გამოცემა N4 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ივლისი, 2021 / ავტორი: ნიკა კრაწაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები
„პრეზიდენტის“ მოსკოვში ვიზიტი
29 ივლისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია მოსკოვს ესტუმრა. ბჟანია რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე - დიმიტრი კოზაკს შეხვდა, რომელიც აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ყველაზე გავლენიანი კურატორია. შეხვედრაზე სოციალურ-ეკონომიკური საკითხებიც განიხილეს, მათ შორის: აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობის ზრდის ფონზე დახმარების, ვაქცინის ახალი პარტიის მიწოდების, ივლისში სტიქიური უბედურებების შედეგად მიყენებული ზიანის ლიკვიდაციაში დახმარებისა და რუსეთის მიერ დაფინანსებული საინვესტიციო პროგრამის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები. ვიზიტის მეორე დღეს, ბჟანია რუსეთის მთავრობის ვიცე-პრემიერს ალექსანდრ ნოვაკს შეხვდა. შეხვედრაზე აფხაზეთის ენერგოუზრუნველყოფის ოპტიმიზაციის საგზაო რუკის განხორციელებისა და აფხაზეთის გაზიფიკაციის გენერალური სქემის შემუშავების საკითხები განიხილეს.
თანამშრომლობის მემორანდუმი
აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა და ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა მოსკოვში ხელი მოაწერეს მემორანდუმს პროგრამულ-მიზნობრივი მართვის გაუმჯობესების სფეროში თანამშრომლობის შესახებ. მემორანდუმს ხელი მოეწერა ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ფორმირების პროგრამის განხორციელებისა და ორი „ქვეყნის“ კანონმდებლობის ჰარმონიზაციის ფარგლებში.
საერთაშორისო ღონისძიებები
კურსკის გამოფენა 2021. წყარო: Abkhazinform
რუსული ინვესტიციები
ბჟანიას განცხადებით, ბიჭვინთაში რუსი ინვესტორების დაფინანსებით აფხაზეთის მასშტაბით უდიდესი სანატორიუმი აშენდება. ბჟანიას თქმით, რუსული ინვესტიცია დაახლოებით 10 მლრდ რუბლი იქნება. ასევე ბჟანიას თქმით, კრასნოდარის მხარეში მდებარე ადლერის საკალმახის მეპატრონეები გუდაუთის რაიონში, ოთხარსკის საკალმახეში 750 მლნ რუბლის ოდენობის ინვესტიციის ჩადებას აპირებენ. თუმცა, ამ ეტაპზე ამ მიმართულებით რაიმე კონკრეტული გადაწყვეტილებები არ არის მიღებული.
საინვესტიციო პროგრამა
აფხაზეთში რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში 2021 წლისთვის დაგეგმილი პროექტების განხორციელება იწყება. აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამა სულ 4.5 მლრდ რუბლს მოიცავს. ოზგანის განცხადებით, 2021 წლისთვის 1,350 მლრდ რუბლია გამოყოფილი, რომლიდანაც 226 მლნ რუბლი უკვე დახარჯულია. ჯამში 2021 წლისთვის 44 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა
სოხუმის დე ფაქტო მერმა - ბესლან ეშბამ სმოლენსკის დელეგაციას უმასპინძლა. შეხვედრაზე სოხუმსა და სმოლენსკს შორის „ბიზნესის, ტურიზმისა და ახალგაზრდული პოლიტიკის“ სფეროებში პოტენციურ თანამშრომლობაზე იმსჯელეს.
ტურიზმი
ტურისტული კომპლექსის ოფიციალური გახსნა. წყარო: presidentofabkhazia.org
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები
კურატორის ვიზიტი
2021 წლის 26 ივლისს რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი ცხინვალის რეგიონს ესტუმრა. ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტ ანატოლი ბიბილოვთან შეხვედრაზე ნურგალიევმა ეკონომიკური მნიშვნელობის საკითხებიც განიხილა. მათ შორის, საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა და რეგიონის ენერგეტიკული უსაფრთხოება. ნურგალიევმა „საზღვრისპირა“ სოფლებში ადგილობრივი მოსახლეობისთვის აშენებული სახლები და სამედიცინო პუნქტებიც დაათვალიერა. კურატორმა, ასევე, სარეზერვო ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობა შეამოწმა. პროექტის განხორციელებისთვის რუსეთმა უკვე გამოყო 400 მლნ რუბლი, რასაც მომდევნო წლებში 400 მლნ რუბლამდე დაფინანსება დაემატება.
საინვესტიციო პროგრამა
რუსეთის საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში ცხინვალის რეგიონში კვაისას დასახლებაში ერთ-ერთი მთავარი - ლენინის ქუჩის კაპიტალური რემონტი დაიწყო. ქუჩის სიგრძე 980 მეტრია. 2019 წელს კვაისაში რუსეთის დაფინანსებით ხეთაგუროვის, კომაროვისა და გაგარინის ქუჩებიც შეკეთდა.
სოფლის მეურნეობა
ცხინვალის რეგიონმა რუსული კომპანია „Ростсельмаш-ის“ მიერ წარმოებული ხუთი ტრაქტორი მიიღო. აქედან ოთხი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტროს სესხით შეიძინეს, ხოლო ერთი რუსეთთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების ფარგლებში უფასოდ მიიღეს.