ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა

2021 / 05 / 01

გამოცემა N1 / მიმოხილვის პერიოდი: აპრილი, 2021 / ავტორი: ნიკა კრაწაშვილი   

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები

სავაჭრო ბრუნვა

  • აფხაზეთში რუსეთის სავაჭრო „წარმომადგენელის“ -  ვლადიმირ ნეკრასოვის განცხადებით, 2020 წელს რუსეთ-აფხაზეთის სავაჭრო ბრუნვამ 19 მლრდ 700 მლნ რუბლი ანუ 2019 წელთან შედარებით, 1.5 მლრდ რუბლით მეტი შეადგინა. ნეკრასოვის თქმით, აფხაზეთი ყველაზე აქტიურად მეზობელ კრასნოდარის ოლქთან ვაჭრობს, ასევე - მოსკოვთან, სტავროპოლთან, სანკტ-პეტერბურგთან, თათრეთისა და ბაშკირეთის რესპუბლიკებთან, აგრეთვე ანექსირებულ ყირიმთან.

საბანკო ტრანზაქციები

  • აფხაზეთში საბანკო ტრანზაქციების რაოდენობამ 2021 წლის პირველ სამ თვეში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, 22.3%-ით მოიმატა და 4.29 მლრდ რუბლი შეადგინა. საბანკო ოპერაციები სამი ტიპის ბარათით ხორციელდებოდა: აფხაზეთის „ეროვნული საგადახდო სისტემა - АПРА-ს“ ბარათებით (ტრანზაქციების 51.9%), საერთაშორისო საგადახდო სისტემის ბარათებით (38.3%) და რუსეთის საგადახდო სისტემა - „Мир-ის“ ბარათებით (9.8%).
  • 2021 წლის პირველ სამ თვეში, 2020 წლის იმავე პერიოდთან შედარებით, აფხაზეთის „ეროვნულ საგადახდო სისტემა - АПРА-ში“ რუსეთის საბანკო ბარათებით ტრანზაქციების ბრუნვა 60%-ით გაიზარდა და 2.063 მლრდ რუბლი შეადგინა, ხოლო „Мир-ის“ ბარათებით ტრანზაქციების რაოდენობა 208.1%-ით გაიზარდა და 419 მლნ რუბლი შეადგინა. ამავე პერიოდში აფხაზეთის სავაჭრო და მომსახურების სფეროში რუსული ბარათებით 860 მლნ რუბლის ტრანზაქცია განხორციელდა.

რუსეთის საინვესტიციო პროგრამა

  • რუსეთის ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროების დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილემ, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორმა სერგეი ნაზაროვმა რუსეთის საინვესტიციო პროგრამით დაფინანსებული პროექტების მიმდინარეობა შეამოწმა. კერძოდ, რუსეთის დელეგაციამ მოინახულა: გაგრაში აღდგენილი კოლონადა, ოლდენბურგის პრინცის პარკი და დაუსრულებელი სანაპირო ზოლი, სასტუმრო „ტოტუს“, დაუსრულებელი გამდინარე წყლის გამწმენდი დაწესებულება და ქვესადგური „ბზიფ“, ტყვარჩელის საავადმყოფო და ოჩამჩირის სასოფლო-სამეურნეო ტიპის საწარმო (ნაზაროვის ვიზიტის შესახებ დეტალურად იხილეთ აქ). 2021 წელს აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთი სხვადასხვა პროექტის განხორციელებისათვის 1.5 მლრდ რუბლს გამოჰყოფს.

No description available.

სერგეი ნაზაროვი და დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი გაგრის კოლონადასთან. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს ვებ-გვერდი

ბჟანიასა და ოზგანის ვიზიტები მოსკოვში

  • 20 აპრილიდან დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მიმდინარე წელს პირველად იმყოფებოდა სამუშაო ვიზიტით რუსეთში. ეკონომიკური საკითხებიდან ბჟანიამ შეხვედრებზე სოხუმის ბაბუშერის აეროპორტის აღდგენისა და საინვესტიციო პროგრამის განხორციელების საკითხები განიხილა.
  • ბჟანიას შემდეგ, 27 აპრილს, მოსკოვში დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი კრისტინა ოზგანი ჩავიდა. ოზგანმა რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვთან შეხვედრისას საინვესტიციო პროგრამასა და ენერგეტიკულ საკითხებზე იმსჯელა. ოზგანი პოტენციურ ინვესტორსაც შეხვდა, რომელთანაც სოხუმის აეროპორტის აღდგენაზე ისაუბრა. თუმცა, ამ ეტაპზე ამ შეხვედრის დეტალები უცნობია. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკთან ოზგანმა ენერგეტიკის ინფრასტრუქტურის მოდერნიზების, ასევე მრიცხველების მიწოდების საკითხზე იმსჯელა. არსებული მონაცემებით, აფხაზეთის ენერგეტიკული სისტემის მინიმალურ დონეზე გამართვა 4-5 მლრდ რუბლს საჭიროებს. საინტერესოა, რომ ელექტროენერგიის გადასახადს აფხაზეთის მოსახლეობის მხოლოდ 30-35% იხდის.

რუსეთის რეგიონებთან ურთიერთობა

ეკონომიკის, ტურიზმის, კულტურისა და სხვა სფეროში ინტეგრაციის გასაზრდელად აფხაზეთი აქტიურად თანამშრომლობს რუსეთის რეგიონებსა და ქალაქებთან:

  • სოხუმი ჩუვაშეთის რესპუბლიკის ქ. ჩებოქსარს დაუძმობილდა, რაც ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, მექანიკური ინჟინერიის, ტურიზმის, განათლებისა და სხვა სფეროებში პარტნიორობას გულისხმობს. 2020 წელს აფხაზეთში ჩებოქსარიდან 70 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია შევიდა.
  • სოხუმის დე ფაქტო მერი დაძმობილებულ ქ. კრასნოდარს ეწვია და დაძმობილებული ქალაქების დღესთან დაკავშირებულ რამდენიმედღიან ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა.
  • გუდაუთის რაიონი იაროსლავსკის მუნიციპალური რაიონის პარტნიორი გახდა, რაც ტურიზმის, სპორტის, კულტურისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობას გულისხმობს.
  • აფხაზეთისა და ანექსირებული ყირიმის დე ფაქტო მთავრობების ერთობლივი კომისიის მესამე შეხვედრა აფხაზეთში გაიმართა. შეხვედრაზე 2022-2024 წლების პროგრამა დამტკიცდა, რომელიც 50-ზე მეტ ღონისძიებას აერთიანებს.

ტურიზმი

  • რუსეთის მიერ დაწესებულმა ახალმა კოვიდ შეზღუდვებმა აფხაზეთში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. „როსპოტრებნადზორმა“ 15 აპრილს აამოქმედა წესი, რომლის თანახმად, რუსეთში დაბრუნებულმა რუსეთის მოქალაქეებმა PCR ტესტი უნდა ჩაიტარონ და პასუხის გაგებამდე თვითიზოლაციაში დარჩნენ. მოგვიანებით „როსპოტრებნადზორის“ დირექტორმა ანა პოპოვამ განმარტა, რომ შეზღუდვები არ ვრცელდება აფხაზეთში ჩასულ რუს ტურისტებზე და მათ რუსეთში დაბრუნებისას არც ტესტის ჩატარება და არც თვითიზოლაცია მოეთხოვებათ. შეზღუდვები არ ეხება ცხინვალის რეგიონსაც.
  • 30 აპრილიდან 30 სექტემბრამდე ტურისტული სეზონისთვის რუსეთიდან აფხაზეთის მიმართულებით და პირიქით სპეციალური ტრანსპორტი დაინიშნა, რომელიც ტურისტებს ადლერის რკინიგზის სადგურიდან და სოჭის აეროპორტიდან აფხაზეთის ხუთ ქალაქში - გაგრაში, ბიჭვინთაში, გუდაუთაში, ახალ ათონსა და სოხუმში ჩაიყვანს.

რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები

რუსეთთან ვაჭრობა

  • რუსეთში ცხინვალის რეგიონის ე.წ. სავაჭრო წარმომადგენლის, თაიმურაზ გოგინოვის განცხადებით, 2019 წელს 2018 წელთან შედარებით რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის ვაჭრობა 20%-ით გაიზარდა, ხოლო 2020 წელს 2019 წელთან შედარებით - 11.33%-ით.

ნავთობპროდუქტებზე ფასების მატება

  • ცხინვალის რეგიონში ერთადერთი „სახელმწიფო“ კომპანია, რომელიც ნავთობპროდუქტებს (ბენზინი, დიზელი) აწვდის მოსახლეობას, „იუგოსეტნეფტეპროდუქტია“. კომპანია საწვავ-საპოხ მასალებს რუსეთიდან კომპანია „როსნეფტისგან“ ყიდულობს. რუსეთში ფასების ზრდის შემდეგ, ბენზინი თებერვლიდან კერძო ბენზინგასამართსადგურებმა, აპრილიდან კი უკვე „იუგოსეტნეფტეპროდუქტმაც“ გააძვირა. ბენზინის ფასი 4 რუბლით გაიზარდა, შესაბამისად მოსახლეობისთვის ბენზინის ღირებულებად 40 რუბლი განისაზღვრა, „სახელმწიფო“ ორგანიზაციებისთვის კი - 41 რუბლი. დიზელის ფასი იგივე რჩება და მოსახლეობისთვის 42 რუბლს შეადგენს, „სახელმწიფო“ ორგანიზაციებისთვის კი - 43 რუბლს.

რუსეთის საინვესტიციო პროგრამა

  • აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი კურატორის, რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მაღალჩინოსანის - ვიტალი გუდინის მეთაურობით ცხინვალში რუსეთის დელეგაცია იმყოფებოდა. დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა დელეგაციასთან რუსეთის საინვესტიციო პროგრამის შესრულების მიმდინარეობა განიხილა.

No description available.

რუსეთის დელეგაციისა და ცხინვალის რეგიონის „წარმომადგენლობის“ შეხვედრა. წყარო: South-Ossetia

  • რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ქ. ცხინვალში მიწისქვეშა საინჟინრო და საკომუნიკაციო გაყვანილობის სამუშაოები შავლოხოვისა და პლეხანოვის ქუჩებზე დასრულდა. 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში სულ 25 ქუჩა შეკეთდება. 2021 წელს ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში რუსეთი სხვადასხვა პროექტის განხორციელებისათვის 1.5 მლრდ რუბლამდე გამოჰყოფს.

საბიუჯეტო დახმარება

  • ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის შესახებ სამთავრობათშორისი კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, 2021 წლის ბიუჯეტი, დაახლოებით, 963 მლნ რუბლით გაიზარდა. დე ფაქტო პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება „საჯარო სექტორში“ დასაქმებულ 1 894 ადამიანს უნდა შეეხოს. მათგან სულ 86 ადამიანი იღებს საშუალოდ 56 204 რუბლ შემოსავალს, უმეტესობის საშუალო ხელფასი დაახლოებით 17 ათასი რუბლია, შედარებით მცირე ნაწილის კი - 10 771 რუბლი. ცვლილების შედეგად, მათი შემოსავლები, შესაბამისად, 105 000 რუბლამდე, 32 000 რუბლამდე და 26 285 რუბლამდე გაიზრდება.

„Продэкспо-2021“

  • სურსათის საერთაშორისო გამოფენა „Продэкспо-2021“ მოსკოვში 12-16 აპრილს გაიმართა. გამოფენაზე  ცხინვალის რეგიონიც იყო წარმოდგენილი. „ბაგიათის ჩამომსხმელი ქარხნის“ მინერალურ წყლებს გამოფენაზე პირველი და მეორე ადგილები ხვდა წილად: I ადგილი აიღო მინერალურმა წყალმა „ძაუ-სუარ“, II ადგილი კი - „ბაგიათა-მ“. 2020 წელს გამოფენაზე ღვინის კომპანია „ირონსანის“ ორი ღვინო - „ცხინვალსკაია დოლინა“ და „ცარდ“ მეორე და პირველ ადგილებზე გავიდა.

No description available.

ცხინვალის რეგიონი „Продэкспо-2021-ზე. წყარო: Cominf

სოფლის მეურნეობა

  • ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტრომ მარცვლეულის დასათესად რუსეთისგან ორი ტრაქტორი მიიღო საჩუქრად. ცხინვალის რეგიონში 2 500 ჰექტარი მიწა უკვე დამუშავებულია. ხვნა თებერვლიდან დაიწყო. ითესება ქერი, ხორბალი, შვრია და სიმინდი. რუსეთსა და ცხინვალის რეგიონს შორის არსებული შეთანხმება მარცვლეულის მიწოდებასაც ითვალისწინებს.