გამოცემა: N31 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ივლისი, 2021
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
მოსკოვში ვიზიტი და კურატორთან შეხვედრა
29 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვს სამუშაო ვიზიტით ესტუმრა. ვიზიტის პირველ დღეს ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია და ამ მიმართულებით ყველაზე გავლენიანი ფიგურაა. შეხვედრაზე აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე დახმარების, ვაქცინის ახალი პარტიის მიწოდების, ივლისში სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციაში დახმარებისა და რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს. ბჟანია ასევე შეხვდა, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსს იგორ მასლოვს, რომელიც აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს კურირებს.
სამუშაო ვიზიტის მეორე დღეს ბჟანია რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის ენერგოუზრუნველყოფის ოპტიმიზაციის საგზაო რუკის განხორციელებისა და აფხაზეთის გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავების საკითხები განიხილეს. ამავე დღეს ბჟანია უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილეს რაშიდ ნურგალიევსაც შეხვდა, რომელიც უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია.
ასლან ბჟანიასა და ალექსანდრ ნოვაკის შეხვედრა. წყარო: presidentofabkhazia.org
ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვს აპრილსა და მაისშიც ესტუმრა. 2020 წელს ბჟანია შვიდი „ოფიციალური“ ვიზიტით იმყოფებოდა რუსეთში.
კურატორის ვიზიტი
2021 წლის 26-28 ივლისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ნურგალიევი უშიშროების საბჭოში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორია და, ამავე დროს, საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებასაც კურირებს.
ვიზიტის ფარგლებში ნურგალიევი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტს - ანატოლი ბიბილოვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების არაერთი საკითხი განიხილეს, მათ შორის: საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა, რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება, კორონავირუსთან ბრძოლა, შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მუშაობის ფარგლებში ექსპერტიზის ჩატარება, ცენტრისთვის კვალიფიციური კადრების შერჩევა.
ვიზიტის ფარგლებში ნურგალიევმა მონაწილეობა მიიღო ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიასა და ცხინვალის რეგიონის „შს სამინისტროების“ ორმხრივი კომიტეტის სხდომის გადაწყვეტილების ხელმოწერის ცერემონიაში. ნურგალიევმა ბიბილოვთან ერთად ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი შენობების გახსნის ღონისძიებაშიც მიიღო მონაწილეობა.
რაშიდ ნურგალიევისა და ანატოლი ბიბილოვის შეხვედრა. წყარო: presidentruo.org
27 ივლისს ნურგალიევმა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებიც მოინახულა, მათ შორის სინაგური და თედელეთი (სოფლები ოფიციალურად საჩხერის მუნიციპალიტეტს ეკუთვნის). ნურგალიევმა „საზღვრისპირა“ სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის აშენებული სახლები და სამედიცინო პუნქტები დაათვალიერა. 28 ივლისს ნურგალიევმა როკის გვირაბში სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა შეამოწმა. სარეზერვო ხაზი ცხინვალის რეგიონის ელექტროენერგიით მომარაგების მხრივ კრიტიკული მნიშვნელობისაა. რუსეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთადერთი დამაკავშირებელი ელექტროგადამცემი ხაზი მთიან ადგილებში გადის და ზამთრის პერიოდში ხშირად ზიანდება, რის გამოც რეგიონი სინათლის გარეშე რჩება.
რუსეთის დუმის დეპუტატი აფხაზეთს ეწვია
რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, პარტია „ერთიანი რუსეთის“ უმაღლესი საბჭოს წევრი, საბჭოთა და რუსი მოციგურავე, სვეტლანა ჟუროვა აფხაზეთს ეწვია. ჟუროვას დე ფაქტო პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსმა - ალხას კვიწინიამ უმასპინძლა. ვიზიტის ფარგლებში სოციალური პლატფორმის - „აფხაზეთის მომავალი“ - ორგანიზებულ შეხვედრაზე ჟუროვა აფხაზ ახალგაზრდებსაც შეხვდა.
სამხედრო წვრთნები
სამხედრო წვრთნები აფხაზეთში მე-7 სამხედრო ბაზაზე
მე-7 სამხედრო ბაზის სხვა ამბები
მე-4 სამხედრო ბაზის ამბები
2021 წლის ივლისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.
ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა
აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება. 1 აგვისტოს მონაცემებით, საერთო ჯამში, 22 ათასზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, გარდაცვლილთა რაოდენობა კი 300-ს აჭარბებს. ჯანდაცვის სფეროს დახმარების მიზნით რუსეთი უახლოეს მომავალში აფხაზეთს მრავალპროფილურ მობილურ საავადმყოფოს გაუგზავნის. სამხედრო ჰოსპიტალი კორონავირუსით დაინფიცირებული 150 პირის მიღებას შეძლებს. მობილური საავადმყოფო რუსეთმა აფხაზეთს ადრეც გაუგზავნა. ჰოსპიტალი 2020 წლის 20 ოქტომბრიდან 2021 წლის 1 მარტამდე ფუნქციონირებდა. ამ დროის მანძილზე საავადმყოფოში 3 700-ზე მეტმა პირმა იმკურნალა.
განათლების სფეროში თანამშრომლობა
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის განათლების დე ფაქტო მინისტრები რუსეთის განათლების მინისტრის მოადგილეს ანდრეი კორნეევს შეხვდნენ. მათ სასწავლო-მეთოდური უზრუნველყოფის გაუმჯობესებასა და ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელებაზე ისაუბრეს. შეხვედრაზე განიხილეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონისთვის იმ სახელმძღვანელოების გადაცემის საკითხი, რომლებიც რუსეთის სხვადასხვა საგანმანათლებლო დაწესებულებაში გამოიყენება. რუსეთის მხარემ განაცხადა, რომ აღნიშნულ რეგიონებში წიგნებს მიმდინარე წლის ბოლომდე ჩაიტანენ.
სეპარატისტულ რეგიონებთან თანამშრომლობა
დნესტრისპირეთთან თანამშრომლობა
ე.წ. „დნესტრისპირეთის მოლდოვური რესპუბლიკის“ საგარეო საქმეთა მინისტრი ვიტალი იგნატიევი დნესტრისპირეთში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო წარმომადგენლობის უფროსს - ვიტალი იანკოვსკის შეხვდა. იგნატიევმა და იანკოვსკიმ ორმხრივ ურთიერთობებში „პერსპექტიული თანამშრომლობის სფეროების“ განვითარებაზე იმსჯელეს.
„საზოგადოებრივი პალატების“ შეთანხმება
ცხინვალში „დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა“ და ცხინვალის რეგიონის „საზოგადოებრივ პალატებს“ შორის თანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმების მიზანია „საზოგადოებრივ პალატებს“ შორის ურთიერთობების განვითარება, გამოცდილების გაზიარება, ბიზნეს კონტაქტების დამყარების ხელშეწყობა, კულტურული კავშირების გაფართოება და არაკომერციული ორგანიზაციების დაკავშირება.
რუსეთის „რბილი ძალა“
„სამშვიდობო“ ოპერაციის 29-წლისთავი
ცხინვალის რეგიონში „სამშვიდობო“ ოპერაციის დაწყების 29-წლისთავი აღნიშნეს და „მამულის მცველთა“ მემორიალური კომპლექსი ყვავილებით შეამკეს. „სამშვიდობო“ ოპერაცია ცხინვალის რეგიონში 1992 წლის 14 ივლისს დაიწყო. დაგომისის (სოჭის) შეთანხმების საფუძველზე ჩამოყალიბდა შერეული საკონტროლო მისია და რეგიონში რუსული, ქართული და ოსური სამშვიდობო ძალები განთავსდნენ. ოპერაცია 2008 წლის აგვისტოში დასრულდა.
აფხაზი აბიტურიენტები რუსეთის შს სამინისტროს სასწავლებლებში ჩაირიცხნენ
რუსეთის შს სამინისტროს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში აფხაზეთიდან 25 აბიტურიენტი ისწავლის. განაცხადის შეტანა ოთხ სპეციალიზებულ სასწავლებელში მიმდინარეობდა: ვორონეჟის ინსტიტუტი, ომსკის აკადემია, ორლოვის ინსტიტუტი და ნიჟეგოროდის აკადემია. სასწავლო პროგრამა ხუთწლიანია. აფხაზეთის შს „სამინისტროსა“ და რუსეთის შს სამინისტროს შორის თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება 2009 წლის 11 ნოემბერს გაფორმდა. ამ შეთანხმების საფუძველზე, რუსეთის შს სამინისტროს სპეციალიზებულ სასწავლებლებში აფხაზეთიდან ამჟამად 86 პირი იღებს განათლებას.