ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა

2021 / 10 / 01

გამოცემა: N33 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 სექტემბერი, 2021

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.

კურატორების ცვლილება

ვლადიკავკაზის ეპარქიას ახალი მმართველი ეყოლება

2021 წლის 23-24 სექტემბერს მოსკოვის საპატრიარქოს სინოდის გადაწყვეტილებით, ალანიისა და ვლადიკავკაზის ეპარქიის მმართველი, არქიეპისკოპოსი  ლეონიდი გაათავისუფლეს ეპარქიის მართვისგან. თუმცა, მან შეინარჩუნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო კავშირების განყოფილების უფროსის მოადგილის თანამდებობა. ლეონიდი მოსკოვის პატრიარქის ვიკარად დაინიშნა და მიენიჭა ტიტული „კლინსკი“. მას 2016 წლიდან აქტიური ურთიერთობა აქვს ცხინვალის რეგიონთან და საქართველოს ხელისუფლებისა და ეკლესიის გვერდის ავლით ხშირად სტუმრობს რეგიონს. მისი კურატორობით ცხინვალში ეკლესიაც აშენდა. ამ ეტაპზე მისი შემცვლელის ვინაობა არ არის ცნობილი.

აფხაზეთში „რბილი ძალის“ გამოყენებას ახალი პირი უზრუნველყოფს

2021 წლის 27 სექტემბერს აფხაზეთში „როსსოტრუდნიჩესტვოს“ წარმომადგენლობის ხელმძღვანელმა ვადიმ ჩეხამ რადიო „სპუტნიკ აფხაზეთთან“ ინტერვიუ ჩაწერა. ინტერვიუდან ცნობილი გახდა, რომ ჩეხა თავის თანამდებობას მალე დატოვებს. მიზეზად მან სამწლიანი კონტრაქტის ვადის ამოწურვა დაასახელა.

რუსეთის სახელმწიფო დუმის არჩევნები

2021 წლის 17-19 სექტემბერს რუსეთში მე-8 მოწვევის სახელმწიფო დუმის არჩევნები გაიმართა. კენჭისყრაში მონაწილეობა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე - აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებმა რუსული პასპორტის მფლობელმა მოქალაქეებმაც მიიღეს.

აფხაზეთში არჩევნები 19 სექტემბერს ცხრა საარჩევნო უბანზე ჩატარდა. ცხინვალის რეგიონში სულ 10 საარჩევნო უბანი გაიხსნა. აქედან ცხრა სამოქალაქო პირებს, ერთი კი მე-4 რუსული სამხედრო ბაზის მოსამსახურეებს ემსახურებოდა.

აფხაზეთში არჩევნებში მონაწილეობა 14 549-მა ადამიანმა მიიღო. ცხინვალის რეგიონში კი - 11 000-ზე მეტმა რუსეთის მოქალაქემ მისცა ხმა.

კურატორთან შეხვედრა

11 სექტემბერს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილეს დიმიტრი კოზაკს შეხვდა. კოზაკი ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. სამუშაო შეხვედრაში რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი და „მთავრობის“ სხვა წევრებიც მონაწილეობდნენ. მხარეებმა რეგიონის ეკონომიკური განვითარებისა და ცხინვალის რეგიონის სამხედრო მოსამსახურეებისთვის ხელფასის მომატების საკითხები განიხილეს. 

კურატორებმა აფხაზეთში მიმდინარე პროექტები შეამოწმეს

2 სექტემბერს აფხაზეთს რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი და  ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკი ესტუმრნენ. რუსეთის დელეგაციის წევრები იყვნენ ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი და ამავდროულად, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ერთ-ერთი კურატორი - ვიტალი გუდინი და მისი მოადგილე ანტონ მელნიკი. ვიზიტის ფარგლებში რუსეთის დელეგაციამ  საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში აღდგენილი სოციალური და ინფრასტრუქტურული ობიექტები შეამოწმა.

კრისტინა ოზგანის შეხვედრა კურატორებთან. წყარო: აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროს ვებგვერდი

13 სექტემბერს აფხაზეთს კიდევ ერთხელ ესტუმრა გუდინი და მელნიკი. ვიზიტის მიზანი, საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობის უფრო დეტალური შესწავლა იყო. სტუმრები დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრე ანქვაბსაც შეხვდნენ.

რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტრო აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მხარდამჭერი 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის განხორციელებას კურირებას. პროგრამის ფარგლებში აფხაზეთში სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განხორციელებისათვის წელიწადში 1.5 მლრდ რუბლია გამოყოფილი. მსგავსი პროგრამა ხორციელდება ცხინვალის რეგიონშიც.

რუსი დეპუტატი ცხინვალში

20 სექტემბერს ცხინვალის რეგიონში „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებებში მონაწილეობა რუსეთის სახელმწიფო დუმის დელეგაციამაც მიიღო. დელეგაციას რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი ყაზბეგ ტაისაევი ხელმძღვანელობდა.

რუსეთში ვიზიტი

აფხაზეთის დე ფაქტო ვიცე-პრემიერი, ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი მოსკოვს ეწვია. ოზგანს შეხვედრები ჰქონდა რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში, ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროებში და „გაზპრომში“. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საუბარი აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას შეეხო. რუსეთის ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკთან შეხვედრა ენერგეტიკის საკითხებს ეხებოდა, ხოლო „გაზპრომ პრომგაზთან“ შეხვედრა აფხაზეთისთვის გაზის მიწოდების ზოგადი სქემის შემუშავებისა და გაზიფიკაციის თემებს მოიცავდა. ოზგანისა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის - ანდრეი ივანოვის შეხვედრა აფხაზეთში ინვესტიციების დაცულობისა და გაზრდის, ასევე, კანონმდებლობათა ჰარმონიზაციისა და აფხაზეთის განვითარებისთვის 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის საკითხებს შეეხო.

სამხედრო წვრთნები

სამხედრო წვრთნები ცხინვალის რეგიონში მე-4 სამხედრო ბაზაზე

  • სამხედრო ბაზაზე ტანკისტებმა ივარჯიშეს. „Т-72Б3“ ტანკების 30-მდე ეკიპაჟმა საშტატო იარაღიდან საბრძოლო სროლები შეასრულა. წვრთნის ფარგლებში უპილოტო საფრენი აპარატებიც გამოიყენეს.
  • სამხედრო ბაზაზე სხვადასხვა ქვედანაყოფის პირადმა შემადგენლობამ პირობითი მოწინააღმდეგის იერიში მოიგერია. ზალპური ცეცხლის მეშვეობით მათ 4 ათასი მეტრის მანძილზე განლაგებული პირობითი მოწინააღმდეგის ტანკები გაანადგურეს.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე საბატალიონო ტაქტიკურმა ჯგუფებმა ორმხრივი სწავლების ფარგლებში პირველად გამოიყენეს ტანკ-სნაიპერი.
  • სამხედრო ბაზაზე რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის სპეციალისტებმა ივარჯიშეს. მათ საბატალიონო ტაქტიკური ჯგუფების ფარული გადაადგილება უზრუნველყვეს.
  • ძარწემის სამხედრო პოლიგონზე პირველად გამოიყენეს Ka-52 „Аллигатор“-ის ტიპის ვერტმფრენები. ავიაციამ მოტომსროლელთა ქვედანაყოფის მხარდაჭერა განახორციელა და პირობითი მოწინააღმდეგის ზურგში მათი უსაფრთხო გადაყვანა უზრუნველყო.

2021 წლის სექტემბერში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.

ეკონომიკის სფეროში თანამშრომლობა

ნავთობის იმპორტი

მოსკოვში ხელი მოეწერა პროტოკოლს, რომელიც საექსპორტო საბაჟო გადასახადის გარეშე რუსეთიდან აფხაზეთში ნავთობპროდუქტების შეტანის მოცულობის გაზრდას ითვალისწინებს. აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 21 სექტემბრის პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ რუსეთიდან დამატებითი მარაგის შემოტანა აფხაზეთში ფასების ხელახლა ზრდის პრევენციას ემსახურება. როგორც ცნობილია, აგვისტოსა და სექტემბერში ნავთობპროდუქტების იმპორტის დაგვიანების გამო აფხაზეთში ზოგიერთ ბენზინგასამართმა სადგურმა ჩვეულ რიტმში ფუნქციონირება ვერ შეძლო, რასაც მოსახლეობის უკმაყოფილებაც მოჰყვა.

თევზის მეურნეობაში თანამშრომლობა

თევზის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობის აფხაზურ-რუსული კომისიის მეშვიდე შეხვედრა სოხუმში ჩატარდა. შეხვედრის ერთ-ერთი მიზანი იყო 2021-2022 წლების შემოდგომა-ზამთრის პერიოდში აფხაზეთის „შავი ზღვის აკვატორიაში“ რუსული თევზსაჭერი გემებისთვის ქაფშიას დაჭერის მაქსიმალური ზღვარის დადგენა.

ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობა

შეხვედრა მოსკოვში

ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის „მინისტრი“ სოსლან ნანიევი მოსკოვში რუსეთის ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს შეხვდა. რუსულმა მხარემ ცხინვალს დახმარება აღუთქვა, მათ შორის კონორავირუსთან ბრძოლასა და ცხინვალის რეგიონის ჯანდაცვის სისტემის მოდერნიზაციაში.

სასწრაფო მანქანები საჩუქრად

დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტრომ 4 სექტემბერს ჩეჩნეთის რესპუბლიკის მიერ გამოგზავნილი სასწრაფო დახმარების ორი მანქანა მიიღო. ბჟანიასა და რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატს, ადამ დელიმხანოვს შორის გამართული მოლაპარაკებების შემდეგ აღნიშნული მანქანები აფხაზეთს უსასყიდლოდ გადაეცა.

 „ორმაგი მოქალაქეობის“ შეთანხმება

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოევმა და რუსეთის „ელჩმა“ ცხინვალის რეგიონში - მარატ კულახმეტოვმა 20 სექტემბერს „ორმაგი მოქალაქეობის“ შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. შეთანხმება მხარეებს უფლებას აძლევს ისე მიიღონ ერთმანეთის „მოქალაქეობა“, რომ საკუთარზე უარი არ თქვან. შეთანხმების მიხედვით, „ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირებს სოციალური დაცვის, განათლების, სამედიცინო სერვისების მიღების უფლება იქ აქვთ, სადაც მუდმივად ცხოვრობენ. თითოეული მხარე უფლებამოსილია მეორის ტერიტორიაზე მცხოვრებ „ორმაგი მოქალაქეობის“ მქონე პირს მსგავსი უფლებები მიანიჭოს. შეთანხმება რატიფიკაციის შემდეგ შევა ძალაში. მას 5 წლიანი ვადა აქვს და ავტომატურად გაგრძელდება 5 წლიანი პერიოდებით, თუკი განახლებამდე 6 თვით ადრე რომელიმე მხარე არ იტყვის უარს.

შეთანხმების ხელმოწერა. წყარო: cominf.org

რუსეთის რეგიონებთან თანამშრომლობა

სერგეი მენიაილოს ინაუგურაცია

ჩრდილოეთ ოსეთის რესპუბლიკა - ალანიას პარლამენტმა საიდუმლო კენჭისყრით რუსეთის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ სამ კანდიდატს შორის რეგიონის ხელმძღვანელად სერგეი მენიაილო აირჩია. მთავრობის სახლში მენიაილოს ფიცის დადების ცერემონიას ბიბილოვიც დაესწრო. ბიბილოვის თქმით, ახალი ხელმძღვანელის არჩევა ცხინვალის რეგიონისთვისაც დიდი მნიშვნელობის მატარებელია, რადგან შეიძლება ერი გაყოფილია, მაგრამ ყოველთვის არის საუბარი იმაზე, რომ „ოსეთი ერთია“.

არხანგელსკის ოლქის დელეგაციის ვიზიტი

ბჟანიამ არხანგელსკის ოლქის გუბერნატორის პირველი მოადგილე ვაგე პეტროსიანი მიიღო. ბჟანიამ ოლქის მიმართ პირადი სიმპატიები გამოხატა, რადგან მისი დეიდა ამ ოლქიდან იყო. სტუმრებმა სოფლის მეურნეობის ობიექტებიც მოინახულეს. სოხუმი და არხანგელსკი 2011 წლიდან დაძმობილებული ქალაქები არიან.

იმიერბაიკალის მხარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილის ვიზიტი

ბჟანიამ იმიერბაიკალის მხარის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანდრეი გურულევი მიიღო, რომელიც სახელმწიფო დუმის არჩევნებში „ერთიანი რუსეთის“ კანდიდატი იყო. საინტერესოა, რომ აფხაზეთში მცხოვრები რუსეთის მოქალექეები მაჟორიტარ დეპუტატს იმიერბაიკალის მხარიდან ირჩევდნენ. გურულევი ადრე მე-7 სამხედრო ბაზაზე მსახურობდა.

კრასნოდარის მხარის პირველი ვიცე-გუბერნატორის ვიზიტი

ანქვაბმა კრასნოდარის მხარის პირველი ვიცე-გუბერნატორი ანდრეი ალექსეენკო მიიღო. მხარეებმა ალექსეენკოს საკურატორო სფეროებში: მშენებლობა, არქიტექტურა, სამოქალაქო თავდაცვა და საგანგებო სიტუაციები - თანამშრომლობაზე ისაუბრეს.