ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2022 / 05 / 03

გამოცემა N20 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 აპრილი, 2022 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

სამხედრო სწავლებები

აფხაზეთში რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზის დანაყოფებმა აპრილში სხვადასხვა სახის სამხედრო წვრთნაში მიიღეს მონაწილეობა:

  • მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები „საიანის მარშში“ მონაწილეობისთვის ემზადებიან. ისინი რუსეთში, კრასნოიარსკის მხარეში გაემგზავრნენ და სწავლების ფარგლებში თხილამურებით 50 კმ. სიგრძის მარშრუტი გაიარეს და 12 სპეციალური დავალება შეასრულეს. „საიანის მარში“ „არმიის საერთაშორისო თამაშების“ პირველი კონკურსია.
  • მეზენიტეებმა პირობითი მოწინააღმდეგის საავიაციო და საზღვაო სარაკეტო შეტევები მოიგერიეს, ასევე დივერსიული და სადაზვერვო ჯგუფების ლიკვიდაცია მოახდინეს. სწავლების დროს გამოიყენეს საზენიტო-სარაკეტო კომპლექსები „С-300“, „Оса-АКМ“ და „Стрела-10“.
  • წებელდის სამხედრო პოლიგონზე საარტილერიო ქვედანაყოფებმა ივარჯიშეს. მათ პირობითი მოწინააღმდეგის 2000-მდე მ.-ის მანძილზე განლაგებული სამიზნეები გაანადგურეს. ასევე შეასრულეს სამხედრო-სამედიცინო, ტექნიკური, ტაქტიკურ-სპეციალური, საცეცხლე მომზადების, რქბ (რადიაციული, ქიმიური, ბიოლოგიური) დაცვის 50-მდე დავალება. წვრთნის დროს გამოიყენეს „Акация“-ს ტიპის 152 მმ.-იანი თვითმავალი ჰაუბიცები.

საარტილერიო ქვედანაყოფების სწავლება წებელდის სამხედრო პოლიგონზე. წყარო: www. apsnypress.info

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

სხვა ღონისძიებები

  • ოსი მკლავჭიდელი ალან ბეტეევი გახდა რუსეთის შეიარაღებული ძალების თასის ჩემპიონი მკლავჭიდში. ბეტეევი ცხინვალის რეგიონში რუსეთის ფედერაციის მე-4 სამხედრო ბაზის გუნდის შემადგენლობის სახელით გამოდიოდა. სპორტსმენი 100 კგ.-მდე წონით კატეგორიაში ასპარეზობდა. შეჯიბრება სანქტ-პეტერბურგში გაიმართა. გამარჯვებულები 22 აპრილს საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გამოავლინეს.
  • რეგიონში აქტიურად ემზადებიან „დიდ სამამულო ომში გამარჯვების“ 77-წლისთავისადმი მიძღვნილი დღისთვის, რომელიც 9 მაისს აღინიშნება. სამხედრო აღლუმში მონაწილეობას მიიღებენ დე ფაქტო შეიარაღებული ძალებისა და რუსეთის მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეები, საერთო ჯამში - 800-მდე პირი. ასევე წარმოდგენილი იქნება 40 ერთეული საბრძოლო ტექნიკა. პირადი შემადგენლობა საზეიმო ღონისძიებებისთვის ყოველდღიურად ემზადება.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.