გამოცემა: N45 / მიმოხილვის პერიოდი: 1-30 სექტემბერი, 2022
„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში კრემლის პოლიტიკის მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ - ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველს აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის პოლიტიკასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაცია მივაწოდოთ. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებს.
რუსეთის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფცია
2022 წლის 5 სექტემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გამოსცა ბრძანება (611) უცხოეთში რუსეთის ფედერაციის ჰუმანიტარული პოლიტიკის კონცეფციის შესახებ. დოკუმენტის 26-ე გვერდზე ნახსენებია საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებთან, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან ურთიერთთანამშრომლობის გაღრმავების საკითხიც. კონცეფციის მიხედვით, პრიორიტეტულ ამოცანად რჩება აფხაზეთთან, ცხინვალის რეგიონთან, დონეცკისა და ლუჰანსკის ე.წ. სახალხო რესპუბლიკებთან, დსთ-ის ქვეყნებთან თანამშრომლობის გაღრმავება კულტურის, განათლების, მეცნიერების, სპორტის, ახალგაზრდული პოლიტიკისა და ტურიზმის სფეროში (94-ე მუხლი).
ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი აფხაზეთში
28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრე ლუკაშენკო მოულოდნელად ეწვია აფხაზეთს. დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ ბიჭვინთის „სახელმწიფო აგარაკზე“ უმასპინძლა სტუმარს. ლუკაშენკოს განცხადებით, იგი ბოლოს აფხაზეთში 25 ან 27 წლის წინათ იმყოფებოდა, როდესაც პარლამენტის რიგითი წევრი იყო. მისი თქმით, მან წინა დღით, სოჭში, რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრაზე აფხაზეთის საკითხიც განიხილა და შეთანხმდნენ, რომ აფხაზეთის მიტოვება არ შეიძლება და მას უნდა დაეხმარონ. ლუკაშენკოს თქმით, მისი ვიზიტი რაიმე განსაკუთრებულ ვითარებას არ უკავშირდება.
ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტი აფხაზეთში. წყარო: presidentofabkhazia.org
ინალ არძინბა სერგეი ლავროვს შეხვდა
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა მოსკოვში ვიზიტის ფარგლებში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვს შეხვდა. შეხვედრაზე ორმაგი მოქალაქეობის საკითხის დარეგულირების შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. უახლოეს პერიოდში დე ფაქტო რესპუბლიკის მოქალაქეებიისთვის რუსეთის მოქალაქეობის მიღება გამარტივდება. მათი ბოლო პირისპირ შეხვედრა გასული წლის დეკემბერში იყო.
აფხაზეთის „ჯანდაცვის სამინისტრომ“ მემორანდუმი გააფორმა
აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის სამინისტროსა და რუსეთის ფედერაციის მომხმარებელთა უფლებების დაცვისა და ადამიანის კეთილდღეობის ზედამხედველობის ფედერალურ სამსახურს შორის „თანამშრომლობის მემორანდუმი“ გაფორმდა. სანიტარული და ეპიდემიოლოგიური კეთილდღეობის უზრუნველყოფის სფეროში თანამშრომლობის „მემორანდუმს“ ხელი მოსკოვში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე მოაწერეს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური სამსახურის დაარსებიდან 100 წლისთავს ეძღვნებოდა. ღონისძიებაზე საპატიო სტუმრად მიწვეული იყო აფხაზეთის დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრი ედუარდ ბუთბა.
კურატორის ვიზიტი
რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილე დიმიტრი ვოლვაჩი ცხინვალში სამუშაო ვიზიტით იმყოფებოდა. ვიზიტის ძირითადი მიზანი „ცხინვალის რეგიონის სოციალური და ეკონომიკური განვითარების 2022-2025 წლების პროგრამის“ რამდენიმე პუნქტის დეტალური განხილვა იყო. რუსული მხარის განცხადებით, მათი მთავარი მიზანი ცხინვალის რეგიონის ეკონომიკური მდგრადობის ხელშეწყობაა. როგორც ვოლვაჩმა შეხვედრისას განაცხადა, რუსეთის პარტნიორობა ცხინვალის რეგიონთან სტრატეგიულ ხასიათს ატარებს, შესაბამისად ეკონომიკური განვითარების სამინისტრო უკვე აწარმოებს მსხვილ რუსულ ბანკებთან მოლაპარაკებას ცხინვალის რეგიონში ინვესტიციების განსახორციელებლად.
რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაცია ცხინვალს ეწვია
ცხინვალში გაიმართა ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო მთავრობის შეხვედრა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს დელეგაციასთან. დე ფაქტო მთავრობის თავმჯდომარე კონსტანტინე ჯუსოევი შეხვდა რუსეთის ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანამშრომელთა ჯგუფს, რომელსაც ხელმძღვანელობდა სპეციალური პროგრამებისა და პროექტების დეპარტამენტის დირექტორი - ვიტალი გუდინი. ჯუსოევის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო „რესპუბლიკის“ სოციალურ-ეკონომიკურ განვითარებას.
ვიზიტი ჩრდილოეთ კავკასიაში
ყარაჩაეთ-ჩერქეზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 100 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობა მიიღეს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო ლიდერებმაც, ასლან ბჟანიამ და ალან გაგლოევმა. მათ მონაწილეობა მიიღეს სხვადასხვა საზეიმო ღონისძიებებში. 11 სექტემბერს ბჟანია ადიღეს რესპუბლიკის მეთაურის, მურატ კუმპილოვის ინაუგურაციასაც დაესწრო.
„თავდაცვის მინისტრის“ ვიზიტი მოსკოვში
ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო თავდაცვის მინისტრი მარატ პავლოვი სამუშაო ვიზიტით მოსკოვში იმყოფებოდა. პავლოვის თქმით, შეხვედრების ძირითადი თემა სამხედრო მოსამსახურეების სოციალური უზრუნველყოფის დონის გაზრდას შეეხებოდა. პავლოვის განცხადებით, რუსეთის დახმარებით ხელფასების მომატება სამ ეტაპად განხორციელდება. მესამე ეტაპი 2024 წლის 1 იანვარს დაიწყება. რუსი ოფიცერი მარატ პავლოვი „მინისტრად“ 23 აგვისტოს დაინიშნა. 38 წლის პავლოვი 2001 წლიდან რუსეთის შეიარაღებულ ძალებში მსახურობს. იგი საბრძოლო მოქმედებების ვეტერანიც არის და დაჯილდოებულია რუსეთის სახელმწიფო და უწყებრივი ჯილდოებით.
დიმიტრი ჩერნიშენკოს ვიზიტი აფხაზეთში
რუსეთის პრემიერ-მინისტრის მოადგილე დიმიტრი ჩერნიშენკო აფხაზეთში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში ასლან ბჟანიას შეხვდა. შეხვედრის საკვანძო საკითხი ტურიზმის ინდუსტრიის განვითარება იყო.
შეხვედრა ჩერნიშენკოსთან. წყარო: presidentofabkhazia.org