გამოცემა N3 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ივნისი, 2021 / ავტორი: ნიკა კრაწაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები
ტურიზმი
- რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის თანახმად, 2021 წლის ზაფხულში აფხაზეთს ტურისტული ბუმი ექნება, რადგან რუსებს აქ დასვენებისა და შინ დაბრუნებისთვის PCR ტესტირებისა და კარანტინის გავლა არ მოეთხოვებათ. აფხაზეთისგან განსხვავებით, 1 ივლისიდან კრასნოდარის ოლქში კორონავირუსთან დაკავშირებული ახალი შეზღუდვები დაწესდა.
- დე ფაქტო ტურიზმის სამინისტროს განცხადებით, ტურისტული ობიექტების დატვირთვა 100%-ს უახლოვდება და ტურისტული სეზონი 2016 წლის შემდეგ ასეთი აქტიური არ ყოფილა. აფხაზური კურორტები რუსი ტურისტების რჩეულ ადგილებს შორისაა. მაგალითად, ახალი ათონის მღვიმისა და „რიწის ეროვნული რელიქტური პარკის“ ვიზიტის მაჩვენებლებმა რეკორდულ დონეს მიაღწია.
- აფხაზეთს ძირითადად კრასნოდარის ოლქის, მოსკოვისა და სანკტ-პეტერბურგის მაცხოვრებლები სტუმრობენ. დე ფაქტო სამინისტროს შეფასებით, ადგილების წინასწარი დაჯავშნის გამო, რუსეთ-თურქეთის ფრენების განახლება აფხაზეთში ტურისტულ სეზონზე გავლენას ვერ მოახდენს.
- რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის თანახმად, აფხაზეთში ყველაზე პოპულარულ კურორტებს გაგრა, ბიჭვინთა და სოხუმი წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ აფხაზეთში დასვენება სოჭთან და ყუბანთან შედარებით 15-25%-ით იაფია.
- აფხაზეთის დე ფაქტო შს სამინისტრომ ტურისტულ ადგილებში უსაფრთხოების უფრო მკაცრი ზომების მიღება და რეგულარული პატრულირება დაიწყო. დამატებითი ზომების მიღება მას შემდეგ დაიწყეს, რაც 15 ივნისს ბიჭვინთაში ადგილობრივმა პირმა რუსი ტურისტები იარაღით დაჭრა.
ბიზნესფორუმი
- მოსკოვში „რუსეთის საცალო ვაჭრობის კვირეულის“ ფარგლებში გამართულ ბიზნესფორუმზე საცალო ბაზრის ექსპერტთა რუსეთის ასოციაციამ და აფხაზეთის დე ფაქტო სავაჭრო და სამრეწველო პალატამ თანამშრომლობის შეთანხმება გააფორმეს. შეთანხმების მიზანი თანამშრომლობის, ასევე, სასწავლო ღონისძიებებისა და კონსულტაციების ორგანიზების ხელშეწყობაა.

„სავაჭრო და სამრეწველო პალატის“ პრეზიდენტი - თამილა მერცხულავა და საცალო ბაზრის ექსპერტთა რუსეთის ასოციაციის პრეზიდენტი - ანდრეი კარპოვი ფორუმზე. წყარო: Abkhazinform
შეხვედრები რუსეთის ბიზნესის წარმომადგენლებთან
- სოხუმის დე ფაქტო ადმინისტრაციის წარმომადგენლები სარატოვის ელექტროაგრეგატების საწარმოო გაერთიანების დელეგაციას შეხვდნენ. აფხაზეთში „სარატოვის“ მაცივრის საწარმოს გახსნა და მომავალში პროდუქციის ახლო აღმოსავლეთში - კერძოდ სირიაში - რეექსპორტის შესაძლებლობა განიხილეს.
საინვესტიციო პროგრამა
- დე ფაქტო შს სამინისტროს თანახმად, აფხაზეთში ახალი ციხის აშენების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები მიმდინარეობს. აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამაში ციხის წინასწარ საპროექტო სამუშაოებზე 131.2 მლნ რუბლია გამოყოფილი. დე ფაქტო შს მინისტრის თქმით, ციხის აგებას 2-3 წელიწადი და 2.5 მლრდ რუბლი დასჭირდება.
საწვავის ფასი
- აფხაზეთში საწვავის ფასი გაიზარდა. აფხაზეთი საწვავს რუსეთისგან ყიდულობს, სადაც 2020 წლის დეკემბრიდან ივნისამდე საწავავის ღირებულებამ 6-7 რუბლით მოიმატა.
- 17 ივლისამდე ბენზინი რეგულარი-92-ის საბითუმო ფასი 42 რუბლს, საცალო ვაჭრობის ფასი კი 44 რუბლს არ უნდა აღემატებოდეს. 17 ივლისის შემდეგ მისმა საბითუმო ფასმა 43 რუბლს, ხოლო საცალო ვაჭრობის ფასმა 46 რუბლს არ უნდა გადააჭარბოს. აღსანიშნავია, რომ ნავთობპროდუქტებზე ფასი ცხინვალის რეგიონში ჯერ კიდევ აპრილში გაიზარდა, რომელიც ასევე რუსეთის ნავთობბაზარზეა დამოკიდებული. ცხინვალის რეგიონში საწვავის ფასი მოსახლეობისთვის 40 რუბლი გახდა, ე.წ. „სახელმწიფო“ ორგანიზაციებისთვის - 41 რუბლი.
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები
სანკტ-პეტერბურგის ფორუმი
- 2-5 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი სანკტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმში მონაწილეობდა. ფორუმის ფარგლებში ცხინვალის რეგიონის წარმომადგენლები რუსეთის რეგიონების წარმომადგენლებსაც შეხვდნენ. ბიბილოვის თქმით, ცხინვალის რეგიონში ინვესტირებისთვის სათანადო პირობებია შექმნილი, რაზეც მეტყველებს ხილის პლანტაციების მფლობელი კომპანიის - „სამხრეთის ბაღი“, ღვინის კომპანია „ირონსანის“ და სამკერვალო ფაბრიკა „БТК-4“-ის საქმიანობა.
საინვესტიციო პროგრამა
- ცხინვალის რეგიონის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, ცხინვალში პირველი ხუთსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი აშენდა, რომელიც 75 ბინას მოიცავს. წელს 135 ახალი საცხოვრებელი ბინა უნდა აშენდეს, ხოლო 2022 წელს - ორი 75-ბინიანი საცხოვრებელი კომპლექსი.

ხუთსართულიანი საცხოვრებელი კომპლექსი ცხინვალში. წყარო: Cominf
- 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში, რუსეთი სხვადასხვა პროექტის განხორციელებისათვის 4.5 მლრდ რუბლს გამოჰყოფს, აქედან ყოველ წელს - 1.5 მლრდ რუბლი დაიხარჯება.
ხელფასების ზრდა „საჯარო სექტორში“
- ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა - გენადი ბეკოევმა და რუსეთის შრომისა და სოციალური დაცვის მინისტრმა - ანტონ კოტიაკოვმა ცხინვალის რეგიონში „საჯარო სექტორში“ დასაქმებულთა ხელფასების გაზრდის შესახებ შეთანხმებას მოსკოვში მოაწერეს ხელი. რუსეთის დაფინანსებით ხელფასები 1 894 ადამიანს გაეზრდება. ანაზღაურების მომატება 2021 წლის 1 იანვრიდან დაანგარიშდება. შედეგად, ცხინვალის რეგიონი ხელფასების თვალსაზრისით რუსეთის ჩრდილოეთ კავკასიის ფედერალური ოლქის დონეს გაუთანაბრდება. ხელფასების ზრდისთვის 474 მლნ რუბლი დაიხარჯება.

ბეკოევი და კოტიაკოვი მოსკოვში. წყარო: RSO-Government
ტურიზმი
- დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ გენადი ბეკოევის თანახმად, ცხინვალის რეგიონი უახლოეს მომავალში სამი სფეროს განვითარებაზე გააკეთებს აქცენტს - აგრო-სამრეწველო კომპლექსზე, ტურიზმსა და მსუბუქ და კვების მრეწველობაზე. ბეკოევის თქმით, რუსეთიდან ტურისტების მოსაზიდად ჯერ მათ უნდა გაიგონ, რომ ცხინვალის რეგიონი ომის მდგომარეობას დიდი ხანია დასცილდა, აქ დასვენება უსაფრთხოა და მას შედარებით განვითარებული ინფრასტრუქტურა აქვს ლამაზ ბუნებასთან, სუფთა ჰაერთან და ჯანსაღ საკვებთან ერთად. მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სავაჭრო წარმომადგენლობამ ცხინვალის რეგიონში მოგზაურობისთვის გზამკვლევი უკვე დაამზადა და რუსეთის რეგიონებისთვის მისაწოდებლად იგი ამ ზაფხულს დაიბეჭდება.