გამოცემა №12 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 მარტი, 2022 / ავტორი: თამთა კაპანაძე
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის ინფორმაციის მიწოდება აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან რუსეთის ეკონომიკური ურთიერთობების სხვადასხვა სფეროს შესახებ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
რუსეთ-აფხაზეთის ეკონომიკური ურთიერთობები
საერთაშორისო ტურისტული გამოფენა
„აფხაზეთის სავაჭრო-სამრეწველო პალატის“ დელეგაცია „პრეზიდენტ“ თამილა მირცხულავას ხელმძღვანელობით, ტურიზმის სამინისტროსთან ერთად მონაწილეობდა საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში - „MITT-2022“, რომელიც მოსკოვში 15-17 მარტს ჩატარდა.
რუსეთის უკრაინაში შეჭრის მიუხედავად, გამოფენა გრაფიკის მიხედვით მაინც ჩატარდა. გამოფენაზე აფხაზეთი ცალკე პავილიონით იყო წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში გაიმართა გათამაშება, რომელშიც ნებისმიერ მსურველს შეეძლო მონაწილეობა და პრიზების - აფხაზური ღვინის კომპლექტისა და სხვა აფხაზური პროდუქციის, მიღება.
მირცხულავას თქმით, საგამოფენო პლატფორმა ტურისტული ინდუსტრიის განვითარების კარგი საშუალებაა, რაც ხელს უწყობს გაყიდვების ზრდასა და ბრენდების პოპულარიზაციას.
მიმოზების ექსპორტი
თებერვლის დასაწყისიდან აფხაზეთიდან რუსეთში 124 ტონაზე მეტი მიმოზა გაიგზავნა. მიმოზა, ანუ ვერცხლის აკაცია განსაკუთრებით პოპულარულია 8 მარტის წინა დღეებში. ყოველწლიურად თაიგულები აფხაზეთიდან რუსეთის ყველა რეგიონს მიეწოდება. მას ფლორისტები საგაზაფხულო თაიგულების აწყობისას ხშირად იყენებენ. 2021 წელს აფხაზეთიდან 200 ტონაზე მეტი ყვითელი ყვავილი გავიდა ექსპორტზე.
საინვესტიციო პროგრამა
აფხაზეთის დე ფაქტო ხელმძღვანელობამ ის სფეროები განსაზღვრა, რომლებიც 2023-2025 წლების სოციალური და ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის ახალ საინვესტიციო პროგრამაში იქნება ჩართული. ამის შესახებ დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება.
დე ფაქტო მთავრობის წევრებთან შეხვედრაზე ბჟანიამ რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩის სამუშაო ვიზიტის შედეგებზეც ისაუბრა. ვოლვაჩი სოხუმში მარტის დასაწყისში იმყოფებოდა. ვიზიტის დროს, ვოლვაჩმა მომავალ წლებში რუსეთის მხრიდან დაფინანსების შემცირებაზეც ისაუბრა.
2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამა მოიცავს:
ახალი საინვესტიციო პროგრამის ჩამოყალიბება რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ერთად შემუშავებული მიდგომების გათვალისწინებით იგეგმება.
„მირ“-ის ბარათები
აფხაზეთის „ეროვნულმა ბანკმა“ დე ფაქტო რესპუბლიკის მაცხოვრებლებს და სტუმრებს რეკომენდაცია მისცა, რომ აფხაზეთში ყოფნის პერიოდში ისარგებლონ „ეროვნული საგადახდო სისტემისა” (АПРА) და „მირ“-ის საგადახდო სისტემის ბარათებით.
მსგავსი რეკომენდაცია მას შემდეგ გასცეს, რაც უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, რუსეთში „Visa“-სა და „MasterCard“-ის საბანკო ბარათების მომსახურება შეჩერდა.
აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკების გარდა, „მირ“-ის ბარათების გამოყენება შესაძლებელია თურქეთში, ვიეტნამში, სომხეთში, უზბეკეთში, ბელარუსში, ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში. „АПРА“-ს სისტემა ინტეგრირებულია „მირ“-ის სისტემასთან, შესაბამისად, აფხაზური „ბანკების“ ბარათები ყველა ზემოთ ჩამოთვლილ ქვეყანაში მოქმედებს.
რუსეთ-ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური ურთიერთობები
სოფლის მეურნეობის სფეროში თანამშრომლობა
„ცხინვალის რეგიონის 2022-2025 წლების სოციალური და ეკონომიკური განვითარების პროგრამა ხელს შეუწყობს რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის განვითარებას“, განაცხადა დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტმა ანატოლი ბაბილოვმა, ჩრდილოეთ ოსეთის სოფლის მეურნეობისა და სურსათის სამინისტროს დელეგაციასთან შეხვედრაზე.
ბიბილოვმა შეხვედრის დროს მადლობა გადაუხადა რუსეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რომელმაც გასულ წელს ცხინვალის რეგიონს 6 ერთეული ტექნიკა გადასცა.
შეხვედრა ბიბილოვთან. წყარო: cominf.org
სამთო მრეწველობის აღორძინების გეგმა
ცხინვალში ეკონომიკური განვითარების დე ფაქტო სამინისტროსა და შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის რუსეთის ეროვნულ კომიტეტს (РНК ЧЭС) შორის ხელი მოეწერა მემორანდუმს. დოკუმენტს ხელი მოაწერეს ცხინვალის რეგიონის ეკონომიკის დე ფაქტო მინისტრმა ძამბოლატ ტადტაევმა და კომიტეტის თავჯდომარე ვიქტორ არქიპოვმა.
მემორანდუმი ცხინვალში სამთო მრეწველობის აღორძინებას ისახავს მიზნად. დაგეგმილია, კვაისას საბადოზე არსებული სამთო-გადამამუშავებელი ქარხნის რეკონსტრუქცია და მოდერნიზება.