გამოცემა: N30 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ივნისი, 2021
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
„საზღვრის“ დადგენა
23-25 ივნისს მოსკოვში აფხაზეთისა და რუსეთის „სახელმწიფო საზღვრის“ დელიმიტაციისა და „საზღვაო სივრცის“ დადგენის საკითხზე ერთობლივი კომისიის რიგით მეოთხე შეხვედრა გაიმართა. შემდეგი შეხვედრა აფხაზეთში გაიმართება.
ჟენევის დისკუსიები
ჟენევის დისკუსიების 53-ე რაუნდამდე მოსკოვში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ანდრეი რუდენკოს, აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის - ირაკლი ტუჟბასა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლის - მურატ ჯიოევის შეხვედრა გაიმართა. სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობისა და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების 53-ე რაუნდი 29-30 ივნისს ჩატარდა.
სამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე
მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე
2021 წლის ივნისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.
სამართალდამცავ სფეროში თანამშრომლობა
სამუშაო შეხვედრა ჩერკესკში
რუსეთისა და აფხაზეთის შს „სამინისტროებს“ შორის 2010 წლის დეკემბრის შეთანხმების ფარგლებში, რომელიც „სასაზღვრო“ რეგიონების შინაგან საქმეთა უწყებების თანამშრომლობას მოიაზრებს, ყარაჩაი-ჩერქეზეთის დედაქალაქ ჩერკესკში სამუშაო შეხვედრა შედგა. შეხვედრაზე „სასაზღვრო“ ტერიტორიებზე არსებული სიტუაცია განიხილეს, ისაუბრეს საგზაო უსაფრთხოებაზე, მანქანების ქურდობის აღკვეთასა და ახალგაზრდებში ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლაზე.
სამუშაო შეხვედრა სოჭში
აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტროს, შს სოჭის დეპარტამენტისა და კრასნოდარის ოლქის შს სამინისტროს მთავარი სამმართველოს წარმომადგენლებმა საგზაო უსაფრთხოებასა და საზოგადოებრივი წესრიგის საკითხებზე იმსჯელეს.
ფედერაციის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა. რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი საბჭოს საერთაშორისო ურთიერთობების კომიტეტის წევრი სერგეი ცეკოვი იყო. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პარლამენტისა და რუსეთის ფედერაციის საბჭოს ერთობლივი კომისიის შეხვედრაზე „მხარეებმა“ რუსეთ-ცხინვალის რეგიონის „მოკავშირეობისა და ინტეგრაციის ხელშეკრულების“ შესრულებაზე და სხვა მიმდინარე საკითხებზე ისაუბრეს.
რუსეთის ფედერაციის საბჭოს დელეგაციის ვიზიტი ცხინვალში. წყარო: presidentruo.org
ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა
სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სანკტ-პეტერბურგში საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში (ПМЭФ) მონაწილეობდა. ფორუმი 2-5 ივნისს ჩატარდა. ბიბილოვი ფორუმის პლენარულ სესიას დაესწრო. ბიბილოვმა ფორუმზე რეგიონის საინვესტიციო მიმზიდველობაზე ისაუბრა, ამ მხრივ განსაკუთრებით პერსპექტიულად დაასახელა ვაშლის, ყურძნისა და კენკროვანი კულტურის მოშენება.
თანამშრომლობის შეთანხმება
მოსკოვში ბიზნესისა და ხელისუფლების საერთაშორისო VII ფორუმის - „რუსეთის საცალო ვაჭრობის კვირეულის“ ფარგლებში, რომელიც 31 მაისიდან 4 ივნისამდე გრძელდებოდა, საცალო ბაზრის ექსპერტთა რუსეთის ასოციაციამ და აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო და სამრეწველო პალატამ თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს.
სარატოვის ელექტროაგრეგატების საწარმოო გაერთიანების დელეგაციის ვიზიტი სოხუმში
სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა - ბესლან ეშბამ სარატოვის ელექტროაგრეგატების საწარმოო გაერთიანების დელეგაციას უმასპინძლა, რომელსაც გაერთიანების დირექტორი არტურ ტემიროვი ხელმძღვანელობდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ შესაძლოა, სოხუმში „სარატოვის“ ცნობილი მარკის მაცივრების წარმოება დაიწყოს. ეშბას განცხადებით, აფხაზეთის ე.წ. „კანონმდებლობა“ ინვესტიციების განხორციელებისთვის კარგ ფუნდამენტს წარმოადგენს და აფხაზეთში წარმოება რუსეთში წარმოებაზე უფრო იაფი იქნება. კომპანიამ ასევე დაინტერესება გამოხატა აფხაზეთის გავლით ახლო აღმოსავლეთში „სარატოვის“ მაცივრების გატანის მიმართაც. ეშბას თქმით, აფხაზეთი აქტიურად თანამშრომლობს სირიასთან, სადაც აფხაზეთს პროდუქციის რეექსპორტი შეუძლია.
„საჯარო მოხელეების“ ხელფასების ზრდა
25 ივნისს მოსკოვში რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ანტონ კოტიაკოვმა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა - გენადი ბეკოევმა შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმება რუსეთის დაფინანსებით ცხინვალის რეგიონის „საჯარო სექტორში“ ხელფასების გაზრდას მოიაზრებს. ხელფასები რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის 2021 წლის დონეს გაუთანაბრდება. ხელფასების მატება 1 894 ადამიანს შეეხება.
თანამშრომლობა ბავშვთა უფლებების დაცვაში
აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბავშვთა უფლებების დაცვაში რუსეთის პრეზიდენტის რწმუნებული ანა კუზნეცოვა მიიღო. აფხაზეთში ანალოგიური თანამდებობა შეხვედრის წინა დღეს შეიქმნა და ბავშვთა უფლებების დამცველად მაკტინა ჯინჯოლია დაინიშნა. შეხვედრის დროს ჯინჯოლიამ და კუზნეცოვამ თანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს.
ასლან ბჟანიას და ანა კუზნეცოვას შეხვედრა. წყარო: sputnik-abkhazia.ru
რუსეთის „რბილი ძალა“
პუშკინის დღე
4 ივნისს ქ. ცხინვალში რუსული ენის საერთაშორისო დღე და რუსი პოეტის, ალექსანდრე პუშკინის დაბადების 222 წლისთავი აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიება პუშკინის სკვერში გაიმართა.
„რუსეთის დღე“
ქ. ცხინვალში „რუსეთის დღისადმი“ მიძღვნილი გამოფენა გაიმართა. დამსწრე საზოგადოებამ დაათვალიერა ახალგაზრდა მხატვართა გაერთიანების „Tskhinval 5“-ის წევრთა ნამუშევრები. ამ დღესთან დაკავშირებით, რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზაზე „დიდ სამამულო ომში“ დაღუპულ გმირთა ხეივანი და მარადიული ცეცხლის მონუმენტი გაიხსნა. „რუსეთის დღესთან“ დაკავშირებით ქ. ცხინვალში ასევე გაიმართა კინოფესტივალი „Хрустальный источникъ“.
სამეცნიერო კონფერენცია
22 ივნისს ა. თიბილოვის სახელობის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტში „დიდი სამამულო ომის“ დაწყების 80-წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული კონფერენცია გაიმართა.