გამოცემა: N42 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 ივნისი, 2022
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
კურატორების ვიზიტი
ვიტალი გუდინის ვიზიტი ცხინვალში
23 ივნისს ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრემიერ-მინისტრმა კონსტანტინ ჯუსოევმა რუსეთის დელეგაცია მიიღო, რომლის ხელმძღვანელიც რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი ვიტალი გუდინი იყო. შეხვედრაზე 2020-2022 წლების საინვესტიციო პროგრამის მიმდინარეობა და 2023-2025 წლების საინვესტიციო პროგრამის ფორმირების საკითხებიც განიხილეს. 2022 წელს ცხინვალის რეგიონში რუსული დაფინანსებით 20 პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი.
დიმიტრი ვოლვაჩის ვიზიტი სოხუმში
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი, რომელიც სამინისტროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია, სოხუმს ეწვია. ვიზიტის პირველ დღეს ვოლვაჩმა რუსული დაფინანსებით მიმდინარე პროექტები მოინახულა. 28 ივნისს ვოლვაჩი დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას შეხვდა, 29 ივნისს კი - დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს. ვიზიტის დასასრულს ვოლვაჩმა ადგილობრივ ტელევიზიას ინტერვიუც მისცა.
იგორ მასლოვის ვიზიტი სოხუმში
30 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი მიიღო, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. აფხაზეთში ვიზიტის ფარგლებში მასლოვმა რუსეთის დელეგაციასთან ერთად რუსული დაფინანსებით მშენებარე პროექტებიც მოინახულა. მასლოვის განცხადებით, მათი მიზანია 2025 წლისთვის აფხაზეთის სოციალურ-ეკონომიკური მაჩვენებლები რუსეთის სამხრეთის ფედერალური ოლქის მაჩვენებლებს გაუთანაბრდეს.
ასლან ბჟანიას შეხვედრა იგორ მასლოვთან. წყარო: presidentofabkhazia.org
ოზგანის შეხვედრები რუსეთში
20 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო ეკონომიკის მინისტრი კრისტინა ოზგანი მოსკოვში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ტრანსპორტის, ეკონომიკური განვითარებისა და ენერგეტიკის სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე ევგენი გრაბჩაკთან ოზგანმა მრიცხველების დაყენების, საწვავის ფასისა და ელექტროქსელების მოდერნიზაციის საკითხიც განიხილა. ეკონომიკის სამინისტროში რუსულ ნავთობპროდუქტებზე ფასების დაწევაზე ისაუბრეს. ტრანსპორტის სამინისტროში კი ავიამიმოსვლისა და აფხაზურ-რუსული „საზღვრის“ გადალახვის საკითხები განიხილეს. მანამდე, 17 ივნისს, სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში ოზგანი დიმიტრი ვოლვაჩს შეხვდა.
გაგლოევის შეხვედრები მოსკოვში და „რეფერენდუმის“ საკითხი
15 ივნისს მოსკოვში ვიზიტად მყოფი ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი ურთიერთობების საკვანძო თემები და საგარეო პოლიტიკის კოორდინაციის საკითხები განიხილეს, მათ შორის ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიმდინარეობა. ლავროვმა გაგლოევს მადლობა გადაუხადა დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკების ჰუმანიტარული დახმარების გამო. შეხვედრის დროს ლავროვმა პოზიტიურად შეაფასა გაგლოევის გადაწყვეტილება ე.წ. სასაზღვრო გამშვები პუნქტების დროებითი გახსნის თაობაზე. 14 ივნისს გაგლოევი ეკონომიკური განვითარების მინისტრ მაქსიმ რეშეტნიკოვსაც შეხვდა.
15 ივნისს მოსკოვში ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკის რუსეთთან შეერთების შესახებ რეფერენდუმის ჩატარების საკითხზე კონსულტაციები გაიმართა. გაგლოევის წინამორბედმა ანატოლი ბიბილოვმა „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის“ რუსეთთან შეერთების საკითხზე რეფერენდუმის დანიშვნის გადაწყვეტილება 13 მაისს მიიღო. რეფერენდუმი 17 ივლისს დაინიშნა. არალეგიტიმურ საპრეზიდენტო არჩევნებში ბიბილოვის მარცხის შემდეგ, გაგლოევმა რეფერენდუმის ჩატარება გაურკვეველი დროით გადადო. თუმცა, მან ამ საკითხზე მოსკოვთან კონსულტაციების გამართვის პირობა დადო.
რუსეთის მხრიდან კონსულტაციებში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე დიმიტრი კოზაკი, ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე კონსტანტინ კოსაჩევი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის უცხო ქვეყნებთან რეგიონთაშორისი და კულტურული კავშირების სამმართველოს უფროსი იგორ მასლოვი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე რაშიდ ნურგალიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ანდრეი რუდენკო, დე ფაქტო რესპუბლიკაში რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, პრეზიდენტის ადმინისტრაციის საზღვრისპირა თანამშრომლობის სამმართველოს უფროსის მოადგილე სერგეი ბოვენკო. აღნიშნული პირები რუსეთში აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის კურატორები არიან.
16 ივნისს მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში გაგლოევი რუსეთის შს მინისტრის მოადგილეს იგორ ზუბოვს შეხვდა. ზუბოვი სამინისტროში საქართველოს ოკუპირებული რეგიონების კურატორია. შეხვედრაზე 2015 წლის 18 მარტს მოკავშირეობისა და ინტეგრაციის შეთანხმების განხორციელების საკითხები განიხილეს. ამავე დროს შეხვედრაზე შს ორგანოების ერთობლივი საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრის მუშაობის ეფექტურობის ამაღლების, კადრების მომზადებისა და სამართალდამცავ სფეროში საქმიანობის სხვადასხვა ასპექტი განიხილეს.
სამხედრო წვრთნები
რუსეთის ფედერაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი დონბასის რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
2022 წლის ივნისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების საქმიანობის დეტალური მიმოხილვა იხ. აქ.
„გენერალური პროკურორები“ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ
9 ივნისს აფხაზეთის ე.წ. გენერალურმა პროკურორმა რუსეთის გენერალურ პროკურორთან თანამშრომლობის შესახებ განახლებულ შეთანხმებას მოაწერა ხელი. რუსული მხარე აფხაზებს პროფესიულ მომზადებასა და კვალიფიკაციის ამაღლებაშიც დაეხმარება.
შეხვედრა ანა კუზნეცოვასთან
10 ივნისს აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკაში ბავშვთა უფლებების საკითხებში რწმუნებული მაკტინა ჯინჯოლია რუსეთის სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილემ, ანა კუზნეცოვამ მიიღო, რომელიც ადრე რუსეთის ბავშვთა ომბუდსმენი იყო.
შეხვედრა სახელმწიფო დუმაში. წყარო: sputnik-abkhazia.ru
რუსეთის „რბილი ძალა“
კრემლის ფესტივალი
გუდაუთის ბავშვთა ცეკვის თეატრმა „Аураща“-მ კრემლის ფესტივალზე გრან-პრი მოიპოვა. ფესტივალი „კრემლის ვარსკვლავები“ 11-13 ივნისს ქ. მოსკოვში გაიმართა.
„Звезда“-ს ჟურნალისტები
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ტელეარხის, „Звезда“-ს ჟურნალისტები 2008 წლის აგვისტოს ომზე ფილმს იღებენ. ფილმში ხაზგასმული იქნება რუსეთის შეიარაღებული ძალების როლი „კონფლიქტის დარეგულირებაში“.
რუსი „სამშვიდობოების“ ხსოვნა
21 ივნისს აფხაზეთში რუსი „სამშვიდობოების“ ხსოვნას პატივი მიაგეს. აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებმა დაღუპული რუსი ჯარისკაცების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.
რუსი ჯარისკაცების მემორიალი. წყარო: sputnik-abkhazia.ru
აქცია „ხსოვნის სანთელი“
21 ივნისს ქ. სოხუმში გაიმართა აქცია „ხსოვნის სანთელი“, რომელიც „დიდი სამამულო ომის“ დაწყების 81-წლისთავს მიეძღვნა. ღონისძიების მონაწილეებმა უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკეს.
„სახელმწიფო“ უნივერსიტეტის რექტორი მოსკოვში
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „სახელმწიფო“ უნივერსიტეტის (ЮОГУ) რექტორი ვადიმ თედეევი სამუშაო ვიზიტით ქ. მოსკოვში იმყოფებოდა.