ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2021 / 06 / 01

გამოცემა: N29 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მაისი, 2021

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

კურატორის ვიზიტი

2021 წლის 21 მაისს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე სერგეი ნაზაროვი, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია, ცხინვალს მინისტრის მოადგილის ამპლუაში პირველად ეწვია. დე ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრის გარდა, ნაზაროვმა საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში მშენებარე ობიექტებიც მოინახულა, მათ შორის, საუნივერსიტეტო კომპლექსი, ცხინვალის №3 საჯარო სკოლა, სამედიცინო ინფრასტრუქტურა, ძმები გუბაევების ქუჩაზე 75-ბინიანი კორპუსი, ბაზალტის ქარხანა, როკის გვირაბში სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზი. ნაზაროვის შეფასებით, საინვესტიციო პროგრამა დროულად და ხარისხიანად ხორციელდება და პროგრამა აუცილებელი კორექტირებებით მომავალშიც გაგრძელდება. 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა ცხინვალის რეგიონისა და რუსეთის სოციალურ-ეკონომიკური თანამშრომლობის სამთავრობათაშორისი კომისიის სხდომაზე, 2019 წლის აპრილში, დაამტკიცეს. პროგრამის ფარგლებში 52 ღონისძიების განხორციელებაა დაგეგმილი.  

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზაზე სადაზვერვო ქვედანაყოფებმა ივარჯიშეს. სპეციალური ტაქტიკური სწავლების ფარგლებში სამხედრო მოსამსახურეებმა მოიგერიეს პირობითი დივერსანტების ჯგუფის თავდასხმა.
  • ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეებმა ივარჯიშეს. სამხედრო მოსამსახურეებმა ცეცხლის წარმოებაში ივარჯიშეს და პირობითი მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს.
  • წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე მოტომსროლელთა ქვედანაყოფებმა ივარჯიშეს.

მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები

  • 500-ზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ დე ფაქტო რესპუბლიკის 15 ისტორიული ობიექტი მოინახულა. მათ „დიდ სამამულო ომში“ დაღუპულთა ძეგლები და მემორიალური კომპლექსები ყვავილებით შეამკეს.
  • სამხედრო ბაზაზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სასწავლო ცენტრის კურსდამთავრებულები მიიღეს. საერთო ჯამში, მე-7 სამხედრო ბაზას 300 უმცროსი სპეციალისტი დაემატება.

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზის უპილოტო ავიაციის ნაფრენმა საათებმა ზამთრის პერიოდში 3000-ს გადააჭარბა.
  • სამხედრო ბაზაზე სადაზვერვო ქვედანაყოფებმა ივარჯიშეს. სწავლების ფარგლებში პირობითი მოწინააღმდეგის დივერსიულმა სადაზვერვო ჯგუფებმა სამხედრო ნაწილში შეპარვა სცადეს, თუმცა სამხედრო მოსამსახურეებმა მათი თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს და პირობითი მოწინააღმდეგე გაანადგურეს.

2021 წლის მაისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

აფხაზეთის „შს სამინისტროს“ ტექნიკური აღჭურვა

რუსეთთან დადებული შეთახმების ფარგლებში აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრომ 49 მანქანა, ახალი უნიფორმები და სხვა ტექნიკური აღჭურვილობა მიიღო. მანქანები დეპარტამენტების მიხედვით გადანაწილდა. ტექნიკის მიღება 2020 წლის შეთანხმების ფარგლებში მოხდა და წელს კიდევ 70 მანქანის მიღებაა გათვალისწინებული. 2022 წელს აფხაზეთი დამატებით 60 მანქანის მიღებას ელოდება.

No description available.

ტექნიკის გადაცემის ცერემონია. წყარო: apsnypress.info

საკანონმდებლო სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის დელეგაციამ სამხრეთ რუსეთის საპარლამენტო ასოციაციის 34-ე კონფერენციაში მიიღო მონაწილეობა. კონფერენცია ვოლგოგრადში ჩატარდა. აფხაზეთი ასოციაციის ასოცირებული წევრია.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

აფხაზეთს რუსეთის საჰაერო ტრანსპორტის ფედერალური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის  - ალექსანდრე ნერადკოს ხელმძღვანელობით ეწვია. ნერადკოს მიზანი სოხუმის აეროპორტის ინსპექტირება იყო. სააგენტოს დელეგაცია აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამაც მიიღო. ნერადკომ და ბჟანიამ სოხუმის აეროპორტის აღდგენისთვის საჭირო პრაქტიკულ ნაბიჯებზე იმსჯელეს. როგორც ცნობილია, ამ საკითხზე გადაწყვეტილება 2020 წლის 12 ნოემბერს, ბჟანიასა და რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის სოჭში შეხვედრის დროს მიიღწა.

ცხინვალის რეგიონში ხელფასებ გაიზრდება

25 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი გენადი ბეკოევი მოსკოვში რუსეთის შრომის მინისტრს - ანტონ კოტიაკოვს შეხვდა. მათ ხელი მოაწერეს პროტოკოლს, რომელიც ცხინვალის რეგიონში „სახელმწიფო“ და „მუნიციპალურ“ უწყებებში ანაზღაურების გაზრდას გულისხმობს. ხელფასების მომატება 2021 წლის 1 იანვრიდან აითვლება. ბეკოევის თანახმად, ხელფასები გაეზრდებათ ექიმებს, გარკვეული კატეგორიის მასწავლებლებსა და მწვრთნელებს. შედეგად, ანაზღაურება ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის 2017 წლის დონეს გაუტოლდება.

სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა

ცხინვალის რეგიონმა, რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან შეთანხმების ფარგლებში, 40 ტონა კარტოფილის თესლი მიიღო. დე ფაქტო სოფლის მეურნეობის მინისტრის, ალან მარგიევის თანახმად, მიღებული კარტოფილის თესლის  90% ჯავის რაიონის ფერმერებს გადაეცა.

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

ცხინვალი და ვლადივოსტოკი დაძმობილდნენ

ცხინვალის ქალაქის „ადმინისტრაციის“ მეთაურმა ალან კოჩიევმა და ქალაქ ვლადივოსტოკის მეთაურმა ოლეგ გუმენიუკმა ვიდეოკონფერენციაზე მათი ქალაქების დაძმობილების შეთანხმება გააფორმეს.

დონბასში „რესპუბლიკის დღე“ აღნიშნეს

11 და 12 მაისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი დონეცკისა და ლუგანსკის დე ფაქტო რესპუბლიკებს ესტუმრა და აღნიშნული რესპუბლიკების დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. მიუხედავად იმისა, რომ დონბასის სეპარატისტულ რესპუბლიკებს მხოლოდ ცხინვალის რეგიონი „აღიარებს“, საზეიმო ღონისძიებებს აფხაზეთის „ვიცე-პრემიერი“ სერგეი პუსტოვალოვიც დაესწრო.

No description available.

დონბასში „რესპუბლიკის დღეს“ აღნიშნავენ. წყარო: presidentruo.org

რუსეთის „რბილი ძალა“

საბჭოური ფილმების ჩვენება

აფხაზეთის „ეროვნულ“ ბიბლიოთეკაში ქ. სოხუმის სკოლის მოსწავლეებისთვის საბჭოთა პერიოდის ფილმების ჩვენება მოეწყო. ფილმები „დიდი სამამულო ომის“ თემატიკას ეხებოდა და მიზნად ისახავდა ახალგაზრდა თაობის ცნობიერების ამაღლებას „გამარჯვების დღის“ შესახებ.

 „გამარჯვების დღე“ აფხაზეთში

  • „გამარჯვების დღის“ აღნიშვნა ქ. სოხუმში „უკვდავი პოლკის“ მსვლელობით დაიწყო. მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო 40-ზე მეტმა ადამიანმა. მსვლელობის შემდეგ „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი აღლუმი გაიმართა.
  • 9 მაისის ჩათვლით გაიმართა „გეორგიევსკის ლენტის“ აქცია. ქ. სოხუმში მოხალისეებმა მსურველებს „გეორგიევსკის ლენტები“ დაურიგეს. საერთო ჯამში, ათასამდე ლენტა დარიგდა.

 „გამარჯვების დღე“ ცხინვალის რეგიონში

  • 9 მაისს გაიმართა „გამარჯვების დღისადმი“ მიძღვნილი აღლუმი, რომელშიც მონაწილეობდნენ მე-4 სამხედრო ბაზისა და დე ფაქტო ძალოვანი სტრუქტურების სამხედრო მოსამსახურეები. აღლუმის შემდეგ ჩატარდა „უკვდავი პოლკის“ აქცია, რომელშიც 9 ათასზე მეტმა პირმა მიიღო მონაწილეობა.
  • ქ. ცხინვალის კულტურის სასახლეში „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ დღის 76 წლისთავისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართა.

ფესტივალი „ჩემი საყვარელი რუსეთი“

20 მაისს ცხინვალის რეგიონში დასრულდა რუსული კულტურის ფესტივალი „ჩემი საყვარელი რუსეთი“. ფესტივალი ჯერ კიდევ იანვარში დაიწყო. ის გაიმართა „ცხინვალის რეგიონში რუსეთის მოქალაქეთა კავშირისა“ და „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის  მხარდაჭერით.

სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე

24 მაისს ცხინვალის რეგიონში სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე აღინიშნა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა კონკურსის მონაწილეთა დაჯილდოება. სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე ყოველწლიურად აღინიშნება რუსეთსა და სხვა ქვეყნებში. ეს დღესასწაული მიზნად ისახავს სლავური ხალხების კონსოლიდაციასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვას.

No description available.

სლავური დამწერლობისა და კულტურის დღე. წყარო: rso.rs.gov.ru