გამოცემა N23 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 ივლისი, 2022 / ავტორი: ანი ზირაქაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.
** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი დონბასის რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში
- 7 ივლისს „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის უწყების ხელმძღვანელთა ერთობლივი სხდომა მოიწვია. მხარეებმა „აფხაზეთის ტერიტორიაზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზის შესახებ აფხაზეთისა და რუსეთის შეთანხმების“ რეალიზაციის საკითხი განიხილეს. სხდომას ესწრებოდნენ უსაფრთხოების „საბჭოს“ მდივანი სერგეი შამბა, თავდაცვის „მინისტრი“ ვლადიმირ ანუა, მისი პირველი მოადგილე ბესლან ცვიჟბა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს საზღვაო ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე. ბჟანიამ უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, „რუსეთთან სამხედრო თანამშრომლობა კიდევ უფრო აქტუალური ხდება.“
- 25 ივლისს მე-7 სამხედრო ბაზის დაარსების 104-წლისთავი აღნიშნეს. ვეტერანებსა და მოქმედ სამხედრო მოსამსახურეებს ჯილდოები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. გაიმართა სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების გამოფენაც.

ასლან ბჟანია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს ხვდება. წყარო: abkhazinform.com
რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში
სამხედრო წვრთნები
- 31 ივლისს მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეებს ანტიტერორისტული სწავლება ჩაუტარდათ. წვრთნის ფარგლებში პირობითმა ტერორისტებმა სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე შეპარვა და საიდუმლო დოკუმენტების ხელში ჩაგდება სცადეს, თუმცა სამხედროებმა მათი თავდასხმა წარმატებით მოიგერიეს. წვრთნაში 50-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე და 10-მდე ერთეული საბრძოლო ტექნიკა იყო ჩართული.
სხვა ღონისძიებები
- მე-4 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურე ასტემრ ცხურბათი, რომელიც ამჟამად დონბასში რუსეთის მხარეს იბრძვის, გამოჩენილი სიმამაცისთვის ჟუკოვის მედლით დააჯილდოვეს.
- 14 ივლისს „მშვიდობისმყოფელების“ დღე აღნიშნეს. საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ „პრეზიდენტი“ ალან გაგლოევი, რუსეთის „ელჩი“ მარატ კულახმეტოვი, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები და სხვ.
- რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის უწყებას სამხედრო-საინჟინრო ტექნიკა და ტექნიკური მომსახურების პუნქტი გადასცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ალან გაგლოევი, მარატ კულახმეტოვი და სხვ. საპატიო სტუმრებმა სიმბოლურად წითელი ლენტი გაჭრეს. „ჩვენ ყველას გვახსოვს, თუ როგორ უჭერდა მხარს რუსეთი სამხრეთ ოსეთს ყველაზე რთულ მომენტში. ჩვენ ვაფასებთ იმ წვლილს, დახმარებას, რომელსაც დღესაც ვხედავთ და ვგრძნობთ,“ - აღნიშნა გაგლოევმა.
- ტანკისტები „სატანკო ბიათლონში“ მონაწილეობისთვის ქ. მოსკოვში 4 აგვისტოს მიემგზავრებიან. „სატანკო ბიათლონი“ რიგით მე-8 „არმიის საერთაშორისო თამაშების“ ერთ-ერთი კონკურსია, რომელშიც რეგიონის ტანკისტები უკვე მესამედ მონაწილეობენ.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.