართმოყვარეობა“ მიიღო მონაწილეობა. შეხვედრაზე აფხაზეთში რუსი ტურისტების დაცვისა და დასვენების დროს ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებიც განიხილეს. შეხვედრის დასასრულს აფხაზეთის ტურიზმის დე ფაქტო სამინისტროსა და საზოგადოებრივ საბჭოს შორის ტურიზმის სფეროში ურთიერთგაგებისა და თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი. თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერა ხელი მოსკოვის ტურიზმის კომიტეტთანაც. ხიშბა ასევე შეხვდა რუსეთის ტურიზმის ფედერალური სააგენტოს უფროს ზარინა დოგუზოვას. მოგვიანებით ხიშბა ჩეჩნეთის რესპუბლიკასაც ესტუმრა, სადაც ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის საკითხები განიხილა. ხიშბას ვიზიტის პასუხად, მოგვიანებით აფხაზეთს „როსტურიზმის“ დელეგაცია ესტუმრა.
პანდემიის გამო 2020 წლის ტურისტული სეზონი აფხაზეთში ჩავარდა. ტურისტების მიღება მხოლოდ 1 აგვისტოს დაიწყო. გასული წლის 1 აგვისტოდან წლის ბოლომდე აფხაზეთს 600 ათასზე მეტი რუსი ტურისტი ესტუმრა. საყურადღებოა, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ ტურისტული სეზონის გახსნის შემდეგ მკვეთრად მოიმატა.
აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხი მოსკოვში განიხილეს
აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხებთან დაკავშირებით მოსკოვში, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროში, გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. აფხაზური მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობდნენ დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი და ის აფხაზი მეწარმეები, რომლებსაც რუსული ბანკებისგან კრედიტი აქვთ აღებული. 2015 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრომ მოსკოვის საინვესტიციო სააგენტოსთან ერთად შეიმუშავა პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამმა რუსულმა ბანკმა აფხაზ მეწარმეებს შეღავათიანი კრედიტები გამოუყო. 40 საინვესტიციო პროექტიდან, შვიდი გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. შეთანხმების მიხედვით, ყველა პროექტი დასრულებული უნდა იყოს და კრედიტების გადახდა სრულად უნდა იყოს დაწყებული, თუმცა ამ ეტაპზე ვერცერთი პროექტი ვერ უზრუნველყოფს კრედიტის სრულად მომსახურებას.
მოსკოვში აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საკითხს განიხილავენ. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკური სამინისტროს ვებგვერდი
აფხაზეთი „სასაზღვრო“ გადასასვლელის გაფართოებას ითხოვს
კრისტინა ოზგანი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ტრანსპორტის მინისტრის მოადგილე ვლადიმირ ტოკარევს შეხვდა. შეხვედრაზე სარკინიგზო მიმოსვლის განვითარებისა და მდ. ფსოუზე „სასაზღვრო“ გადასასვლელის გამტარუნარიანობის გაფართოების საკითხები განიხილეს. არსებული „სასაზღვრო“ გადასასვლელი მოქმედებს ახალ ხიდზე, რომელიც 2010 წელს აშენდა. ხიდი ვერ უზრუნველყოფს გაზრდილ მოთხოვნილებას, რაც ციტრუსის მიმდინარე სეზონზე გამოვლინდა, როდესაც ციტრუსების დიდი რაოდენობით რუსეთში გატანის პროცესი შეფერხებით მიმდინარეობდა.
მოსკოვში სოხუმის აეროპორტის რეკონსტრუქციაზე იმსჯელეს
კრისტინა ოზგანი მოსკოვში ასევე შეხვდა რუსეთის საჰაერო სატრანსპორტო ფედერალური სააგენტოს უფროს ალექსანდრ ნერადკოს. შეხვედრა სოხუმის ბაბუშერის აეროპორტში საჰაერო მიმოსვლის აღდგენის საკითხს მიეძღვნა. ოზგანის განცხადებით, აფხაზური მხარე აეროპორტის კომპლექსში შემავალი ობიექტების რეკონსტრუქციის პროექტის მომზადების დაწყებას მიმდინარე წელს იმედოვნებს. ნერადკო ოზგანს პროექტის მომზადებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელებაში დახმარებას დაპირდა.
ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობა
კრისტინა ოზგანი მოსკოვში რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკს შეხვდა. შეხვედრაზე რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს: ენგურჰესის მუშაობის შეჩერების გამო (20 იანვრიდან მაისამდე არ იმუშავებს) აფხაზეთში შექმნილი ენერგო ვითარება, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის - „აჩგუარას“ სარემონტო სამუშაოები და აფხაზეთის გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავებისთვის საჭირო ღონისძიებების განხორციელება.
სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა
რუსეთი ცხინვალის რეგიონის აგრარულ სექტორს დაეხმარება
ცხინვალში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენლებთან ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში რუსულმა მხარემ ცხინვალის რეგიონს სოფლის მეურნეობის ტექნიკა საჩუქრად გადასცა.
აფხაზეთმა მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მობილური პუნქტი მიიღო
აფხაზეთის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროში რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მესაქონლეობის დეპარტამენტის დირექტორ დმიტრი ბუტუსოვთან შეხვედრა გაიმართა. რუსულმა მხარემ აფხაზეთს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხელოვნური განაყოფიერების მობილური პუნქტი გადასცა.
სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობა
გალის რაიონს რუსეთის სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები ესტუმრნენ. რუსულმა დელეგაციამ გალში საბჭოთა პერიოდში აშენებული ოლიმპიური სანიჩბოსნო ბაზა „რეჩხი“ მოინახულა, რომელიც ამ ეტაპზე პრაქტიკულად განადგურებულია. საბჭოთა პერიოდში ბაზაზე ბაიდარითა და კანოეთი საბჭოთა კავშირის ნაკრები ვარჯიშობდა. საბჭოთა პერიოდში აქ საკავშირო ჩემპიონატებიც იმართებოდა. აფხაზეთის დე ფაქტო სპორტის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ბესლან ქარჩავას განცხადებით, რუსეთი დაინტერესებულია აღნიშნული ბაზის აღდგენით, რადგან რუსეთში მხოლოდ ერთი ტბაა, სადაც ზამთარში ვარჯიში შეიძლება.
რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა
სოჭის მერმა სოხუმის დე ფაქტო მერს უმასპინძლა
სოჭის მერმა ალექსეი კოპაიგოროდსკოიმ სოხუმის დე ფაქტო მერ ბესლან ეშბას უმასპინძლა. შეხვედრაზე სოჭის ტერიტორიაზე აფხაზი მწარმოებლების, სოხუმში კი სოჭელი მწარმოებლების საქონლის გაყიდვის სფეროში სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრეს. საინტერესოა, რომ სოჭის ვიზიტორები ხშირად სტუმრობენ აფხაზეთს ერთდღიანი ტურიზმით.
ცხინვალის რეგიონმა და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ“ განათლების სფეროში შეთანხმება დადეს
ცხინვალის რეგიონმა და ე.წ. „დონეცკის სახალხო რესპუბლიკამ“ განათლების სფეროში პროტოკოლს მოაწერეს ხელი. შეთანხმება ორი „ქვეყნის“ უნივერსიტეტებისთვის შესაბამისი კადრების მომზადებას ითვალისწინებს და ახალგაზრდა მეცნიერებისა და სტუდენტებისთვის შესაძლებლობების გაზრდას გულისხმობს.
რუსეთის „რბილი ძალა“
ცხინვალში რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთა შესარჩევი კომისიის სხდომა გაიმართა
ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობაში გაიმართა 2021/2022 წელს რუსულ უნივერსიტეტებში სწავლის მსურველთა შესარჩევი კომისიის სხდომა. სხდომის ფარგლებში განიხილეს შესარჩევი კამპანიისთვის მზადების, მისი ორგანიზებისა და ჩატარების საკითხები. კომისიამ შეიმუშავა დებულება, რუსულ უნივერსიტეტებში სწავლისთვის ცხინვალის რეგიონის „მოქალაქეთა“ შერჩევის წესი 2021/2022 სასწავლო წლის კვოტის შესაბამისად, ასევე შესარჩევი კამპანიის ღონისძიებათა განრიგი.
სოხუმში დიპლომატის დღე აღნიშნეს
10 თებერვალს სოხუმში დიპლომატიური სამსახურის თანამშრომელთა დღე აღნიშნეს. ღონისძიების ფარგლებში პატივი მიაგეს ვიცე-კონსულ დმიტრი ვიშერნევისა და მისი მეუღლის ხსოვნას, რომლებიც 2013 წელს მოკლეს სოხუმში. 2018 წელს მათ პატივსაცემად მემორიალური დაფა გაიხსნა.
ცხინვალში „უკვდავი პოლკის“ წარმომადგენლები დააჯილდოეს
ცხინვალის რეგიონში, რუსეთის ფედერაციის დე ფაქტო საელჩოში „უკვდავი პოლკის“ ორ წარმომადგენელს ვლადიმერ პუტინის სახელით ჯილდოები გადასცეს. გამარჯვებულები გახდნენ ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო კულტურის მინისტრი ჟანა ზასეევა და ცხინვალის რაიონის დე ფაქტო ხელმძღვანელის პირველი მოადგილე ვალერი ბიბილოვი.
„სამშობლოს დამცველის დღე“ – 23 თებერვალი
ცხინვალში „რუსული სამყაროს“ ფონდის პრეზენტაცია გაიმართა
ცხინვალის რეგიონში, ა. თიბილოვის სახელობის სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის შენობაში გაიმართა „რუსული სამყაროს“ ფონდის პრეზენტაცია. „რუსული სამყაროს“ ფონდის ხელმძღვანელად დაინიშნა ჯულიეტა ოსტაევა - უნივერსიტეტში რუსული ენის კათედრის დოცენტი. მან შეხვედრაზე 2021 წლის სამუშაო გეგმა წარადგინა.
„რუსული სამყაროს“ ფონდის პრეზენტაცია ცხინვალში. წყარო: „როსსოტრუდნიჩესტვოს“ ცხინვალის წარმომადგენლობის ვებგვერდი