გამოცემა: N27 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მარტი, 2021
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
ახალი კურატორი
2021 წლის 2 მარტს რუსეთის პრეზიდენტის ბრძანებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსად იგორ მასლოვი დაინიშნა. სამმართველოს პასუხისმგებლობის სფერო პოსტსაბჭოთა ქვეყნებს მოიცავს. 2005-2013 წლებში სამმართველო განსაკუთრებით აქტიური იყო აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. მასლოვმა ვლადიმირ ჩერნოვი შეცვალა. მასლოვი ჩერნოვის მოადგილე იყო და ბოლო წლებში მოლდოვის მიმართულებას კურირებდა.
რუსეთში ვიზიტი
ბჟანიამ რუსეთში სამედიცინო შემოწმება გაიარა
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია სამედიცინო შემოწმების მიზნით რუსეთში იმყოფებოდა. შეგახსენებთ, რომ გავრცელებული მოსაზრებით, „საპრეზიდენტო“ არჩევნებიდან ბჟანიას ჩამოშორების მიზნით, 2019 წელს იგი მოწამლეს. ბჟანია სიკვდილს გადაურჩა, თუმცა მას პერიოდულად სამედიცინო შემოწმება ესაჭიროება. ბჟანიამ სამი თვის წინათ კორონავირუსის ინფექციაც გადაიტანა.
კრისტინა ოზგანის შეხვედრები მოსკოვში
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი მოსკოვში რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროებისა და საჰაერო ტრანსპორტის ფედერალურ სააგენტოს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრებზე არაერთი მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს: აფხაზეთში რუსული საინვესტიციო პროგრამის განხორციელება, ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირება, აფხაზეთის გაზიფიკაცია, შეღავათიანი დაკრედიტების პროგრამა, აფხაზეთის ენერგოსექტორის მოდერნიზება და რუსეთისგან აფხაზეთისთვის ელექტროენერგიის მიწოდება. პანდემიისა და ენერგოკრიზისის პირობებში აფხაზეთისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რუსეთისგან ფინანსური დახმარებისა და ელექტროენერგიის შეუფერხებელი მიღება. ოზგანის ხშირი მოსკოვური ვიზიტების მიზანიც რუსეთის დახმარების დროული უზრუნველყოფაა.
აფხაზეთი კრედიტის რესტრუქტურიზაციას ითხოვს
აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრი ვლადიმირ დელბა მოსკოვში რუსეთის ფინანსთა მინისტრის მოადგილე თიმურ მაქსიმოვს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთში რკინიგზის მშენებლობისთვის განკუთვნული კრედიტის რესტრუქტურიზაციის საკითხი განიხილეს. საქმე ეხება 2010 წლის 24 დეკემბრის „რუსულ-აფხაზური სამთავრობათაშორისი ხელშეკრულების“ ფარგლებში გამოყოფილ კრედიტს, რომელიც აფხაზეთის რკინიგზის აღდგენა-განვითარებისკენ იყო მიმართული, თუმცა, კრედიტის სათანადო ათვისება ვერ განხორციელდა, რუსული მხარე კი დადგენილი გრაფიკის მიხედვით კრედიტის გადახდას ითხოვს.
სამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე
მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე
მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
2021 წლის მარტში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.
საგარეო პოლიტიკის კოორდინაცია
მოსკოვში 2021-2022 წლების კონსულტაციების გეგმა შეათანხმეს
მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვესა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის ფარგლებში 2021-2022 წლების კონსულტაციების გეგმას მოეწერა ხელი. ლავროვის თქმით, გეგმა ხელს შეუწყობს სოხუმსა და მოსკოვს შორის „სისტემატურ, რაციონალურ და ეფექტურ ინტერაქციას“.
ჟენევის დისკუსიების მორიგი რაუნდი
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტის სრულუფლებიან წარმომადგენელს პოსტკონფლიქტურ საკითხებში - მურატ ჯიოევსა და აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს - ირაკლი ტუჟბას შეხვდა. შეხვედრის მიზანი სამხრეთ კავკასიაში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 52-ე რაუნდისთვის პოზიციების შეჯერება იყო. 52-ე რაუნდი 25-26 მარტს გაიმართა. შეხვედრაში რუდენკოც მონაწილეობდა. მისი თქმით, 52-ე რაუნდს „დიდი გარღვევა“ არ მოჰყოლია, თუმცა დიალოგი უნდა გაგრძელდეს.
აფხაზური დელეგაცია ჟენევაში. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებგვერდი
ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა
ტურისტების მოლოდინში
აფხაზეთის დე ფაქტო ტურიზმის სამინისტრომ მოსკოვის რიგით 27-ე მოგზაურობისა და ტურიზმის საერთაშორისო გამოფენაში (MITT) მიიღო მონაწილეობა, რომელიც 16-18 მარტს ჩატარდა. აფხაზურ დელეგაციას დე ფაქტო ტურიზმის მინისტრი თეიმურაზ ხიშბა ხელმძღვანელობდა. აფხაზეთში 2021 წლის ზაფხულში 1.5 მლნ ტურისტს ელოდებიან.
ცხინვალის რეგიონში ინვესტორებისთვის გადასახადები განულდება
ცხინვალის რეგიონის „პარლამენტმა“ საგადასახადო კანონმდებლობაში ცვლილებები შეიტანა. ცვლილებების შედეგად, უცხოელი ინვესტორებისთვის ცხინვალის რეგიონში გადასახადები განულდება. ცვლილებების ინიციატორების ხედვით, ეს რუს ინვესტორებს მოიზიდავს, ადგილობრივ მეწარმეებსაც წაახალისებს და გადასახადის არიდების მცდელობებიც გამოირიცხება.
ცხინვალის რეგიონის „რუსული ბიუჯეტი“
ცხინვალის რეგიონის „ბიუჯეტი“ 2021 წელს დაახლოებით 7,739 მლრდ რუბლს შეადგენს. აქედან 81.7 % რუსეთის ფინანსური მხარდაჭერა იქნება, ხოლო თავად ცხინვალის რეგიონის შემოსავლები - 1,414 მლრდ რუბლი, რაც ბიუჯეტის 18.3 %-ს შეადგენს. რუსეთის დახმარება ორი მიმართულებით დაიხარჯება: სოციო-ეკონომიკური განვითარება (დაახლ. 4,973 მლრდ რუბლი) და საინვესტიციო პროგრამის შესრულება (1,350 მლრდ რუბლი).
რუსული ვაქცინის მოლოდინში
ცხინვალის რეგიონი და აფხაზეთი რუსული ვაქცინის („Спутник V“ ან „ЭпиВакКорона“) მიღებას ელოდებიან. ცხინვალში ვაქცინის 1500 დოზის მიღების იმედი აქვთ, აფხაზეთმა კი ვაქცინის 100 ათასი დოზის გადაცემის თხოვნით რუსეთს ჯერ კიდევ გასულ წელს მიმართა.
„ზენიტის“ აკადემიის ფილიალი აფხაზეთში
27 მარტს სოხუმის ფილარმონიის შენობაში რუსეთის საფეხბურთო კლუბ „ზენიტის“ („გაზპრომის“ საკუთრება) საბავშვო-ახალგაზრდული საფეხბურთო აკადემიის ფილიალი საზეიმოდ გაიხსნა. ღონისძიებას დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია და „ზენიტის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 19-31 მარტს აფხაზეთში „ზენიტის“ საფეხბურთო აკადემიის ფეხბურთელები ვარჯიშობდნენ. ბოლო პერიოდში აფხაზეთში სულ უფრო გახშირდა რუსეთის სპორტული საზოგადოების წარმომადგენლების ვიზიტები, რომლებიც აფხაზეთს სხვადასხვა ტურნირებისთვის მოსამზადებელ ბაზად განიხილავენ.
საზეიმო ღონისძიება. წყარო: apsadgil.info
უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან თანამშრომლობა
ცხინვალის რეგიონისა და ლუგანსკის დე ფაქტო საზოგადოებრივი პალატების თავმჯდომარეებმა - სერგეი კუძიევმა და ალექსეი კარიაკინმა თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ლუგანსკის არაღიარებული „რესპუბლიკის“ წარმომადგენლები ცხინვალის რეგიონში 25-27 მარტს იმყოფებოდნენ. ცხინვალის რეგიონი უკრაინის სეპარატისტულ რეგიონებთან ურთიერთობაში განსაკუთრებით აქტიურობს. ეს არ არის შემთხვევითი, რადგან რუსეთი დასავლური სანქციების თავიდან არიდების მიზნით, ლუგანსკისა და დონეცკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების დასახმარებლად ცხინვალის რეგიონს შუალედურ რგოლად იყენებს.
რუსეთის „რბილი ძალა“
აფხაზეთში „დიდი სამამულო ომის“ შესახებ დოკუმენტური ფილმების პრემიერა შედგა
3 მარტს აფხაზეთში „დიდი სამამულო ომის“ შესახებ გადაღებული ხუთი დოკუმენტური ფილმის პრემიერა შედგა. თითოეული ფილმი - სახელად „ჩემი ომი“ - ასახავს „დიდი სამამულო ომის“ მონაწილე ერთი კონკრეტული ვეტერანის ისტორიას. პროექტი დააფინანსა მოსკოვის საგარეო ეკონომიკური და საერთაშორისო კავშირების დეპარტამენტმა.
РФФИ-მ ცხინვალის რეგიონიდან ათი პროექტი დააფინანსა
რუსეთის ფუნდამენტური კვლევების ფონდის (РФФИ) საგრანტო კონკურსის გამარჯვებულებს შორის ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლებიც არიან. ცხინვალის რეგიონიდან წარდგენილი პროექტებიდან 10 დაფინანსდა. პროექტები სხვადასხვა თემებს ეხება, მათ შორის, საკვების უსაფრთხოებას, პოსტსაბჭოთა სივრცეში კულტურათაშორის კომუნიკაციას.
ცხინვალში „მასლინიცა“ აღნიშნეს
ცხინვალის რეგიონში იზეიმეს რუსული დღესასწაული „მასლინიცა“, რომელიც ზამთრის გაცილებას და გაზაფხულის დადგომას აღნიშნავს. მიმდინარე წელს „მასლინიცა“ 8-დან 14 მარტამდე აღნიშნეს. ღონისძიება ცხინვალის რეგიონში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობაში გაიმართა.
ცხინვალში „პუშკინის წვეულება“ გაიმართა
23 მარტს ცხინვალის რეგიონის N6 სკოლაში პოეზიის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი „პუშკინის წვეულება“ გაიმართა. ღონისძიება ორგანიზებული იყო ფონდ „რუსული სამყაროს“ რუსული ცენტრის დახმარებით.