ყოველთვიური მიმოხილვა

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა

2022 / 10 / 04

გამოცემა N25 / მიმოხილვის პერიოდი1-30 სექტემბერი, 2022 ავტორიელენე მინდიაშვილი

„აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის სამხედრო ძალების მიმოხილვა“ მზადდება პროექტის - „კრემლის პოლიტიკის გზამკვლევი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ ფარგლებში. მიმოხილვის მიზანია მკითხველისთვის აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებული რუსეთის ფედერაციის სამხედრო ძალების წვრთნებისა და რუსეთის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ ინფორმაციის მიწოდება. მიმოხილვა გამოდის თვეში ერთხელ და გამოადგება გადაწყვეტილების მიმღებთ, საჯარო მოხელეებს, მედიის, საერთაშორისო სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებსა თუ სხვებს, ვისაც საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში კრემლის პოლიტიკა აინტერესებთ.

 

* შენიშვნა: აღნიშნული მიმოხილვა არ მოიცავს ინფორმაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზების სამხედრო მოსამსახურეებისა და აფხაზეთიდან თუ ცხინვალის რეგიონიდან რუსეთ-უკრაინის ომში მებრძოლი მოხალისეების შესახებ.

** შენიშვნა: რუსეთის ფედერაციას მე-4 და მე-7 სამხედრო ბაზის სამხედრო მოსამსახურეთა ძირითადი ნაწილი დონბასის რეგიონში, უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად ჰყავს გაგზავნილი. აქედან გამომდინარე, აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში სამხედრო წვრთნების რაოდენობა მნიშვნელოვნადაა შემცირებული.

რუსეთის სამხედრო ძალები აფხაზეთში

მე-7 სამხედრო აზის სამხედრო წვრთნები

  • მე-7 სამხედრო ბაზის საზენიტო-სარაკეტო ქვედანაყოფების სამხედროებმა ანტისაჰაერო თავდაცვის საშუალებების გამოყენებით პირობითი მოწინააღმდეგის 30-ზე მეტი სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს. წვრთების დროს სამხედროებმა რუსული წარმოების საფრენი აპარატები: „Орлан“-ი, „Застава“ და „Гранат“-ი გამოიყენეს.

აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების  სამხედრო წვრთნები

  • აფხაზეთის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების მე-2 ცალკეული მოტომსროლელი ბატალიონის სატანკო ასეულმა ნაგვალოუს სამხედრო პოლიგონზე ტაქტიკური სწავლება გაიარა.

ერთობლივი წვრთნები

  • აფხაზეთის ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებმა რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის სამხედროებთან ერთად ანტიტერორისტული სწავლება „ПОРТ-2022“ მოაწყვეს. სწავლების მიზანი ტერორიზმთან და პოლიტიკურ ექსტრემიზმთან ბრძოლა იყო.  წვრთნების დროს გაანეიტრალეს პირობითი დივერსიული დაჯგუფება, რომელსაც საზღვაო პორტის ტერიტორიაზე აყვანილი ჰყავდა მძევლები. წვრთნაში ჩართული იყო ჯავშანტექნიკა, მცურავი საშუალებები, სნაიპერები, მყვინთავები, სასწრაფო დახმარებისა და სახანძრო სამაშველო ბრიგადები.

 ასლან ბჟანია სამხედრო წვრთნა „ПОРТ-2022“-ს დაესწრო. წყარო: Presidentofabkhazia.org

რუსეთის სამხედრო ძალები ცხინვალის რეგიონში

მე-4 სამხედრო აზის სამხედრო წვრთნები

  • მე-4 სამხედრო ბაზის რადიოელექტრონული ბრძოლის დანაყოფის სამხედროებმა თანამედროვე კომპლექს „Борисоглебск-2“-ის გამოყენებით პირობით მოწინააღმდეგის რადიოსიხშირეები ჩაახშეს.

ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო შეიარაღებული ძალების საქმიანობა

  • 1 სექტემბერს ცხინვალში დე ფაქტო შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების ბატალიონის სამხედროებმა ფიზიკური ნორმატივები ჩააბარეს.
  • დე ფაქტო თავდაცვის სამინისტროში ის სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვეს, რომლებმაც არმიის საერთაშორისო თამაშების „სატანკო ბიატლონის“ კონკურსში მიიღეს მონაწილეობა.
  • დე ფაქტო თავდაცვის მინისტრმა მარატ პავლოვმა „სამხრეთ ოსეთის შეიარაღებული ძალების“ ჯარისკაცებისთვის თანამდებობრივი სარგოს 20%-ით გაზრდა დააანონსა. მისი თქმით, გადაწყვეტილება დე ფაქტო პრეზიდენტ ალან გაგლოევის მოსკოვში ვიზიტის დროს მიიღეს და ძალაში მიმდინარე წლის ოქტომბრიდან შევა.
  • 12 სექტემბერს მარატ პავლოვი რუსეთში სამუშაო ვიზიტით ეწვია სამხედრო-სამედიცინო აკადემიას, კავშირგაბმულობის სამხედრო აკადემიასა და რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო უნივერსიტეტს. პავლოვმა იქ მყოფი ოსი იუნკერები მოინახულა და მათი აკადემიური მოსწრება შეამოწმა.

 

2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში რუსეთის საოკუპაციო ძალები განთავსდა. 2010 წელს რუსეთმა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დე ფაქტო რესპუბლიკებთან ხელი მოაწერა შეთანხმებებს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ტერიტორიებზე გაერთიანებული რუსული სამხედრო ბაზების 49 წლის ვადით განთავსების შესახებ. აფხაზეთის ტერიტორიაზე განთავსებულია რუსეთის მე-7 სამხედრო ბაზა, ცხინვალის რეგიონში კი - მე-4 სამხედრო ბაზა. ორივე მათგანი რუსეთის ფედერაციის სამხრეთის სამხედრო ოლქის შემადგენლობაში შედის.