ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2021 / 07 / 01

გამოცემა N10 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ივნისი, 2021 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

სამხედრო სწავლებები

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა ივნისში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • ტანკისტებმა მაიკოპის სამხედრო პოლიგონზე (ადიღეს რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) საბრძოლო სროლაში ივარჯიშეს. მათ 700 მ.-ის სიშორეზე განლაგებული მოძრავი სამიზნეები გაანადგურეს. სწავლებაში 100-მდე ტანკისტი და 30-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • მზვერავებმა პირობითი მოწინააღმდეგის საკომუნიკაციო სისტემა მწყობრიდან გამოიყვანეს, შემდეგ კი მოწინააღმდეგეს ჩაუსაფრდნენ და მისი ლიკვიდაცია მოახდინეს. წვრთნაში 100-ზე მეტი მზვერავი მონაწილეობდა და 30-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე მოტომსროლელები ვარჯიშობენ. სწავლება, რომელიც ივლისის ბოლომდე გაგრძელდება, მიზნად ისახავს სამხედროების ინდივიდუალურ მომზადებას, მათი ფიზიკური და ფსიქოლოგიური გამძლეობის გაუმჯობესებას, სწრაფი ადაპტაციის უნარის გამომუშავებას და სხვ. წვრთნაში 1500-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 400-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკაა ჩართული.
  • რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტებმა და საჰაერო თავდაცვის ძალებმა ერთობლივი წვრთნა ჩაატარეს. მათ შავი ზღვის აკვატორიის თავზე პირობითი მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები გაანადგურეს. სწავლებაში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და 150-ზე მეტი ერთეული სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
  • სამხედრო ბაზის ჯარისკაცებს სამხედრო-საავტომობილო ინსპექტორებმა უსაფრთხო მართვის გაკვეთილი ჩაუტარეს. სამხედრო მოსამსახურეებმა შეასრულეს პრაქტიკული დავალებებიც, რომლებიც მიზნად ისახავდა საგანგებო სიტუაციაში ავტომობილის მართვის უნარების გამოვლენას.
  • მეკავშირეები წვრთნის ფარგლებში მართვის საველე პუნქტებს დაუკავშირდნენ და მათთან კოორდინაცია უზრუნველყვეს. მათ ასევე მოაწყვეს სათვალთვალო პუნქტები და პირობითი მოწინააღმდეგის დრონებისგან თავდაცვის სისტემა. სწავლებაში 300-მდე სამხედრო მოსამსახურე და 40 ერთეული საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე მოტომსროლელებმა, რადიოელექტრონული ბრძოლის, რქბ დაცვის და სხვა ქვედანაყოფებმა ივარჯიშეს. სწავლებაში ათასამდე სამხედრო მოსამსახურე და 200-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • სამხედრო მედიკოსებმა წვრთნის ფარგლებში საველე ჰოსპიტალი და სამედიცინო მომსახურების საველე პუნქტი მოაწყეს. მედიკოსებმა პირობითად დაინფიცირებული სამხედრო მოსამსახურეებიც მიიღეს. საერთო ჯამში, ჰოსპიტალში 200-მდე ადამიანის განთავსებაა შესაძლებელი.

რქბ დაცვის სპეციალისტებისა და საჰაერო თავდაცვის ძალების ერთობლივი წვრთნა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებით. წყარო: sputnik-abkhazia.info

  • რადიოელექტრონული ბრძოლის სპეციალისტებმა პირობითი მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები მწყობრიდან გამოიყვანეს, შემდეგ კი „Стрела-10“ ტიპის საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების მეშვეობით მათი ლიკვიდაცია მოახდინეს. სწავლებაში 500-მდე სამხედრო მოსამსახურე და 150 ერთეული საბრძოლო და სპეციალური ტექნიკა იყო ჩართული.
  • წებელდისა და ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონებზე მოტომსროლელებმა ივარჯიშეს. სწავლების ფარგლებში მოტომსროლელები დანიშნულების ადგილამდე „Ми-8АМТШ Терминатор“-ის ტიპის ვერტმფრენებით გადაიყვანეს. სწავლებაში ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე იყო ჩართული.
  • სამხედრო ბაზის ტანკისტებმა მაიკოპის სამხედრო პოლიგონზე (კრასნოდარის მხარე, რუსეთის ფედერაცია) ივარჯიშეს. „Т-72Б3“ ტიპის ტანკების ეკიპაჟებმა საბრძოლო სროლები შეასრულეს და 2200-დან 2500-მდე მეტრის სიშორეზე განლაგებული სამიზნეები გაანადგურეს. წვრთნაში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და 30-ზე მეტი ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • ნაგვალოუს და წებელდის სამხედრო პოლიგონებზე მოტომსროლელებმა ივარჯიშეს. სამხედრო მოსამსახურეებმა შეასრულეს საბრძოლო სროლები „БТР-82АМ“ ჯავშანტრანსპორტიორებიდან, ასევე „РПГ-7“ და „АГС-17“ ტიპის ყუმბარმტყორცნებიდან. აღნიშნული წვრთნები ივლისის შუა რიცხვებში დასრულდება - ჯარისკაცები 2 ათასი მ.-ის სიშორეზე განლაგებულ მოძრავ და უძრავ სამიზნეებს გაანადგურებენ.
  • მე-7 სამხედრო ბაზის ტანკისტები პრუდბოის სამხედრო პოლიგონზე (ვოლგოგრადის ოლქი, რუსეთის ფედერაცია) წყალქვეშა გადაადგილების კურსს გადიან. ისინი ნულოვანი ხილვადობის პირობებში 100 მ.-ის სიგრძისა და 5 მ. სიღრმის წყლის რეზერვუარს გადალახავენ. სწავლებაში 200-ზე მეტი ტანკისტი მონაწილეობს.

ერთობლივი წვრთნები

  • 4 ივნისს მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა და აფხაზეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის თანამშრომელთა ერთობლივი წვრთნა ჩატარდა. სამხედროებმა მოახდინეს ხანძრის ლიკვიდაცია და სამხედრო პოლიგონები გამხმარი მცენარეული საფარისგან გაასუფთავეს. წვრთნაში 50-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა.

ახალწვეულები

  • 1 ივნისს დაიწყო ახალწვეულ ტანკისტთა წვრთნები. სწავლებისთვის გამოიყენებოდა კომპიუტერული ტრენაჟორები, რომლებიც ომის რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ ვირტუალურ პირობებს ქმნიდნენ. ახალწვეულებმა სხვადასხვა სიშორეზე განლაგებული 15-მდე ტიპის სამიზნე გაანადგურეს.
  • 29 ივნისს მე-7 სამხედრო ბაზაზე 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევის 50 ახალწვეული (I ჯგუფი) ჩავიდა. 30 ივნისს ბაზას კიდევ 150 ახალწვეული (II ჯგუფი) დაემატა. სურვილის შემთხვევაში, ისინი აიცრებიან რუსული ვაქცინით „Спутник V“, რომლის დამატებითი პარტია (1000 დოზა) მე-7 სამხედრო ბაზაზე 29 ივნისს ჩაიტანეს. ახალი დოზები მხოლოდ ახალწვეულთა ვაქცინაციისთვისაა განკუთვნილი.
  • უკვე დაიწყო ახალწვეულთა საერთო-საჯარისო მომზადების კურსი. საწყის ეტაპზე ისინი შეისწავლიან სამხედრო სამსახურის თეორიულ საფუძვლებს, სხვადასხვა იარაღის, ასევე საბრძოლო და სპეციალური ტექნიკის მახასიათებლებსა და გამოყენების წესებს. 2021 წლის საგაზაფხულო გაწვევის ფარგლებში, საერთო ჯამში, მე-7 სამხედრო ბაზაზე 150-მდე პირი ჩავა.

ახალწვეულ ტანკისტთა წვრთნები კომპიუტერული ტრენაჟორების მეშვეობით. წყარო: რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდი

სწავლების ზაფხულის სეზონის გეგმები

  • იგეგმება ათასზე მეტი საცეცხლე წვრთნის ჩატარება. სამხედრო მოსამსახურეები შეასრულებენ საბრძოლო სროლებს სხვადასხვა ტიპის დანადგარიდან: „Град“-ის ტიპის ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემიდან, 120 მმ.-იანი ნაღმტყორცნებიდან, „Д-30“ ჰაუბიცებიდან და სხვ.
  • 200-ზე მეტი ტაქტიკური სწავლება დაეთმობა ქვედანაყოფების კოორდინაციას საველე პირობებში. წვრთნების არანაკლებ 50% გაიმართება ღამით ან შეზღუდული ხილვადობის პირობებში.
  • ძირითადი ყურადღება მიექცევა უპილოტო საფრენი აპარატების გამოყენებას. მე-7 სამხედრო ბაზაზე 15-მდე ტიპის უპილოტო საფრენი აპარატი გამოიყენება („Орлан“, „Застава“, „Гранат“ და სხვ). მიმდინარე წელს აღნიშნული აპარატების მიერ ნაფრენმა საათებმა 200-ზე მეტი სთ. შეადგინა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 20%-ით აღემატება.
  • დაგეგმილია, რომ კომპიუტერულ ტრენაჟორებთან ვარჯიშზე სამხედროები 500 საათზე მეტს დახარჯავენ. მე-7 სამხედრო ბაზაზე 15-მდე ტიპის კომპიუტერული ტრენაჟორია. ბოლო მონაცემებით, სწავლების ზაფხულის სეზონის დაწყებიდან უკვე ათასზე მეტმა სამხედრო მოსამსახურემ გაიარა წვრთნა აღნიშნული ტრენაჟორების მეშვეობით.
  • საერთო ჯამში, გამოყენებულ იქნება ათასამდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა, 1 მილიონზე მეტი საბრძოლო მასალა და 100 ტონაზე მეტი საპოხი მასალა.

სხვა ღონისძიებები

  • გარემოს დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა აქცია „სუფთა სანაპირო“. სამხედრო მოსამსახურეებმა ნარჩენებისგან გაასუფთავეს შავი ზღვის სანაპიროსთან მდებარე სამხედრო პოლიგონები გუდაუთის, ოჩამჩირისა და გულრიფშის რაიონებში.
  • მე-7 სამხედრო ბაზაზე კორონავირუსის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინა „Спутник V“ უკვე 4 ათასზე მეტმა პირმა მიიღო. დაიწყო ახალწვეულთა ვაქცინაციაც. ვაქცინის მისაღებად შექმნილია 40 სპეციალიზებული პუნქტი და ჩამოყალიბებულია 60-ზე მეტი ბრიგადა. აცრა ნებაყოფლობითი და კეთდება წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
  • 12 ივნისს, რუსეთის დღესთან დაკავშირებით, მე-7 სამხედრო ბაზაზე საზეიმო შეხვედრა გაიმართა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ქვედანაყოფის სამხედრო მოსამსახურეები და გამორჩეული „იუნარმიელები“ რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი ნიშნებით და სამახსოვრო მედლებით დააჯილდოვეს.
  • 17 ივნისს მე-7 სამხედრო ბაზაზე „ალექსანდროვის ანსამბლის“ საკონცერტო გამოსვლა მოეწყო. მათ შეასრულეს ისეთი კომპოზიციები, როგორებიცაა „რუსეთი“, „ჩვენ - სახალხო არმია“, „მშობლიური მიწა“ და სხვ. „ალექსანდროვის ანსამბლი“ რუსეთის არმიის სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლია.
  • სამხედრო მოსამსახურეების სიცხისგან დასაცავად დამატებითი ზომები მიიღეს. მათ მსუბუქი საველე ტანისამოსი და წყლის დამატებითი მარაგი გადასცეს, მოაწყეს გადახურული პუნქტები, მედიკოსებმა კი უწყვეტი მორიგეობა დაიწყეს, რათა საჭიროების შემთხვევაში სამხედროებს პირველადი დახმარება გაუწიონ. მუშაობის ინტენსიურ რეჟიმზე გადავიდნენ სახანძრო ბრიგადები და უპილოტო ავიაციის ქვედანაყოფებიც.
  • 22 ივნისს მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა „დიდი სამამულო ომის“ დაწყების 80-წლისთავისადმი მიძღვნილ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. მათ უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს. ღონისძიებას ასევე დაესწრო რუსეთის „ელჩი“ ალექსეი დვინიანინი.

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

სამხედრო სწავლებები

ცხინვალის რეგიონში რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა ივნისში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზებზე საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციისთვის მზადყოფნის დონე შეამოწმეს. ქვედანაყოფებმა შეასრულეს ისეთი დავალებები, როგორებიცაა ხანძრის ლიკვიდაცია, ხალხის ევაკუაცია, პირველადი დახმარების გაწევა და სხვ.
  • ტანკისტებმა კრასნოდარის მხარეში (რუსეთის ფედერაცია) ივარჯიშეს. სამხედროებმა საბრძოლო სროლები შეასრულეს და 200-ზე მეტი მოძრავი სამიზნე გაანადგურეს. სწავლებაში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • სნაიპერებმა პირობითი მოწინააღმდეგის უპილოტო საფრენი აპარატები აღმოაჩინეს და გაანადგურეს. სამიზნეები 1.3 კმ.-ის სიშორეზე იყო განლაგებული. ვითარებას შეზღუდული ხილვადობა და ქარი ართულებდა. წვრთნაში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა და 30-ზე მეტი ერთეული შეიარაღება და საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე „Т-72Б“ ტიპის ტანკების ეკიპაჟებმა ივარჯიშეს. მათ ღამის ხედვის ხელსაწყოების გამოყენებით საბრძოლო სროლები შეასრულეს და 1.5 კმ.-ს სიშორეზე მყოფი პირობითი მოწინააღმდეგის ტანკები გაანადგურეს. სწავლებაში 100-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 30 ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.

ერთობლივი წვრთნები

  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე მოტომსროლელებმა ივარჯიშეს. მათ საბრძოლო სროლის უნარები დაამუშავეს და სხვადასხვა სახის ნორმატივები შეასრულეს. სწავლებაში 4 ათასზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა, მათ შორის, 58-ე საერთო-საჯარისო არმიის სხვა შენაერთებიც. წვრთნაში 500-ზე მეტი ერთეული ტექნიკა იყო ჩართული: „Ми-24“ და „Ми-8“ ტიპის ვერტმფრენები, 152 მმ.-იანი ჰაუბიცები და სხვ.
  • „Т-72Б3“ და „Т-90А“ ტიპის ტანკების ეკიპაჟებმა ტაქტიკურ საცეცხლე მომზადებაში მიიღეს მონაწილეობა. მათ შეასრულეს საბრძოლო სროლები, მოიგერიეს პირობითი მოწინააღმდეგის თავდასხმა, გადალახეს სხვადასხვა დაბრკოლება მთიან რელიეფზე და სხვ. სწავლებაში მონაწილეობდა 400-ზე მეტი ტანკისტი ცხინვალის რეგიონიდან, ასევე დაღესტნის, ჩეჩნეთისა და ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკებიდან (რუსეთის ფედერაცია).

მოტომსროლელთა წვრთნები ავიაციის გამოყენებით ძარწემის სამხედრო პოლიგონზე. წყარო: sputnik-ossetia.ru

ახალი შეიარაღება

  • მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს „Тахион“-ის ტიპის რუსული უპილოტო საფრენი აპარატები გადაეცათ. ახალი დრონები განკუთვნილია საჰაერო დაზვერვის წარმოებისთვის 40 კმ. სიშორეზე დღისით და ღამით. ისინი აღჭურვილია თბოვიზორითა და ვიდეოკამერით. მათი გამოყენება შეიძლება ნებისმიერ კლიმატურ პირობებში.

სხვა ღონისძიებები

  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს ტანკისტები „სატანკო ბიატლონისთვის“ ემზადებიან. კონკურსი რიგით მე-7 „არმიის საერთაშორისო თამაშების“ (АрМИ-2021) ფარგლებში ჩატარდება. მიმდინარე წელს ცხინვალის რეგიონიდან აღნიშნულ კონკურსში ოთხი ეკიპაჟი იასპარეზებს. შეგახსენებთ, რომ АрМИ-2021 დაიწყება 22 აგვისტოს და 4 სექტემბრამდე გაგრძელდება.
  • რიგით მე-7 „არმიის საერთაშორისო თამაშებისთვის“ ემზადება დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმიც. მათ 200-დან 500-მდე მეტრის სიშორეზე განლაგებული სამიზნეები გაანადგურეს.
  • 8 ივნისს ქ. არხანგელსკში დასრულდა რუსეთის ფედერაციის ფინანსური ორგანოების სასწავლო შეხვედრები, რომლებშიც ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებიც მონაწილეობდნენ. შეხვედრის ფარგლებში ისაუბრეს შერეული სამშვიდობო ძალების ბატალიონის პენსიონერებზე, რომლებსაც არ შეუძლიათ თავიანთი პენსიების გადატანა რუსეთის ფედერაციაში, ასევე განიხილეს სამხედრო სამსახურში გატარებული წლების ურთიერთაღიარება, საპენსიო დანამატები და სხვ.
  • დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა იბრაგიმ გასეევმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო უსაფრთხოების რიგით IX კონფერენციაში (MCIS-2021), რომელიც ქ. მოსკოვში 22-24 ივნისს გაიმართა. გასეევი რამდენიმე პლენარულ სხდომას დაესწრო. მისი აზრით, ცხინვალის რეგიონს, რუსეთთან ერთად, თავისი წვლილი შეაქვს საერთაშორისო უსაფრთხოების განმტკიცებაში.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.