გამოცემა №11 / მიმოხილვის პერიოდი: 1-28 თებერვალი, 2022 / ავტორი: თამთა კაპანაძე
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები
გაზიფიცირების გენერალური გეგმა
აფხაზეთს რუსეთიდან კონტრაქტორი ორგანიზაციის სპეციალისტების დელეგაცია ეწვია, რომელიც გაზიფიკაციის გენერალურ სქემას შეიმუშავებს. შეხვედრა დე ფაქტო ეკონომიკის სამინისტროში გაიმართა. მხარეებმა განიხილეს გასული წლის დეკემბერში დამტკიცებული სამოქმედო გეგმის პირველი ეტაპის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები.
შეხვედრაზე ექსპერტებმა წარმოადგინეს აფხაზეთის გაზიფიკაციის რამდენიმე სცენარი. როგორიცაა ქსელური გაზიფიცირება, ავტონომიური გაზიფიცირება თხევადი ბუნებრივი აირით და ენერგეტიკული ობიექტების გაზიფიცირება.
კონტრაქტორი ორგანიზაციის წარმომადგენლებმა დე ფაქტო ვიცე პრემიერსა და დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრ კრისტინა ოზგანს ადგილობრივი რესურსების პოტენციალის შესასწავლად სამუშაოს შედეგებიც გააცნეს.
შეხვედრა აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის სამინისტროში. წყარო: mineconom-ra.org
ტრანზაქციები გადახდისა და ანგარიშსწორების სისტემაში
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნულ საგადახდო სისტემაში ტრანზაქციების მთლიანმა მოცულობამ 2021 წელს 25,3 მლრდ რუბლი შეადგინა, რაც 8 მლრდ-ით, 47%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. 2021 წლის მონაცემებით, საბანკო ბარათებით განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა წინა წელთან შედარებით გაორმაგდა და 6.3 მლრდ რუბლს გაუტოლდა.
2021 წელს მნიშვნელოვნად გაიზარდა APRA World-ის ბარათებით აფხაზეთის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ტრანზაქციების მოცულობა - 41 მლნ რუბლიდან 66 მლნ რუბლამდე. უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შემდეგ აფხაზურ საბანკო სისტემას დიდი გამოწვევები ელის.
სახსრების შემოდინება
2021 წლისთვის აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საბანკო სისტემის მეშვეობით განხორციელებული სახსრების ტრანსსასაზღვრო ბრუნვამ 97,6 მლრდ რუბლი შეადგინა, რაც 57%-ით მეტია 2020 წელთან შედარებით. საბანკო სისტემის გამოყენებით აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში სახსრების შემოდინება 51,5 მლრდ რუბლს გაუთანაბრდა, ქვეყნიდან თანხების გადინება კი 46,1 მლრდ რუბლი იყო.
2021 წელს გადახდის ძირითადი ვალუტა იყო რუსული რუბლი, რომელიც შეადგენს ტრანსსასაზღვრო ტრანზაქციების მთლიანი მოცულობის 89,2%-ს.
სამახსოვრო მონეტები
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეროვნული ბანკი არაძვირფასი ლითონებისგან დამზადებული სამახსოვრო მონეტების „აფხაზეთის პეპლების“ გამოშვებას გეგმავს. მონეტების ტირაჟი 500-ს შეადგენს. მასზე გამოსახული იქნება აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის გერბის რელიეფური გამოსახულება, მარჯვენა მხარეს პეპლების სტილიზებული ფორმები.
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები
ცხინვალის რეგიონი სურსათის გამოფენაზე
მოსკოვში 7-11 თებერვალს სურსათის 29-ე საერთაშორისო გამოფენა „პროდექსპო-2022“ გაიმართა. პროდუქცია 73 ქვეყნიდან, 2,5 ათასზე მეტმა მონაწილემ გამოფინა.
ცხინვალის რეგიონმა მეოთხედ წარმოადგინა საკუთარი სტენდი, ამჯერად ალკოჰოლური და მინერალური სასმლით. ჯილდო კი სამ ნომინაციაში მიიღო. შპს АпиУотерс-მა ოქროს მედალი მოიპოვა მინერალური წყლისთვის „DZIMUR“, როგორც 2022 წლის საუკეთესო პროდუქტი.
პროდუქციის გამოფენის ორგანიზატორი რუსეთში „სამხრეთ ოსეთის“ სავაჭრო წარმომადგენელი თეიმურაზ გოგინოვი იყო.
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრი, გენადი ბეკოევი მოსკოვში სპეციალურად გამოფენის მოსანახულებლად ჩაფრინდა. მისი თქმით, ყველა ნაბიჯი გადაიდგმება „ეროვნული“ პროდუქციის საერთაშორისო ბაზარზე პოპულარიზაციისათვის.
Prodexpo-ს გამოფენა. წყარო: cominf.org