გამოცემა N24 / მიმოხილვის პერიოდი: 1-31 აგვისტო, 2022 / ავტორი: ელენე მინდიაშვილი
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.
* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.
** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი დონბასის რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.
რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში
სამხედრო წვრთნები
- რუსეთის სამხედრო ბაზაზე კონტრტერორისტული ქვედანაყოფების მონაწილეობით სწავლება გაიმართა.
- წებელდის სამხედრო პოლიგონზე გამნაღმველთა სწავლება გაიმართა. სწავლება ეხებოდა ასაფეთქებელი ნივთიერებების, რელიეფის და ობიექტების გაწმენდის სპეციფიკას, საინჟინრო ბარიერების მონტაჟს, სატანკო და საარტილერიო დანაყოფების პოზიციების აღჭურვას.
სხვა ღონისძიებები
- 10 აგვისტოს რუსეთის ფედერაციის „ელჩი“ აფხაზეთში მიხაილ შურგალინი აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრ ვლადიმერ ანუას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივებზე ისაუბრეს.
- 11 აგვისტოს აფხაზეთის დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროს სამხედრო მოსამსახურეებმა კონკურსში „სნაიპერული ზღვარი“ მიიღეს მონაწილეობა.

კონკურსი „სნაიპერული ზღვარი“. წყარო: apsnypress.info
- 19-21 აგვისტოს სოხუმში სამხედრო-ტექნიკური ფორუმი „არმია 22“ მიმდინარეობდა. საერთაშორისო ფორუმის ფარგლებში საგანგებოდ მომზადებულ საგამოფენო სივრცეში სამხედრო ტექნიკის 250-მდე ერთეული გამოიფინა მათ შორის BTR-82AM ჯავშანტრანსპორტიორი, საზენიტო სარაკეტო სისტემები, მრავალჯერადი სარაკეტო გამშვებები, ჯავშანტექნიკა, ქვემეხები, საკომუნიკაციო სადგურები, ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსები და სხვა სახის იარაღი.
- 24 აგვისტოს აფხაზმა კადეტებმა, რომლებიც სწავლას რუსეთის შს სამინისტროს დაქვემდებარებაში მოქმედ სხვა და სხვა უნივერსიტეტებში გააგრძელებენ, სამხედრო ფიცი დადეს.
რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში
სხვა ღონისძიებები
- ტანკისტებმა ცხინვალის რეგიონიდან 13-27 აგვისტოს მოსკოვში გამართულ საერთაშორისო საარმიო თამაშში „სატანკო ბიატლონი“ მიიღეს მონაწილეობა, რომელიც მოსკოვის მახლობლად რუსეთის თავდაცვის სამინისტროს „ალაბინოს“ პოლიგონზე უკვე რამდენიმე წელია იმართება. „სატანკო ბიატლონი“ სამ ეტაპიანი შეჯიბრისაგან შედგება. მონაწილე სატანკო ეკიპაჟების დავალებაა მაქსიმალურად სწრაფად დაფარონ განსაზღვრული მანძილი და ზუსტად ამოიცნონ, მიზანში ამოიღონ, მოიგერიონ/გაანადგურონ სამიზნე ობიექტი. შეჯიბრის პირველ ეტაპზე დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის ეკიპაჟმა პირველი ადგილი დაიკავა, თუმცა მეორე ეტაპზე კონკურსიდან ტექნიკის გაუმართაობის გამო მოხსნეს.
- ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერმა ალან გაგლოევმა „თავდაცვის მინისტრის“ პოსტზე რუსი ოფიცერი მარატ პავლოვი დანიშნა.
2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.