გამოცემა: N28 / მიმოხილვის პერიოდი: აპრილი, 2021
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
რუსეთში ვიზიტი
აფხაზეთის „პრეზიდენტის“ პირველი „ოფიციალური“ ვიზიტი რუსეთში
2021 წლის 20 აპრილს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიმდინარე წელს პირველი „ოფიციალური“ ვიზიტით ესტუმრა რუსეთს. 2020 წელს ბჟანია შვიდი „ოფიციალური“ ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში. ვიზიტის ფარგლებში ბჟანია შეხვდა რუსეთის სახელმწიფო სადაზღვევო კომპანიის დირექტორს, საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს უფროსს, „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელს და პრეზიდენტის ადმინისტრაციის მაღალჩინოსნებს, მათ შორის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მიმართულებით ყველაზე გავლენიანი მაღალჩინოსანია.
კრისტინა ოზგანმა მოსკოვში შეხვედრები გამართა
ბჟანიას ვიზიტის დასრულების შემდეგ მოსკოვს აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი და ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი ესტუმრა. ვიზიტის ფარგლებში იგი რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილეს სერგეი ნაზაროვს შეხვდა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია. შეხვედრაზე რუსეთის საინვესტიციო პროგრამის განხორციელებაზე, ენერგეტიკაზე და ასევე, საინვესტიციო „კანონმდებლობის“ ჰარმონიზებასა და განვითარებაზე იმსჯელეს. ოზგანი აფხაზეთში ფრენების განახლებისა და აეროპორტის აღდგენის საკითხზე პოტენციურ ინვესტორსაც შეხვდა, თუმცა კონკრეტულად ვის, ამის შესახებ არ არის ცნობილი.
აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი რუს „კოლეგას“ შეხვდა
აფხაზეთის დე ფაქტო იუსტიციის მინისტრი ანრი ბარციცი მოსკოვში რუსეთის იუსტიციის მინისტრ კონსტანტინ ჩუიჩენკოს შეხვდა. მხარეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის შესახებ იმსჯელეს და ამოცანების „სწრაფად და ეფექტურად“ შესასრულებლად ერთობლივი სამუშაო ჯგუფი შექმნეს.
კურატორების ვიზიტი
აფხაზეთის კურატორმა მიმდინარე პროექტების ინსპექტირება განახორციელა
რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროების წარმომადგენლები აფხაზეთს ორდღიანი სამუშაო ვიზიტით ესტუმრნენ. რუსეთის დელეგაციას სერგეი ნაზაროვი ხელმძღვანელობდა. კურატორის რანგში ეს ნაზაროვის პირველი ვიზიტი იყო აფხაზეთში და მისი მიზანი რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული ობიექტების მონახულება იყო. ვიზიტის დროს ნაზაროვმა მოინახულა ტურისტულ ქალაქ გაგრაში, ტყვარჩელსა და ოჩამჩირის რაიონებში დასრულებული და მიმდინარე პროექტები. ნაზაროვმა აფხაზურ მხარესთან აფხაზეთის „კანონმდებლობის“ რუსეთის კანონმდებლობასთან სინქრონიზაციის საკითხიც განიხილა, რომელიც პრობლემურ საკითხად მიიჩნევა.
კრისტინა ოზგანი სერგეი ნაზაროვს მასპინძლობს. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტრო
რუსეთის დელეგაცია ცხინვალის რეგიონს სამუშაო ვიზიტით ეწვია
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი ცხინვალს ესტუმრა. იგი „პრეზიდენტ“ ანატოლი ბიბილოვსაც შეხვდა. გუდინის პასუხისმგებლობის სფერო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული სახსრებით განხორციელებული პროექტების ზედამხედველობაა.
სამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე
მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე
მე-4 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
2021 წლის აპრილში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.
სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტმა მხარი დაუჭირა კანონში ცვლილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროსა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ცალკეული თანამშრომლების ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის მასშტაბები გაფართოვდება. ცვლილება ეხება ცენტრის ანალიტიკური განყოფილების თანამშრომლებს და გულისხმობს ისეთი დამატებითი ფუნქციების შესრულებას, როგორებიცაა - ცნობების შეგროვება, პიროვნების ვინაობის დადგენა და დაკითხვა.
„საზღვრის“ დემარკაცია
მოსკოვში ე.წ. „სამხრეთ ოსეთი-რუსეთის სადემარკაციო კომისიის“ მეხუთე შეხვედრა გაიმართა. „მხარეებმა“ 2021 წლის სამუშაო გეგმის მიმდინარეობასა და დემარკაციისთვის საჭირო კარტოგრაფიული მასალების შექმნაზე იმსჯელეს. კომისიის შემდგომი შეხვედრა ცხინვალის რეგიონში იგეგმება.
საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობა
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის სპიკერი ვალერი კვარჩია სამხრეთ რუსეთის საპარლამენტო ასოციაციის საბჭოს 34-ე სხდომას დაესწრო, რომელიც დონის როსტოვში გაიმართა. საბჭო საკანონმდებლო ფორმატში სოციალურ, ეკონომიკურ და კულტურულ სფეროში სამხრეთ რუსეთის ადმინისტრაციული ერთეულების თანამშრომლობას მოიაზრებს.
ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა
ცხინვალის რეგიონის მინერალურმა წყალმა რუსეთში მედლები აიღო
12-16 აპრილს ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები რუსეთში საერთაშორისო სურსათის გამოფენაში „Продэкспо-2021-ში“ მონაწილეობდნენ. გამოფენაში 70-ზე მეტი ქვეყანა მონაწილეობდა. „ბაგიათის ჩამომსხმელმა ქარხანამ“ გამოფენაზე პირველი და მეორე ადგილები აიღო.
რუსეთის საბაჟო სამსახურის წარმომადგენლები აფხაზეთს ესტუმრნენ
რუსეთის ფედერალური საბაჟო სამსახურის უფროსის მოადგილე ვლადიმირ ივინი აფხაზეთს ესტუმრა. აფხაზურ მხარესთან შეხვედრაზე იმსჯელეს რუსეთსა და აფხაზეთს შორის ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის განხორციელებაზე, რომელიც აფხაზური „კანონმდებლობის“ რუსეთის კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციას მოიაზრებს.
ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა
აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსული ვაქცინის „სპუტნიკ V“-ის პირველი პარტია 30 აპრილს მიიღეს. შემდგომი პარტიის მიღება ვაქცინაციის პირველი კამპანიის წარმატებაზე იქნება დამოკიდებული. აფხაზეთმა 6 500 დოზა მიიღო, ცხინვალის რეგიონმა კი - 2000 ადამიანისთვის საკმარისი დოზა.
რუსული ვაქცინის პირველი პარტია ცხინვალში ჩავიდა. წყარო: cominf.org
რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა
სოხუმი და ჩებოქსარი დაძმობილდნენ
რუსეთის ჩუვაშეთის რესპუბლიკის დედაქალაქ ჩებოქსარსა და სოხუმს შორის დაძმობილების შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. შეთანხმება ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, მექანიკური ინჟინერიის, განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმისა და ჯანდაცვის სფეროებში თანამშრომლობას მოიაზრებს.
აფხაზეთმა და ყირიმმა 3 წლიანი თანამშრომლობის გეგმა მიიღეს
აფხაზეთის დე ფაქტო მინისტრთა კაბინეტისა და ყირიმის დე ფაქტო მინისტრთა საბჭოს სავაჭრო, ეკონომიკური, სამეცნიერო, ტექნოლოგიური და ჰუმანიტარული თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მესამე სხდომა აფხაზეთში შედგა. მხარეებმა 2020-2021 წლების თანამშრომლობის პროგრამის განხორციელებაზე ისაუბრეს და 2022-2024 წლების სამოქმედო გეგმაც მიიღეს.
რუსეთის „რბილი ძალა“
ცხინვალის თეატრმა რუსულ სასწავლებელთან თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა
ცხინვალის რეგიონის კ. ხეთაგუროვის სახელობის „სახელმწიფო“ დრამატულმა თეატრმა თანამშრომლობის ხელშეკრულება გააფორმა მოსკოვის საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს სკოლასთან.
ცხინვალში „სიმამაცის გაკვეთილები“ გრძელდება
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტრო აგრძელებს „სიმამაცის გაკვეთილების“ ჩატარებას სკოლის მოსწავლეებისთვის. ამჯერად „სიმამაცის გაკვეთილი“ ჩატარდა ცხინვალის მე-6 საჯარო სკოლის გამოსაშვები კლასის მოსწავლეებისთვის.
ცხინვალში კოსმონავტიკის დღე აღნიშნეს
12 აპრილს ქალაქ ცხინვალში კოსმონავტიკის დღე აღნიშნეს. მე-12 სკოლის ეზოში შედგა საბჭოთა კოსმონავტი მფრინავის იური გაგარინის ბიუსტის გახსნისა და სკოლის კედელზე შესრულებული გრაფიტის წარდგენის საზეიმო ღონისძიება.