ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2022 / 07 / 01

გამოცემა N22 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ივნისი, 2022 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი დონბასის რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

სხვა ღონისძიებები

  • 4 ივნისს მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებმა შავი ზღვის სანაპიროს მიმდებარე ტერიტორია - საერთო ჯამში, 50 ათას კვ. მ.-ზე მეტი - ნარჩენებისგან გაასუფთავეს. შეგროვებული ნარჩენები კი ეკოლოგიური სტანდარტების შესაბამისად გაანადგურეს. აქცია „სუფთა სანაპირო“ წელიწადში ორჯერ ტარდება - ივნისში და ოქტომბერში. აქციაში არა მხოლოდ სამხედრო მოსამსახურეები, არამედ მათი ოჯახის წევრებიც მონაწილეობენ.
  • 21 ივნისს აფხაზეთში რუსი „სამშვიდობოების“ ხსოვნას პატივი მიაგეს. აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული რუსი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკეს. ადგილობრივი ცნობით, რუსეთის „სამშვიდობო“ ოპერაცია ოფიციალურად 2008 წლის 1 სექტემბერს დასრულდა.
  • 21 ივნისს ქ. სოხუმში ასევე გაიმართა აქცია „ხსოვნის სანთელი“, რომელიც „დიდი სამამულო ომის“ დაწყების 81-წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების მონაწილეებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

სხვა ღონისძიებები

  • ივნისის დასაწყისში რეგიონში რუსული სამხედრო დანიშნულების ტექნიკა ჩაიტანეს. ერთობლივი შეთანხმების საფუძველზე, რუსეთი წინასწარ განსაზღვრული განრიგის მიხედვით განაგრძობს საბრძოლო ტექნიკისა და იარაღის მიწოდებას ცხინვალის რეგიონისთვის. ახალი ტექნიკის სწორად გამოყენების მიზნით, პირად შემადგენლობას თეორიული და პრაქტიკული სწავლებები უტარდება. ისინი შეისწავლიან ტაქტიკურ და ტექნიკურ მახასიათებლებს, ასევე გამოყენებისა და უსაფრთხოების წესებს.

რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონისთვის გადაცემული სამხედრო ტექნიკა. წყარო: cominf.org

  • რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხის, „Звезда“-ს ჟურნალისტები 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმს იღებენ. მათ ინტერვიუები უკვე ჩამოართვეს დე ფაქტო თავდაცვის მინისტრსა და ომის ვეტერანებს. ფილმში ხაზგასმული იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების როლი კონფლიქტის დარეგულირებაში.
  • 11-დან 20 მაისამდე გაგრძელდა რუსეთის თავდაცვის სამინისტროს უმაღლეს სამხედრო სასწავლებლებში სწავლის მსურველთა რეგისტრაცია. აბიტურიენტებს 17 უმაღლეს სამხედრო სასწავლებელში შეეძლოთ განცხადებების შეტანა. მისაღები გამოცდები 20 ივნისს დაიწყო - აბიტურიენტებს უკვე ჩაუტარდათ სამედიცინო შემოწმება და ფსიქოლოგიური ტესტირება; მათ ასევე ჩააბარეს ფიზიკური ნორმატივები, რუსული ენისა და სხვა შიდა გამოცდები.
  • 22 ივნისს უკრაინაში რუსეთის მხარეს მებრძოლი მოხალისე, მარატ ჯიოევი დაკრძალეს. დე ფაქტო პრეზიდენტის ბრძანებით, ჯიოევი „მამულის მცველის“ მედლით დააჯილდოვეს.
  • 29 ივნისს დე ფაქტო შეიარაღებული ძალების ვეტერანები, რომლებიც 2004-2008 წლებში ქართულ „აგრესიას“ ებრძოდნენ, უწყებრივი მედლებით დააჯილდოვეს. მედლები მათ პოლკოვნიკმა ვლადიმირ პუხაევმა გადასცა.
  • დე ფაქტო შეიარაღებული ძალების წვევამდელები ფიზიკურ მომზადებას გადიან. წვრთნები მიზნად ისახავს ისეთი მახასიათებლების გაუმჯობესებას, როგორებიცაა ამტანობა, ძალა, სისწრაფე და მოხერხებულობა.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.